იყო პერიოდი, როცა „გურიაში“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, სულ მცირე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრეი ივანოვი გახლდათ, რომელიც გუნდში 1990 წელს ჩაირიცხა, თუმცა იმის გამო, რომ „გურია“ და თბილისის „დინამო“ სსრკ-ის ჩემპიონატიდან გავიდნენ, ლანჩხუთელთა რიგებში მხოლოდ ამხანაგური მატჩების ჩატარება მოასწრო.
როგორც რუსული პრესა წერდა, ანდრეი შეიძლება ყოფილიყო ნიკოლაი გოგოლის ან ანტონ ჩეხოვის მიერ შექმნილი რუსული ლიტერატურის პერსონაჟი, მაგრამ ივანოვი იყო ძალიან რეალური, ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც ფეხბურთის თამაშის უზარმაზარი ნიჭი ჰქონდა და რომელიც ზოგჯერ საბჭოთა ფეხბურთში და მოგვიანებით რუსულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მცველად ითვლებოდა.
1967 წელს მოსკოვში დაიბადა და 14 წლის ასაკში ჩაირიცხა „სპარტაკის“ სკოლაში. ლეგენდარულმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ბესკოვმა ხაზი გაუსვა მის ტექნიკურ და ტაქტიკურ ხარისხს, რაც უჩვეულო იყო 1,93 მ მცველისთვის და მალევე გაირკვა, რომ ის იქნებოდა ახალი ვარსკვლავი.
…იმ დროს 22 წლის იყო, მოსკოვის „სპარტაკის“ სტილში აღზრდილი, ტექნიკური, ტაქტიკურად განსწავლილი ფეხბურთელი, თუმცა, როცა გუნდში ოლეგ რომანცევი მივიდა, ივანოვს „სპარტაკის“ დატოვება მოუწია. მიზეზი არა მხოლოდ სპორტული გახლდათ – დალევა უყვარდა და ალკოჰოლის მიღებას სხვისი თანდასწრებითაც არ ერიდებოდა.
ივანოვის გადმოსვლის წინ, „გურიამ“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მეორედ მიიღო და მთელი ქალაქი ხარობდა. თითქმის, ყოველ საღამოს წვეულებები იყო და ღვინო წყალივით ჩქეფდა. ივანოვი იმან გადაარჩინა, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის თხოვნით, ყველა ქართულ კლუბს სსრკ-ის ჩემპიონატი უნდა დაეტოვებინა და ასეც მოხდა, ანდრეი კი უკან, „სპარტაკში“ გაემგზავრა.
იქ პირობა წაუყენეს – არ უნდა დაელია. ფეხბურთელი ნარკოლოგთან დადიოდა და 10 წლის მანძილზე 1 ჭიქა არ დაულევია, დაოჯახდა და ვაჟიშვილიც შეეძინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო კულტურული ადამიანი, უყვარდა თეატრი, ისწავლა იტალიურად ლაპარაკი იმ იმედით, რომ კარიერის სერია ა-ში გაგრძელებას მოახერხებდა. ეს 1991 წელს შვედეთში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, როცა ლეგენდარული ჯანლუკა ვიალი „დაკეტა“.
ივანოვი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და 1994 წლის მუნდიალზეც ითამაშებდა, რომ არა რუსულ ფეხბურთში მომხდარი ცნობილი მოვლენა – „თოთხმეტეულის წერილი“, რომელშიც ნაკრების 14-მა წევრმა ფედერაცია და გუნდის მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა. მაშინ ფეხბურთელების ნაბიჯის წინააღმდეგ ოთარ კვანტრიშვილიც კი გამოვიდა. მოკლედ, მას შემდეგ ივანოვი ნაკრებში აღარ გამოუძახიათ.
ამის მიუხედავად, საკლუბო კარიერა კარგად მიდიოდა. „სპარტაკის“ შემდეგ „დინამოში“ გადავიდა, მერე იყოს ცსკა, ავსტრიული „ტიროლი“ და გერმანული „ფიურტი“. აი, გერმანიაში, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ტრადიციულ ბანკეტზე ივანოვმა 1 ჭიქა შამპანიური დალია და… ვეღარ გაჩერდა… 2000 წელს კარიერაც დაასრულა.
2008 წელს ინტერვიუს რუსულ „სპორტ-ექსპრესს“ მისცა – ჟურნალისტები ნანახით შოკში ჩაცვივდნენ: ივანოვი საცხოვრებელში ქუჩის ალკოჰოლიკებთან ერთად იმყოფებოდა, საკუთარი ისტორიული მაისურიც გაეყიდა სასმელის საყიდლად. ყველაფერი, რაც წლების მანძილზე იშოვა, სპირტში დაეხარჯა.
ბინაში ცარიელი ბოთლების მთა იდგა. ანდრეის ორი მანქანა ჰყავდა – „მერსედესი“ და „ფოლკსვაგენი“, ორივე მოჰპარეს. ფეხბურთელის იმის გარკვევაც არ უცდია, ეს ვინ გააკეთა. გარკვეულ ეტაპზე ცოლმაც მიატოვა, შვილიც წაიყვანა. ანდრეიმ გამოსწორება სცადა, მწვრთნელობის დაწყება უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ოჯახის წევრები, ახლობლები მის გადარჩენას ცდილობდნენ, ექიმებთან ექაჩებოდნენ, თუმცა ივანოვს არავის მოსმენა სურდა. 2009 წლის 19 მაისს კი ანდრეი გარდაიცვალა. ჭუჭყიან ბინაში, მარტოდმარტო, ალკოჰოლიზმისაგან გამოწვეული პნევმონიით.
მაშინ მხოლოდ 42 წლის იყო…