„კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები“
ბრიგადირი
მის ძებნას თითქმის ერთი საათი მოვანდომე. ყველა შემხვედრისგან ერთ პასუხს მიიღებდი _ ახლა აქ იყოო თინა. მაგრამ ადვილი არ აღმოჩნდა 14 ჰექტარზე გადაჭიმული ჩაის პლანტაციის ბატონ-პატრონის პოვნა. ბოლოს, როგორც იქნა მივაგენი ბრიგადირ თინა ასკურავას ადგილსამყოფელს. იგი ელენე გვარჯალაძის ნაკვეთზე იყო და გაცხარებული კამათობდა რაღაცის შესახებ. ჩვენს დანახვაზე კამათი შეწყვიტა და საოცრად სწრაფად დამშვიდა. გამოველაპარაკე.
21 წელია, რაც სოფელ შუხუთის კოლმეურნეობაში მუშაობს თინა. აქედან 12 წელი მერგოლურად იყო და არავის უთმობდა გარდამავალ დროშას. მერე ბრიგადირად დააწინაურეს და 8 წელია წარმატებას წარმატებაზე აღწევენ მისი მეჩაიე, მეაბრეშუმე და მესიმინდე ქალები.
სწრაფ და დაუდგომელ ქალად იცნობენ მას სოფელში. მეხივით მოურიდებელი და გოროზია მუშაობის დროს, თუმცა ზომიერებას არასოდეს არ ჰკარგავს და ხუმრობაც უყვარს.
მთელს რაიონში პირველად მისმა ბრიგადამ მოიპოვა კომუნისტური შრომის ბრიგადის სახელი. ახლახან კი თინას ბრიგადამ მეზობელ სოფელ აცანის კოლმეურნეობის მემინდვრეობის მეოთხე ბრიგადა გამოიწვია სოციალისტურ შეჯიბრებაში.
ახლა უკვე ხელჩართული ბრძოლა აქვთ გამართული თინა ასკურავასა და მატურა მგელაძის ბრიგადის მეჩაიეებს პირველობისათვის. გამარჯვებულები მოგვიანებით გამოჩნდებიან. ჯერჯერობით კი თინა ასკურავას ბრიგადის წევრები ყოველდღიურად 2 ტონა ხარისხოვან ჩაის ფოთოს აბარებენ სამშობლოს.
ნაადრევი ჭაღარა
კარგი ჯიშის ჩაის პლანტაციები აქვს გაშენებული ლანჩხუთის ქალაქის კოლმეურნეობას. ჩაის პირველივე ბუჩქთან თავდახრილი ჩალისქუდიანი ქალი დგას და ხელების სწრაფი მოძრაობით თვალის დახამხამებაში ივსებს მუჭებს ნორჩი ფოთლებით, მერე მოგრძო კალათაში ჰყრის ფოთლებს და ისევ ბუჩქს ეპოტინებიან თითები.
15 წელია ჩაის ბუჩქებთან ფუსფუსებს ნათელა შოთაძე. პირველად არც მოვლა იცოდა ჩაის და არც მოკრეფა, მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და ნათელამაც ბევრი ისწავლა. საკუთარ თავზე გამოსცადა შრომის სიძნელეც და ცხოვრების სიმძიმეც, მეუღლის დაკარგვის სიმწარეც და შვილების სასარგებლო ადამიანებად გაზრდის სირთულეც.
ალბათ, ამიტომ გაჭაღარავდა ასე ნაადრევად. თუმცა ძალა და მონდომება კვლავ ახალგაზრდული აქვს. დღეში 50 კგ. ჩაის ფოთოლს ჰკრეფს საშუალოდ. ნათელას კვლავ მოწინავე მეჩაიეთა რიგებში ასახელებენ კოლმეურნეობაში.
გმირი მეჩაიე
მამათში ხმა დაირხა: ფილიპე კილაძის ქეთინო ყველაზე მეტ ჩაის ჰკრეფსო სოფელში. მალე ისიც თქვეს _ მთავრობის კომისია ჩამოდისო ქეთოს მუშაობის სანახავად. შეშინდა ქეთო. ჩააფიქრა კომისიის ჩამოსვლამ.
ამშვიდებდნენ თანატოლები. „აქამდე თუ არ შევრცხვი, ახლა რა ჯანდაბა მომივაო“ – თვითონაც იმხნევებდა თავს, თუმცა შიში მაინც არ სტოვებდა ქალიშვილს.
მარცხნივ _ თინა ასკურავა; მარჯვნივ _ ნათელა შოთაძე და ქეთევან კილაძე
ახლაც თვალწინ უდგას დიდი ხნის ამბავი. მართლაც და, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რამდენმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ორმოცდარვა წლის 6 აგვისტოს აუღელვებლად მაინც ვერ იხსენებს ქეთევანი.
ცხელი დღე იდგა მამათში. ვეებერთელა, ცეცხლივით ანთებული მზე ბრდღვიალებდა ცაზე და სიცხისაგან იწვოდა ცა და ქვეყანა. დილიდან ხელი არ გაუჩერებია ქალიშვილს. კრეფდა და კრეფდა.
ყველანი გააოცა გამხდარი ქალიშვილის ხელების ცეცხლმა, ქალიშვილისა, რომელსაც 20 წელი შეუსრულდა მხოლოდ. ქეთევანმა მზის ჩასვლამდე 561 კგ. ჩაის ფოთოლი მოკრიფა.
გაგიკვირდათ? გასაკვირი კი ის გახლდათ, რომ ერთი კილოგრამის შესაგროვებლად საშუალოდ 4 ათასი ფოთოლი უნდა მოწყვიტო ჩაის ბუჩქებიდან!
კომისიამ იქვე მიულოცა გამარჯვება ქეთევანს და მერე სოფელში თქვეს: ქეთევან კილაძეს სოციალისტური შრომის გმირობა მიენიჭაო.
მალე ახალი საზრუნავი გაუჩნდა ფილიპეს. ვერ აუდიოდა ოჯახის უფროსი სამოყვროდ მოსული სტუმრების გამასპინძლებას.
შრომის გმირობის გარდა სოფელში ხელსაქმეც უქეს გასათხოვარ გოგოს და ქეთევანმაც ამოირჩია ცხოვრების მეგობარი.
მამათიდან ლანჩხუთში გადმოსახლდა, მაგრამ ჩაი მაინც არ დაივიწყა. მალე ვაჟი შეეძინა. ბიჭს გოგო მოყვა და აივსო ახლაგზარდა ოჯახი სიხარულით.
წელს 7 ტონა ჩაის ფოთლის მოკრეფა ივალდებულია ქეთევანმა, გეგმით გათვალისწინებული 2,7 ტონის ნაცვლად.
მთელი ზამთარი სანიმუშოდ უვლიდა პლანტაციებს. ახლა ქეთევანის მაღალმოსავლიან ნაკვეთზე საშუალოდ 95-105 კგ. ჩაი იკრიფება ყოველდღიურად.
იცის თავისი ხელების ძალა გმირმა მეჩაიემ და 7 ტონაზე არ გავრჩერდებიო – ამბობს.
_ შენ იცი და შენმა ქალობამ, ქეთევან!
გულიკო და ვენერა
ერთად გაიზარდნენ და ასევე თითქმის ერთნაირად აეწყო ამ ცისფერთვალა, სათნო გოგონების ცხოვრება. ერთ უბანში ცხოვრობენ. მთელ დღეს ერთად თამაშობდნენ ნაჭრისაგან შეკერილი საზიარო დედოფალათი. ზოგჯერ წაიჩხუბებდნენ, მაგრამ ცოტა ხნით. დიდხანს ვერ სძლებდნენ უერთმანეთოდ. მერე გოგონებს უთხრეს, ომი დაიწყოო. გულიკოსათვის ომი ალერსიანი მამის სახლიდან წასვლას ნიშნავდა. აღარ დაბრუნებულა ომიდან მამა. თავის დაუზოგავად შრომოდა დედამისი, რომ ლუკმა არ მოეკლო ბავშვებისათვის, მაგრამ მალე ისიც გამოეცალათ ხელიდან და ობლად დარჩენილებს უფროსმა დამ დაუწყო პატრონობა. უჭირდათ ცხოვრება უდედმამოებს და გულიკოც სკოლიდან ჩაიში დადიოდა. მუშაობასაც ასწრებდა და სწავლასაც. შეუმჩნევლად გაირბინა ჩაის პლანტაციებში 5 წელმა და გულიკო დაქალიშვილდა, გაიგო ცხოვრების ავი და კარგი.
ვერას ახლახან შეუსრულდა 17 წელი, კოლმეურნეობაში კი უკვე 3 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს. მამა აღარც კი ახსოვს, პატარა იყო, რომ მოუკვდა. როცა წამოიზარდა, რადგან უმცროს ძმასა და ავადმყოფ დედას რჩენა უნდოდა, ვერაც კარგი ვაჟკაცივით წავიდა კოლმეურნეობაში. თავდადებულად მუშაობს, ენერგიულად დაჰფუსფუსებს ჩაის ბუჩქებს და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი არ ასვენებს.
ადრინდელი სიღარიბის კვალიც აღარ არის ახლა გულიკოსა და ვერას ოჯახებში. შუხუთელი გოგონები საკუთარი შრომით ცხოვრობენ და ზრდიან შრომით მაჩვენებლებს. შარშან გულიკო ჩხაიძემ და ვერა ორაგველიძემ 3,5 ტონა ჩაის ფოთოლი მოკრიფეს თითოეულმა, წელს 4,5 მოკრეფა აქვთ გადაწყვეტილი.
სჯერა თავმჯდომარეს, სჯერა სოფელს.
თ. ქურდოვანიძე, ჟურნალი „საქართველოს ქალი“, #7, ივლისი, 1962 წ.