ლანჩხუთში წლების წინ პოპულარული „ღარიბების მაღაზიის“ დამაარსებელი ლელა წილოსანი პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“ წერს, რომ პარასკევს ირანელი ექიმი ჩამოვა, თუ მსურველები იქნებიან.
„ირანელი ექიმი ესტუმრება ლანჩხუთს პარასკევს, თუ, რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნა… სახის ფილერი _ 150 ლარი, ტუჩის კორექცია _ 170 ლარი, სახის ბოტოქსი _ 120 ლარი, სახის ძაფით ბოტოქსი _ 150 ლარი, ღაბაბის პლასტიკა _ 800 ლარი, ცხვირის ფილერი _ 130 ლარი, საჯდომის კორექცია _ 1000 ლარი. მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნომერზე 599 359551“ – წერს ლელა წილოსანი.
განცხადებას სოციალურ ქსელში სახუმარო კომენტარები მოჰყვა: „ეს ეკლო ლანჩხუთს ეხლა და დანარჩენი მაინც დალაგებულია იდეალურად ყველაფერი, აბა, თქვენ იცით, გოგონებო, არ გამაზოდ ეს აქცია“, „ირანელები გვაკლდნენ“, „პაკესტინელი როდის ჩამოვა“ და ა.შ.
ლელა წილოსანი გაკვირვებულია, რატომ არის საღლიცინო ეს ინფორმაცია: „ადამიანმა მთხოვა, რომ ჩვენს გვერდზე გამომექვეყნებინა და დავხმარებოდი ამით, მე არც ირანელი ჩამომყავს და არც დაღესტანელი, ნეტა, შემეძლოს, მართლა ჩამომაყვანინა და საზღვრებს გარეთ არ დასჭირდეთ წასვლა სამკურნალოდ. ჩვენ ქართველებსა და ყველა ეროვნების ადამიანს უნდა ვცეთ პატივი და ყველას შრომა დავაფასოთ, თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, მითითებულ ნომერზე დარეკეთ“.
მას მხარდაჭერას უცხადებენ ფეისბუქ-მომხმარებლები: „ქართველები გლიჯავთ და ვერ იტანთ ერთმანეთს და ირანლ ექიმს დაესხით ახლა თავს? სტუმარ-მასპინძლობა არ გასწავლეს ოჯახში? თქვენი სასაცილოა ეს ახალგაზრდა საუკეთესო ექიმი? საქართველოდან მუსლიმანურ ქვეყნებში რომ მიდიხართ სამკურნალოდ, დაგავიწყდათ? ვაი, ქართველებო, როგორ დაკარგეთ ყველაფერი?!“, „თბილისში დარბიან ლიფტინგების გასაკეთებლად და ლანჩხუთში თუკი ჩამოუვათ, რა უნდათ მეტი უკეთესი და რათ უნდა ამას ღლიცინი“ _ წერენ კომენტარებში.