„ლანჩხუთს“ ნუ ჩამოწერ, ძამა… ხუთოსანი დანელია და კამარგოს დუბლი _ პენტატრიკი ბებიასათვის

|

Loading

„ლანჩხუთის“ #6-მა ნომერმა 6 საგოლე აქტივობა ბებიას ხსოვნას მიუძღვნა

წინა ტურში, „ნიკე-ლუსოსთან“ მოულოდნელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, „კვარტალთან“ უნდა გამოჩენილიყო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ღრმა კრიზისშია, თუ თბილისური 0:4 მაინც უფრო უიღბლობა იყო.

მეორე დედაქალაქური გუნდი დასაკვირვებლად ნამდვილად გამოდგება _ ბოლო წლებში, „ლანჩხუთისა“ და „ნიკე-ლუსოს“ საჩემპიონო მარათონისთვის ხელშეშლას ხომ მხოლოდ ის ცდილობს და მყარად უკავია ქვეყანაში მესამე გუნდის პოზიცია. თან „კვარტალი“ გვიმბალაურში უდანაკარგოდ ჩამოვიდა.

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-ქარდი

თუმცა „ლანჩხუთმა“ დედაქალაქელთა რბევა საწყისი წუთებიდან დაიწყო. უკვე მე-14 წუთისთვის სხვაობა ორბურთიანი იყო _ ლია სიჭინავამ აუტიდან გაუკეთა საგოლე გადაცემა ნათია დანელიას, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა, ხოლო გაბრიელა კამარგოს მოწოდებულ კუთხურს თავი საგოლედ ნინო გუჯაბიძემ შეაგება, 2:0

პირველ ტაიმში კიდევ 3 გოლი გავიდა, სამივე დანელიამ გაიტანა _ მას ამისთვის 15 წუთი დასჭირდა: პირველ შემთხვევაში გუჯაბიძემ შეატოვა მეკარეს პირისპირ, მერე ლიზი მწყერაშვილმა კუთხურიდან, რომ იტყვიან, თავზე დაასვა ბურთი, ტაიმის მიწურულს კამარგოს დიდებული პასი გამოიყენა, 5:0.

მან მეორე ტაიმშიც გაიტანა და პენტატრიკი (ერთ შეხვედრაში ხუთი გოლი) შეასრულა. „ლანჩხუთისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა წარმატება ახლახანს გარდაცვლილი ბებიას ხსოვნას მიუძღვნა.

სამი ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი“ მესამე ადგილზეა

იქამდე კი კამარგომ დუბლი შეასრულა, ჯერ ნინო ბუხრიკიძემ დაუგდო საგოლედ, მერე კი მეკარის მოგერიებულს დაამატა. ამ გოლებს შორის გაიტანა ბუხრიკიძემაც _ მას მატჩის საუკეთესო მეგოლემ უპასა.

ბოლო წუთზე სტუმრებმა ჯარიმიდან პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ, გურულებმა 9:1 გაიმარჯვეს.

23.03.2026 | ლანჩხუთი, გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრი | ლანჩხუთი 9:1 კვარტალი

1:0, 3:0, 4:0, 5:0, 9:0 დანელია (10′, 29′, 31′, 44′, 74′), 2:0 გუჯაბიძე (14′), 6:0, 8:0 კამარგო (46′, 71′), 7:0 ბუხრიკიძე (62′), 9:1 კანკია (90′)

ლანჩხუთი: თაბაგარი, ჩხარტიშვილი (68′ რასელი), გუჯაბიძე (68′ მურილო), მატვეევა, სიჭინავა (46′ პერეირა), წულაია (68′ ნარსია), დანელია (74′ ცეცხლაძე), პასიკაშვილი, კამარგო, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე.

რას ჩივი?