„ლანჩხუთს ეკუთვნის 8-10 ათასიანი სტადიონი. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ „გურიას“ ტრადიციებს და ისტორიას…“ _ „გურია თუდეის“ სტატიას კლუბის ლეგენდები ეხმაურებიან

|

Loading

რამდენიმე წლის წინ, „გურიას“ სტადიონზე 5 ათასამდე მაყურებელი დადიოდა...

„გურია თუდეი“ სტატიას „80 წლის წინ, 5 ათასი მაყურებელს იტევდა, მერე დასწრება 25 ათასამდე ავიდა და საქართველოში მეორე იყო… რამდენად იქნება საკმარისი ლანჩხუთში 3 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი?“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოზიციები დააფიქსირეს მათ შორის „გურიას“ ლეგენდებმა.

კლუბის საუკუნის ფეხბურთელად აღიარებულმა თემურ ჩხაიძემ „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში დაწერა:

„საქართველოში ერთ-ერთი პატარა ქალაქის გუნდმა, ლანჩხუთის „გურიამ“ ბევრი სიურპრიზი შესთავაზა ფეხბურთის გულშემატკივარს. „გურია“ ორჯერ გადავიდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში და თხუთმეტი ქვეყნის ჩემპიონატში პირველმა ააშენა 25 000 მაყურებელზე გათვლილი სუფთა საფეხბურთო სტადიონი (სარბენი ბილიკის გარეშე), რომელიც ყველა თამაშზე ისე ივსებოდა, ნემსსაც ვერ ჩაატევდი. გუნდი, რომელმაც დატოვა სსრკ ჩემპიონატი და საქართველოს პირველი ეროვნული თასის მფლობელია და ორჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი.

მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ ლანჩხუთს, ძველი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქს, ნამდვილად ეკუთვნის მინიმუმ 8-10 ათასიანი სტადიონი. დარწმუნებული ვარ, „გურია“ ისევ დაიბრუნებს ძველ დიდებას! ამ იმედს მაძლევს ლანჩხუთელების სიყვარული ფეხბურთის მიმართ.

ასევე დღეს ლანჩხუთს ჰყავს გოგონათა გუნდი, რომელიც თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ლანჩხუთში თამაშს ვერ ახერხებს, რადგან სტადიონი არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ „გურიას“ ტრადიციებს და ისტორიას…“ _ წერს „გურიას“ ლეგენდარული კაპიტანი.

„გურია თუდეის“ დაუკავშირდა ლანჩხუთის კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა გოჩა  ტყებუჩავა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იცავდა მის ღირსებას: „წარმატებები „გურიას“. არ ვეთანხმები ლანჩხუთში 3-ათასიანი სტადიონის აშენებას. დადგება დრო, „გურია“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“.

ასევე საინტერესოა „გურიას“ ორი ბუმბერაზი წარმომადგენლის, სოსო (ბუტა) ჟორდანიასა და ბეგი სიხარულიძის შვილიშვილის, სოსო ჟორდანიას პოზიცია:

„არანაირად არ არის მისაღები, თან მაგ პროექტში ხელოვნურსაფარიანი მოედანია ნახსენები, რაც სამომავლო საფეხბურთო განვითარების პერსპექტივას სპობს, იმედი მაქვს, ყველაფერი შეიცვლება და ლანჩხუთს მინიმუმ 10 000 ადამიანზე გათვლილი ბუნებრივ საფარიანი სტადიონი ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელოვნურსაფარიანის გაკეთებას სულ ნუ გააკეთებენ, ჯობია“.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და „გურიას“ ექს-პრეზიდენტი გიორგი გოგუაძე წერს: „სირცხვილია, ლანჩხუთში მე-2 კატეგორია. გიდევთ პროექტი, რომელიც  საკვლიფიფიკაციო მატჩების ჩატარების უფლებას იძლევა და ის მოითხოვეთ. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, თელავს  მე-3 [და ლანჩხუთს – მეორე]?

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, „ჩიბათის“ მესვეური ელგუჯა ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, საუბარი არაა არსებულ სტადიონზე.

მას „გურია თუდეის“ ჟურნალისტი მამუკა ქანთარია პასუხობს:

„ახალ სტადიონზე გადავლენ „გურიაც“ და ქალთა გუნდიც… უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონი კეთდება და უმჯობესია, დაფინანსება დაუმატონ და გააკეთონ მე-3 კატეგორიის _ ლანჩხუთისთვის 2200-3000 ცოტაა… თუ „სათადარიგოდ“ აკეთებენ და ისევ ძველ სტადიონზე უნდა ითამაშოს გუნდებმა, არ მგონია, ეს გონივრული იყოს. ძველ უსახურ სტადიონზე ითამაშონ და უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონი რა ფუნქციით გვინდა მაშინ? 2200 მაყურებელი არც იქითაა, არც – აქეთ… ლანჩხუთს მინიმუმ 5-6 ათასიანი სტადიონი სჭირდება“.

ცნობილი ლელობურთელი და ფეხბურთის გულშემატკივარი გიგა აფხაძე გერმანიიდან გვეხმიანება:

„დღევანდელი გადასახედიდან, ათასებზე არ არის საუბარი. უბრალოდ, თუ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა-მიღების შანსებს ქმნის, არანაირად არ ეყოფა. ლანჩხუთი ძველი საფეხბურთო ტრადიციის ქალაქია, 9 ათასი კაცი I ლიგის თამაშებს ესწრებოდა, უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ 22 ათასიან სტადიონზე ხშირად 25 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა ხოლმე. ეს არ იყო მარტო ლანჩხუთელები, ყველა ახლომდებარე რაიონებიდან, თუ ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ, ფაქტობრივად – მთელი დასავლეთ საქართველო… ვფიქრობ, 5 ათას ადამიანზე მინიმუმ უნდა გაკეთდეს, თან კატეგორიასაც თუ ავაწევინებთ“ _ გვწერს გიგა აფხაძე.

რას ჩივი?