ლანჩხუთის ქალთა გუნდი ევროგათამაშებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთვება, სადაც „ნიკე-ლუსოსთან“ პაექრობაში გაარკვევს 2025 წლის ჩემპიონის ვინაობას. მათ დავაში ვერ ჩაერთვებიან, მაგრამ ფინალურ ოთხეულში ასევე არიან „კვარტალი“ და „ელიტა“. გურულების სამივე მეტოქე დედაქალაქის გუნდია.
„ლანჩხუთი“ პირველ შეხვედრას 13 სექტემბერს „კვარტალთან“ გამართავს, ხოლო ბოლოს _ 30 ნოემბერს, როცა თბილისში „ელიტას“ ესტუმრება.
13.09.2025 | 16:00 | ლანჩხუთი – კვარტალი, ნიკე-ლუსო – ელიტა
20.09.2025 | 16:00 | ელიტა – კვარტალი, ნიკე-ლუსო – ლანჩხუთი
04.10.2025 | 15:00 | ლანჩხუთი – ელიტა, კვარტალი – ნიკე-ლუსო
11.10.2025 | 15:00 | ელიტა – ნიკე-ლუსო, კვარტალი – ლანჩხუთი
08.11.2025 | 14:00 | ლანჩხუთი – ნიკე-ლუსო, კვარტალი – ელიტა
30.11.2025 | 14:00 | ნიკე-ლუსო – კვარტალი, ელიტა – ლანჩხუთი

სატურნირო მდგომარეობა ფინალური ეტაპის წინ
ფინალური ეტაპის წინ, „ნიკეს-ლუსოს“ [ნიკე გამარჯვების ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში, „ლუსო“ – ძვირადღირებული მანქანებით მოვაჭრე ცნობილი კომპანია საქართველოში] ზურგს დიდი ფინანსები და 3-ქულიანი უპირატესობა უმაგრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ლანჩხუთმა“ მინიმუმ 1 შეხვედრა უნდა მოუგოს, მეორე ფრედ დაასრულოს, თუმცა ტიტულის შესანარჩუნებლად ბურთების უკეთესი ბალანსიც დასჭირდება.
ეს იმ შემთხვევაში, თუ „ელიტა“ და „კვარტალი“ მთავარ ფავორიტებს ქულებს ვერ დააკარგვინებენ. ამის ალბათობა დიდია, თუმცა განსაკუთრებით „კვარტალისგან“ სიურპრიზებიც არ უნდა გამოვრიცხოთ…
თუ „ქართულ-ჯიგრულ პონტს“ და იმას გავითვალისწინებთ, რომ „ნიკე-ლუსოდან“ „ელიტაშია“ განათხოვრებული რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (მათ შორის, კლუბის მფლობელის, ბურჰან იალვაჩის შვილი), გურულები მთლად ბურთების სხვაობის იმედზე არ უნდა დარჩნენ…
თუმცა ამის საჭიროება მაშინ დადგება, თუ ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობაც და სტუმრად გატანილიც ერთნაირი იქნება, რაც მხოლოდ თეორიულად შეიძლება მოხდეს.
„ლანჩხუთს“ ახლა ერთი უპირატესობა აქვს _ სტუმრად გატანილი 2 გოლი. თუ 20 სექტემბერს მატჩს გურულები მოიგებენ, ეს სტუმრად გატანილ გოლს მინიმუმ ერთით გაზრდის და ტიტული რომ დაკარგონ, შინ 4:4 უნდა ითამაშონ (3:3-ზე საერთო ბურთებს დაითვლიან). ორივე შედეგი (4:4 და 3:3) მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.
თუ თბილისური შეხვედრა ფრედ დასრულდა, 0:0-ზე ლანჩხუთელებს საშინაო შეხვედრაში 1:0, 2:1 მოგება აწყობთ, 3:2-ზე საერთო ბურთებს დაითვლიან, ხოლო 4:3-ზე „ნიკე-ლუსო“ ხდება ჩემპიონი. თუ თბილისში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა, 1:1-ის შემთხვევაში ლანჩხუთში 3:2-იც გურულებისაა, თბილისური 2:2-ისას _ 4:3-იც!
ჩვენ მინიმალური ანგარიშით მოგებას ვთვლით, თორემ, რა თქმა უნდა, ფრე და მოგება 2 ბურთით ციცებს ტიტულს უნარჩუნებს, ხოლო 2 ურთიერთშეხვედრიდან თბილისელებს გასაჩემპიონებლად 2 ქულაც ჰყოფნით…

„ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონობას ზეიმობს | 2024 წლის 9 ნოემბერი


