„ლანჩხუთი-ლესის 8 კმ.-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება“ _ როდის დასრულდება ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთი-ლესის ავტობანი მალე გაიხსნება

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ლანჩხუთი-ლესის ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესის ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი 4-ზოლიანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნება. მინისტრთან ერთად სამუშაოები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჭუმელიძემ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულო თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ. მოცემული მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება“ _ ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის წარმომადგენლებმა ლანჩხუთი-ლესის მონაკვეთი დაათვალიერეს

ლანჩხუთის ტერიტორიაზე სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის [მესამე ლოტის] მშენებლობა 3 წლის წინ დაანოსდა. ლანჩხუთიდან სოფელ ხაჯალიამდე მონაკვეთზე ხელშეკრულება საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd-სთან გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 324.6 მილიონი ლარი გახლდათ. მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად [ლოტად] ხორციელდება. ლანჩხუთი-ლესის მონაკვეთის გახსნის შემდეგ ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა სრულად მაინც ვერ დასრულდება _ სამუშაოები დარჩენილია მესამე და მეოთხე ლოტის გარკვეულ მონაკვეთებზე.

ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალების“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა წლების წინ ამბობდა, რომ ავტობანის მშენებლობა სამივე ლოტზე [ლანჩხუთის მონაკვეთი] 2016 წელს სრულად უნდა დასრულებულიყო. „ბევრი ფულის მოტეხვის შემდეგ, 2020 წელს ძლივს გახსნეს ერთი მონაკვეთი _ ჯაპანა-ლანჩხუთი, იქაც სერიოზული დარღვევებით, რის გამოც ხიდები ჩაიწია“ _ აცხადებდა ასკურავა.

რას ჩივი?