ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT-2025-ში მონაწილეობდა.
სასტუმრო „შერატონის“ სივრცეში ქართველი და უცხოელი კომპანიები დამთვალიერებელს სთავაზობდნენ თავიანთ ნაწარმს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა აქსესუარებს, აქვე შესაძლებელი იყო პროდუქციის დაგემოვნება-დეგუსტაცია, ტურისტული კომპანიები ვიზიტორებს აცნობდნენ ტურისტულ მარშრუტებს, ფოლკლორული ანსამბლები თავიანთი კუთხის სიმღერებით სასიამოვნო გარემოს ქმნიდნენ.
ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის სტენდთან ცენტრის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები ქართველ და უცხოელი ვიზიტორებს უმასპინძლებოდნენ ლანჩხუთელი მეწარმეების ღვინით – „ჩხავერი“ (სარიშვილების მარანი), „გურული საკმიელა“ და „გურული ცოლიკაური“ (მამა დავით წულაძე, გიორგი ჩხაიძე), რომელთა დაგემოვნების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
მოწონება დაიმსახურა ჩვენებურების თაფლმა (ი/მ მამუკა იმნაძე და „ნექტარი“, ირაკლი რუსიეშვილი), განსაკუთრებით მოეწონათ ჩვენებური „ბრინჯულა“ და მისი რეცეპტითაც დაინტერესდნენ.
ასევე წარმოდგენილი იყო ლანჩხუთელი მეწარმეების: ბიჭიკო ჩხაიძის თიხისა და დავით კინალოვსკის ბამბუკის ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენაში 70 ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენის მიზანი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმრო ინდუსტრიაში დასაქმებული პირების გაცნობა-დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობის დამყარება იყო.