ლანჩხუთის „გურია“ ლიგა 4-ში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონიდან ერთი საფეხურით მაღლა, ლიგა 3-ში ითამაშებს. უკვე ყველამ იცის, გურულებმა მიზანს „არაგველებთან“ ზე-დრამატული მატჩში რომ მიაღწიეს. თუმცა, მესამე ლიგაში დაწინაურებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ კლუბში შვილის, კახი ჟორდანიას და ყოფილითანაგუნდელის, ოთარ კორღალიძის მისვლა და გუნდის განახლების გეგმები დააანონსა.
ამ ყველაფერზე „ლელოსთან“ ინტერვიუში ოთარ კორღალიძემ ისაუბრა…
ვეტერანი გურიელები დირექტორატში
– ლანჩხუთის „გურიაში“ თქვენი მისვლა მერაბ ჟორდანიამ გააჟღერა. რა სტატუსით იქნებით კლუბში?
– 1988-89 წლებში ვინც გუნდში ვთამაშობდით, იმ მოთამაშეებისგან „გურიას“დირექტორატი შეიკრიბება. მეც ამ მმართველი გუნდის ნაწილი ვიქნები – მერაბის ამ შემოთავაზებამ ძალიან გამახარა, რადგან ჩვენთვის „გურია“ უბრალო გუნდი არ იყო და მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ვერ ვეგუებოდით.
– დირექტორატში კიდევ ვინ იქნებიან?
– რა თქმა უნდა, თავად მერაბი, თემურ ჩხაიძე… გია იმნაძე ისედაც გუნდშია და მწვრთნელად მუშაობს. თუმცა, სხვა რა გეგმები აქვს, ამის შესახებ მერაბი თავად იტყვის.
– ვინ იქნება კლუბის პრეზიდენტი და თავად ჟორდანია რა როლში იქნება?
– მერაბი უხელმძღვანელებს დირექტორატს, ხოლო პრეზიდენტი მისი შვილი, კახი იქნება. ჯერჯერობით, ეს არის მონახაზი. კლუბის მეპატრონეც კახი იქნება.
– მას „გურია“ ოფიციალურად გადაეცა?
– როგორც მე ვიცი, ასეა.
– რამდენი ხანია ლანჩხუთის „გურიას“ და მისი ბაზის კერძო მეპატრონეზე გადაცემაზე იყო ლაპარაკი და მაშინ აქედან არაფერი გამოვიდა…
– სწორედ ამიტომ მივიდნენ კახი და მერაბი კლუბში, რომ ნელ-ნელა გუნდმა ქართულ ფეხბურთში თავისი კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს. მათ კარგი საქმე წამოიწყეს და ღმერთმა გაუმარჯოთ ამ საქმეში! ჩვენ თუ „გურიას“ აღორძინებაში დავეხმარებით, ძალიან გამიხარდება.
გურიაში ჟორდანიების დაბრუნებაზე სასწაული რეაქცია ჰქონდათ…
– ლანჩხუთელებს ჟორდანიების „გურიაში“ დაბრუნებაზე რა რეაქცია ჰქონდათ?
– სასწაული რეაქცია იყო! ბოლო მატჩზე ტრიბუნები გატენილი იყო, თუ არ მეშლება, 3 ათასი კაცი მოვიდა, რამდენიც ეროვნული ლიგის თამაშებზეც არ დადის. იმიტომ, რომ ლანჩხუთელებს ფეხბურთი უყვართ და ახლა გუნდის აღორძინების იმედი გაჩნდა.
გადამწყვეტი მატჩი კონკურენტთან, „არაგველებთან“ გვქონდა და გადასასვლელად ფრეც გვყოფნიდა, მაგრამ… 92-ე წუთზე 2:4-ს ვაგებდით. რა თქმა უნდა, ბევრს იმედი გადაეწურა, მაგრამ ოთხ წუთში ორი გოლი გავიტანეთ. ეს იყო უდიდესი ემოცია! ირგვლივ ისეთიატმოსფერო სუფევდა, როგორც ჩვენ დროს იყო. სოციალურ ქსელებში ამაზე დღემდე ერთი ამბავია.
– „გურიაში“ სერიოზული ინვესტიციების განხორციელებაზეა საუბარი?
– მესამე ლიგა იქნება მოსამზადებელი ეტაპი, რომ ლანჩხუთის „გურია“ სტრუქტურულად, სელექციით, კადრებით და ყველანაირად გარდაიქმნას და განვითარდეს. ფაქტია, რომ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. აქედან უნდა დაიწყოს შენება და მერე წინ და წინ უნდა წავიდეთ. უკვე ჩამოყალიბებული ვიქნებით და დაფინანსებაც ნორმალური იქნება – მეორე ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, სახელმწიფოსგანაც მეტ თანხას მიიღებს კლუბი და, რაც მთავარია, მეტი ინვესტიციაც ჩაიდება.
ლანჩხუთში ახალი სტადიონი აშენდება
– მართალია, რომ ლანჩხუთში ახალი სტადიონის და ბაზის აშენებაზეა ლაპარაკი?
– კი, არის ლაპარაკი ახალ სტადიონზე, რომელიც ძველ ადგილზე აშენდება. თავიდან პროექტი 2500 მაყურებელზეიყო გათვლილი და ეს საკითხი გადაწყვეტილიც გახლდათ, მაგრამ მერაბმა დაასაბუთა, რომ მეტი ტევადობის არენა აჯობებდა.
– რამდენი ტევადობით?
– უფრო დიდი ტევადობის. ასეთი სტადიონი ბევრი რამის გამო სჯობდა, მათ შორის, დაინტერესებული გულშემატკივრების კუთხითაც. ამაში მხარი ადგილობრივმა ხელისუფლებამაც აუბა. კარგია, საერთო ენა რომ არსებობს.
– საბოლოოდ, რა გადაწყდა?
– როგორც ვიცი, 5-ათასიანი სტადიონის აშენებაა გადაწყვეტილი. ლიგა 4-ის გადამწყვეტ თამაშზე მოსული ხალხის რაოდენობამ ამ გადაწყვეტილების სისწორეშიყველა დაარწმუნა.
…ასე გრძელდებოდა 30 წელი
– „გურიას“ პატრონობის სერიოზული მსურველებიც გვახსოვს. საწყენი კი არა, დანაშაულია, რომ ამ დაუსრულებელ ლაპარაკში უდიდესი დრო დაიკარგა, გუნდი კი მეოთხე ლიგამდე დაქვეითა და მისი სახელისგან მხოლოდ ისტორია დარჩა…
– რაც თავი მახსოვს, ბაზის გასხვისებაზე ლაპარაკი საბჭოთა კავშირის დანგრევის დროიდანაა. 1996 წელს კარიერა სწორედ „გურიაში“ დავასრულე და მახსოვს, ხან ვინ მოვიდა და ხან ვინ, მაგრამ ყველა უკან მიდიოდა.
– რატომ?
– ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ასე ხდებოდა. სხვათაშორის, იმ პერიოდში ამ საკითხის გადასაწყვეტად გია ჭანტურიაც იყო ჩამოსული – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი. გვიხაროდა და იმედი გვქონდა, „გურია“ გადარჩებოდა. მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა. ასე გრძელდებოდა 30 წელი. ამასობაში გუნდს და ბაზას რაც მოუვიდა, ყველამ იცის.
გრიგოლეთის ბაზა სპორტსმენებისთვის მისწრება იყო
– არადა, გრიგოლეთის ბაზა ერთ-ერთი ყველაზეპერსპექტიული სპორტული ობიექტი იყო…
– გრიგოლეთში „გურიას“ ბაზა არა მარტო საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ახლა თანამედროვე მოთხოვნებისგან ძალიან შორსაა. სხვათაშორის, არ ვიცოდი, რომ ბაზის ნაწილი გაუსხვისებიათ. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ გრიგოლეთის ბაზა უნიკალურ ადგილზე მდებარეობს და სპორტსმენებისთვის მისწრება იყო.
– რას გულისხმობთ?
– გარდა იმისა, რომ ძალიან კომფორტული იყო, ჩვენ ხომ მაგნეტიტის გვერდით ვიყავით. სპორტი კი ტრავმიანობით გამოირჩევა და სხვებს რომ სამკურნალოდ თვე სჭირდებოდა, „გურიას“ ფეხბურთელები ამას ნახევარ თვეს ვანდომებდით. იქაური ქვიშა უნიკალური სამკურნალო თვისებებითააგამორჩეული.
– ახლა გრიგოლეთის ბაზა „გურიას“ დაუბრუნდება?
– ჯერ არ არის გადაცემული, მაგრამ კახიმ უნდა გაარემონტოს. ეს ამბავი სხვაგვარად ვერ მოგვარდება.
ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად ერთი საათი დამჭირდა
– შემთხვევით გუნდში თქვენი შვილი, ლევან კორღალიძე ხომ არ იმუშავებს?
– არა, გამორიცხულია. სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ არვიცი.
– კლუბს ზღვისპირეთში მშენებარე ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ხომ არ დააფინანსებს, რომელიც კახი ჟორდანიას სახელს უკავშირდება?
– კახი აშენებს, მაგრამ ფინანსებში ასე ჩახედული არ ვარ და ამიტომ ვერ გიპასუხებთ. მთავარი ის არის, რომ კახი „გურიას“ მიხედავს. უნდა ნახოთ, როგორ გამოაცოცხლა ამან ლანჩხუთი. „არაგველებთან“ მატჩის დროს სტადიონზე იმდენი მანქანა იყო, არ მეგონა, ამდენი საერთოდ ლანჩხუთში თუ იყო. წარმოგიდგენიათ, სტადიონიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად ერთი საათი დამჭირდა!
– და რა იქნება ახალი „გურიას“ მიზანი?
– ნელ-ნელა ეროვნული ლიგისკენ უნდა დავიწყოთ სვლა, რადგან ლანჩხუთის „გურიამ“ ქართულ ფეხბურთში თავისიადგილი უნდა დაიბრუნოს. უამბიციოდ მერაბ ჟორდანია ვერსად იმუშავებს.
სერგო კორძაია

