ლანჩხუთელი ფალავანი, ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონობისთვის დღეს იბრძოლებს. მისი მეტოქე რუსთაველი ბექა გურულია. ოთარი ქვეყნის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია. ფინალური მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში საღამოს 6 საათზე დაიწყება.
მანამდე კი ფინალში გასვლას კიდევ ორი ლანჩხუთელი შეეცდება _ მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკში გიორგი შოთაძე, რომელიც ხობელ ჯონი ხეცურიანს ხვდება. ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე აჭარის წარმომადგენელი იქნება _ დიეგო ჩხიკვაძესა და ლერი აბულაძეს შორის გამარჯვებული.
კიდევ ერთი ლანჩხუთელი ფალავანის, საქართველოს ვიცე-ჩემპიონ თამაზ აბაშიძის მეტოქე იქნება აჭარის წარმომადგენელი რამაზ ზოიძე. გამარჯვებული ფინალში გადის, სადაც სენაკელ საჩინო დავითაიასა და გარდაბნელ თემურ ორჯონიკიძეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სამწუხაროდ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ ლანჩხუთელი ფავორიტები: მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს ჩემპიონი თაზო ღლონტი, ქვეყნის ჩემპიონები _ გიორგი მახარაძე და გიორგი იაშვილი (სამივე მათგანი ჯანელიძესა და აბაშიძესთან ერთად ლანჩხუთის სპორტულ ცენტრს წარმოადგენს და მათი მწვრთნელები დავით მჟავია და ვასილ ეზიეშვილი არიან), ასევე ტიტულოვანი ლუკა ლომაძე, რომელიც აჭარის სახელით გამოდის და მეოთხედფინალური შეხვედრა ასევე ფავორიტთან, ოზურგეთელ მოგვარე _ იური ლომაძესთან დათმო. ფინალში იური სენაკელ გიორგი ჩხიკვაძეს ხვდება.