ლანჩხუთელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 63 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ ჯანელიძე საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რუსთაველ ბექა გურულთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მესამე ადგილი ოზურგეთელმა გიორგი ბერიძემ მოიპოვა.
კიდევ ერთმა ლანჩხუთელმა ფალავანმა, გიორგი მახარაძემ 82 კგ. წონით კატეგორიაში, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ოზურგეთელ საბა მამალაძეს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გიორგიმ საკმაოდ რთული შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, თავიდან ის 0:5-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 8:5 მოიგო.
ერთადერთი გურული ფალავანი, რომელიც ჩემპიონი გახდა, ოზურგეთელი იური ლომაძეა. მან ყველას აჯობა 72 კგ. წონით კატეგორიაში. მისი თანაქალაქელი ლუკა ჯავახაძე კი, 55 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
თავიანთი ნახევარფინალური შეხვედრები წააგეს და ხვალ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რჩებათ ლანჩხუთელებს _ გიორგი შოთაძესა და თამაზ აბაშიძეს (შესაბამისად, 67 და 77 კგ. წ/კ-ში), ოზურგეთელ გიორგი თოხაძეს, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ლანჩხუთელი ფალავნები სპორტულ ცენტრს წარმოადგენენ და მათი მწვრთნელები დავით მჟავია და ვასილ ეზიეშვილი არიან.