1850 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი _ გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
გაგაცნობთ ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს – პაატა კაცაძეს.
პაატა კაცაძე, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობია, იგი ასევე გახლავთ ბლოგერი იუთუბზე და სხვა სოციალურ ქსელებში.
დაიბადა 1992 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. დედა _ ხათუნა ხოფერია დიასახლისი, მამა აწ. გარდაცვლილი დავით კაცაძე პროფესიით იურისტი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
პაატა სწავლობდა ბათუმის 22-ე და ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლებში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის საზღვაო აკადემიაში. მეზღვაურია, თუმცა ამ პროფესიით არ უმუშავია.
თეატრის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ბავშვობდანვე ჰქონდა, ეს მისწრაფება თავადვე აღმოაჩინა საკუთარ თავში. მოსწონს ამერიკელი ალ პაჩინო, ქართველი მსახიობებიდან – კახი კავსაძე. ქართული ფილმებიდან: ,,ნატვრის ხე“, ,,უძინართა მზე“, „ორმაგი სახე“. დრამატურგებს შორის ლაშა ბუღაძე მოსწონს და ამას იმით ხსნის, რომ მისი რამდენიმე სპექტაკლის გმირი განასახიერა.
თვლის, რომ მისი დებიუტი ლანჩხუთში შესდგა, როცა გია ქურიძე იყო რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე კულტურის ცენტრის დირექტორი. ამ პერიოდში არსებობდა ახალგაზრდული დასი, შეასრულა ,,ნინოშვილის გურიაში“ ფირალის _ „სიმონას“ როლი.
შემდეგ იყო ლაშა ბუღაძის ,,ნაფტალინი“, ,, ნუგზარი და მეფისტოფელში“ შეასრულა გელას როლი. დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირში“ ონისიმეს როლი შეასრულა, საბაშვო სპექტაკლში წამყვანის როლი, სპექტაკლში ,,ტომი და ჯერიში“ – ბებიის როლი.
მისი თეატრალური მოღვაწეობა დაიწყოსტუდენტობის დროს, ბათუმში საზღვაო აკადემიის მოყვარულთა დასში _ ,,თეთრ ბაირაღებში“ შოშიას როლი შეასრულა.
კადრი სპექტაკლიდან „ჩარდლის დეიდა”
2024 წლის ოქტომბერში, ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა, კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა წარმოგვიდგინა, ეს გახლდათ კომედიური ჟანრის სპექტაკლი ,,ჩარლის დეიდა“ (რეჟისორი კახა იაკობიძე), სადაც შეასრულა ფრენსის ჩესნეი, პოლკოვნიკი.
ყველაზე მეტად უყვარს გელას როლი ,,ნუგზარი და მეფისტოფელში“, ეს გმირი ცოტა ისეთი ტიპია, რომელიც მსუბუქად უყურებს ცხოვრებას და სხვა არაფერი აინტერესებს. ცხოვრობს დღევანდელი დღით, არ აინტერესებს ვალები, პრობლემები და ხვალინდელი დღე. მიაჩნია, რომ დღეს რაც შეიძლება ადამიანმა მოასწროს, იმით უნდა ისიამოვნოს, აკეთებს იმას, რაც მოსწონს და უყვარს. ამ თვალსაზრისით მის ხასიათში ეს გელას ზუსტად ჯდება.
მატერიალურ და სულიერ ფასეულობებს შორის წონასწორობას არ გამორიცხავს, თუმცა ამას არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს, ეს ყველაფერი მისთვის არ არის დაყოფილი, აქვს თავისი მარტივი ფილოსოფია, არ ცხოვრობს წარსულით, რადგან წარსულზე ფიქრი და წარსულსი ჩარჩენა, მისი პოზიციიდან ნიშნავს, აწმყოში უმოქმედოდ ყოფნას და მომავალზე ფიქრი ეს არის უფრო ილუზია. მისი აზრით, სჯობს უფრო აწმყოთი იცხოვროს ადამიანმა, ვიდრე წარსულში, ან მომავლის ილუზია შეიქმნას.
კადრი სპექტაკლიდან “ნაფტალინი”
ამ თემაზე საუბარს გაურბის, თუმცა ლანჩხუთში ბევრმა იცის, იგი ძალიან ხელგაშლილი ადამიანია და უყვარს სხვისი გულის გახარება. ეხმარება ბავშვებს და იმ ადამიანებს, ვისაც ეს დახმარება სჭირდებათ.
არის ბლოგერი იუთუბზე და ჯამში ჰყავს 300 ათასამდე გამომწერი ყველა სოციალურ ქსელში. გადაღებულია კლიპში ,,გურიაში ვარ“, რომელიც ჩაწერილია ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმში.
ითამაშებდა თუ არა უარყოფით როლს? ამბობს, რომ ითამაშებს იმ გმირს, ვისაც შესთავაზებენ, განსაკუთრებული მიუღებელი გამონაკლისის გარდა. მოსწონს ის რეჟისორები ვისთანაც უმუშავია: დავით წერეთელი, ოთარ ქათამაძე, კახა იაკობიძე და სხვ.
,,დღეს ისეთი დროა, რასთანაც კი გაქვს შეხება, სოციალური ქსელი, ინტერნეტი, ტექნოლოგიები, გაძლევს იმის საშუალებას, შენს პროფესიაში იყო წარმატებული. ამას თუ ვერ შესძლებს ადამიანი, არ ვიცი რა ჰქვია მას. რა მოღვაწეობასაც ეწევი, ამ ტექნოლოგიების საშუალებით თუ ვერ განვითარდები, დაანებო უნდა თავი და ჩაიქნიო ხელი“ _ ამბობს პაატა.
მას ლანხუთში ყველა იცნობს, განსაკუთრებით უყვარს ბავშვებს.
კითხვაზე: თუ ვინ არის ლანჩხუთში ყველაზე ნიჭიერი მსახიობი? პასუხობს მარტივად _ ეს გახლავართ მე.
ამ ნიჭიერ ადამიანს ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს!
მაია კუკულაძე
ვალ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი