„მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში“
„რაც ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალი გავაკეთე, თავში ამის გარდა არაფერი მიტრიალებს. დღეს შემხვდა ერთი ნაცნობი და მითხრა: – მომეწონა! ძალიან გამიხარდა, გავბრწყინდი და გავბედნიერდი. და გამიელვა რაც მოეწონა [ჟურნალის]: იდეა, ენთუზიაზმი, შინაარსი, დიზაინი… ვაგრძელებ გონებაში ჩამოთვლას და უცებ მაწყვეტინებს: – ლადო, ლადო მომეწონა“ _ წერს სოციალურ ქსელში ნანო შვანგირაძე და ჟურნალის სტატიას აზიარებს, რომელიც ლანჩხუთელ ახალგაზრდა ექიმს, ლადო კვაჭაძეს ეხება:
„ლადო კვაჭაძე არის კარდიოლოგიის მიმართულებით გამოცდილი ექიმი და პედაგოგი, რომლის პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ პრაქტიკას, ასევე სამეცნიერო და აკადემიურ მუშაობას. მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება, მიღებული გერმანიისა და პოლონეთის წამყვან გულის ცენტრებსა და ჰოსპიტალებში სასწავლო-პრაქტიკული კურსების ფარგლებში.
ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა აკადემიკოს გულნარა ჩაფიძესთან (ურგენტული კარდიოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში), რომლის ხელმძღვანელობით აითვისა გადაუდებელი კარდიოლოგიის სპეციალობა და მონაწილეობდა ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში.
ლადო კვაჭაძე და გულნარა ჩაფიძე
ლადო აქტიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და არის არაერთი საერთაშორისო კონგრესის მომხსენებელი. მისი სამეცნიერო კვლევები ფოკუსირებულია მიკრობიოლოგიურ, პათოფიზიოლოგიურ და კარდიოლოგიურ საკითხებზე.
ამჟამად მუშაობს აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც მონაწილეობს კარდიოლოგიური დეპარტამენტის განვითარებაში. ასევე, არის გადაუდებელი დახმარების ტრენერი და პათოფიზიოლოგიის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
ლადო კვაჭაძის პროფესიული საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის პრაქტიკული და აკადემიური შედეგებით, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან წვლილს ქართულ და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში“ _ ვკითხულობთ ქართული გადაუდებელი მედიცინის ჟურნალში.