გურიაში დიდთოვლობის გამო ბევრს შეექმნა პრობლემები. ხალხი დახმარებას ითხოვს. დათო სიმონიამ ისინი ერთად შეაგროვა:
შრომის თემი / ვაკე _ სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.
შრომის თემი / ვაკე _ ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს.
შრომის თემი / ორმეთი _ მარი ქავთარაძე ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება.
შრომის თემი / ორმეთი _ ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.
სოფ. შრომა _ მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.
სოფ. შრომა _ სოფელშია დედა ორი მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები ეწურებათ. სახლის სახურავი არასანდოა. გზა გაუწმენდავია.
სოფ. ზომლეთი _ მაია ძერია-სიხარულიძე წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები.
სოფ. ჯუმათი _ ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.
სოფ. კონჭათი _ ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.
სოფ. ჩოჩხათი _ დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათია თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.
სოფ. ბაილეთი _ ნათია დარჩია წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები.
სოფ. ბაილეთი _ ნანა ქავთარაძე წერს, რომ ავარიულ სახლში ჩარჩენილია ორი ასაკოვანი ავადმყოფი. ითხოვს სახლის გადათოვლას, სიმძიმისგან რომ არ ჩაინგრეს. შუქი არ აქვთ. საკონტაქტოდ ტოვებს ამ ნომერს 595054037, შუქრი ცერცვაძე.
სოფ. კოკათი _ თამარა ღლონტი წერს, რომ სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი. მეზობლები ვერ ახერხებენ სახლამდე მისასვლელად გზის გაწმენდას. საკვები თითქმის გამოელიათ. ტელეფონებიც ყველას დაუჯდა.
ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავრცელდა ლანჩხუთის მერის კომენტარი. „მომხდარი შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ის, რომ მეზობელმა თქვა, სახლის ნაწილი ჩამოინგრაო, იქ ცხოვრობდა მარტოხელა, 75 წლამდე მამაკაცი. მეზობელი თვითონაც ვერ გადადის, რათა ნახოს, რა ხდება. მეზობელთანაც უკვე კომუნიკაცია ვერ მყარდება, რადგან ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხვალ დილით, ტექნიკა წავა გზის გასაწმენდად, გაყვება სამაშველო ბრიგადაც და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება“ _ განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე სარიშვილმა.