ლანჩხუთში არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკვერი, რომელიც 1918 წლის ცნობილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. სიმბოლური საფლავიცაა მოწყობილი და დგას ნოე ჟორდანიას ბიუსტიც. ალბათ, ნაკლებად არის ცნობილი, რომ 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე 14 ლანჩხუთელის ხელწერაა. ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ლანჩხუთია, ეს უნიკალური მოვლენაა. უფრო მეტიც, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაშიც მრავლად იყვნენ ჩვენი რაიონის მკვიდრნი ამა თუ იმ თანამდებობაზე.
მაშ ასე, ადამინაები რომლებმაც თავისი ხელწერით საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს 102 წლის წინ:
ნოე ცინცაძე – 1887 წელს დაიბადა ლანჩხუთში. იყო განათლების მინისტრის მოადგილე და ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. როცა ემიგრაციაში წავიდა, რადიო „თავისუფლების“ ქართულ ბიუროში მუშაობდა. 1978 წელს გარდაიცვალა პარიზში და ლევილის ქართულ სასაფლაოზეა დაკრძალული.
კონსტანტინე გვარჯალაძე – ჩვენს პატარა ქალაქში 1883 წელს დაბადებულა. შვეიცარიაში, ჟენევის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო განათლება. დამოუკიდებელ საქართველოში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მთავრობასთან ერთად 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. 1968 წლის 11 დეკემბერს მისი მეუღლე ბაბულია კანდელაკი გარდაიცვალა. მეუღლის დაღუპვამ ძალიან იმოქმედა მასზე. უარი თქვა საკვების მიღებაზე და 1969 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია მეუღლის გვერდით ლევილის სასაფლაოზე.
მელიტო რუსია – 1878 წელს დაიბადა ლანჩხუთში, აქვე დაასრულა სამოქალაქო სასწავლებელი. 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა, სადაც 1951 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილში.
გრიგოლ ურატაძე – სოფელ აცანაში დაიბადა 1878 წელს. ის იყო საქართველოს პირველი ელჩი რუსეში. მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიგოითის სკოლაში ასწავლიდა. 1920 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსა და რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც მოხდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარება რუსეთიე მხრიდან. 1929-36 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „დემოკრატიულ საქართველოს“. დაკრძალულია ლევილში.
გიორგი მურვანიძე – 1883 წელს ჩოჩხათში დაიბადა. იყო ქალაქ ოზურგეთის თავი. როცა საბჭოთა წყობილება დამყარდა, ის დააპატიმრეს და შემდგომი მისი ბედი უცნობია.
თევდორე ღლონტი – 1888 წელს დაიბადა ლანჩხუთში. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა. ის ერთადერთია 14 ლანჩხუთელიდან, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ გასაბჭოებულ საქართველოში თანამდებობა ეკავა. 1926 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს, ივანე ჯავახიშვილი შეცვალა. 2 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავარ სასწავლებელს. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.
სოლომონ ვადაჭკორია – 1880 წელს დაიბადა ჭანჭათში. თბილისის სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა. 1914-15 წლებში იგივე საქმიანობით კონსტანტინეპოლში მოღვაწეობდა. როცა საბჭოთა წყობილება დამყარდა, საქართველოში დარჩა, მაგრამ რეპრესიები დაიწყო მის წინააღმდეგ და იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო. 1928 წელს გერმანიაში გარდაიცვალა.

26 მაისი, 2018 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მასზე 14 ლანჩხუთელის ხელმოწერაა
ნიკიფორე იმნაიშვილი – სოფელ შუხუთში 1888 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება გერმანიაში, ჰალეს უნივერსიტეტში მიიღო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს, მაგრამ მაინც არსად წასულა. 1937 წელს თბილისში საკუთარ სახლში დააპატიმრეს და 20 სექტემბერს დახვრიტეს.
ვლასა მგელაძე – გლეხის ოჯახში 1868 წელს დაიბადა. სწავლობდა აკეთის ერთკლასიან სკოლაში, მაგრამ მატერიალური გაჭირვების გამო ვერ დაამთავრა. წლების შემდეგ ჟენევაში ცხოვრობდს, ურთიერთობა ჰქონდა გიორგი პლეხანოვთან და მაქსიმ გორკისთან. პირადად იცნობდა ლენინს და მასთან ერთად რამდენჯერმე დაჯავშნული მატარებლითაც იმგზავრა. როცა დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ვლასა მგელაძე მამა დავითზე ავიდა და ზარების რეკვით ამცნო მთელს თბილისს ამის შესახებ. გარდაიცვალა ემიგრაციაში 1943 წელს, დაკრძალულია ლევილში.
პეტრე სურგულაძე – სოფელ ჩიბათში 1873 წელს დაიბადა. 1921 წელს სტამბოლში წავიდა კომერციული საქმიანობის კუთხით. როცა საბჭოთა წყობა ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში პეტრე ცდილობდა სტამბოლში აქტიურად დაეცვა საქართველოს თავისუფლების ინტერესები. 1931 წელს იმავე ქალაქში გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულია სტამბულში.
გრიგოლ ცინცაბაძე – 1879 წელს დაიბადა. აკეთის სკოლის დასრულების შემდეგ სტამბაში დაიწყო მუშაობა. არალეგალური მუშაობის გამო რამდენჯერმე დააპატიმრეს, ციმბირშიც კი გადაასახლეს. ოკუპაციის შემდეგ არსად წასულა და ისევ რამდენიმე დაპატიმრება მოჰყვა ამ ყველაფერს. ბოლოს 1938 წელს დააკავეს და დახვრიტეს.
ვასილ წულაძე – 1889 წელს ჭანჭათში დაიბადა. ბათუმში მიიღო ორკლასიანი განათლება. ემიგრაციის დროს ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ პარიზში, სადაც 1969 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილში.
გიორგი ცინცაძე – სამწუხაროდ, ამ ადამიანზე დამატებითი ინფრომაცია ვერ მოვიძიეთ, გარდა იმისა, რომ ისიც ლანჩხუთელი იყო.
ნოე ჟორდანია – მის შესახებ ინფორმაცია ბოლოსთვის შემოვინახეთ. ის 1868 წლის 14 იანვარს დაიბადა ლანჩხუთში. სწორედ მან გააცნო 26 მაისს შეკრებილებს, რომ საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებდა. იყო დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, გარდაიცვალა პარიზში 1953 წლის 11 იანვარს. დაკრძალულია ლევილში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველი იყო, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. მოგვიანებით იხსენებდა: ,,ერთხელ, დედაჩემი ჩამოვიდა მრავალნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს, შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!“
აი, ასეთი წინაპრები ჰყავდა ჩვენს პატარა ლანჩხუთს, რომლებმაც 107 წლის წინ ქვეყანას თავისუფლება მოუტანეს.
ცნობისთვის: 1990 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს ხელს 6 ლანჩხუთელი აწერს _ გურამ გუჯაბიძე (ლანჩხუთის მაჟორიტარი), გია ფირცხალაიშვილი (გლდანის მაჟორიტარი), ემზარ გოგუაძე, ავთანდილ იმნაძე, გია ხავთასი და ნოდარ იმნაძე (ყველა საარჩევნო ბლოკიდან _ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”).