„იცი, რომ გმირი ძმა გყავს? აქამდეც ვიცოდი…“ _ ლანჩხუთელ სოფიო ჩხაიძეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბათუმის რეფერალური საავადმყოფო და „გურია თუდეის“ ქარდი: სოფო, რეზი ჩხაიძეები

ამ ინფორმაციას დღეს დილიდან ელოდა სრულიად ლანჩხუთი: დაახლოებით საღამოს 7-ის ნახევრისთვის წარმატებით დასრულდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სოფიო ჩხაიძის დონორი მისი ძმა _ რეზი ჩხაიძე იყო.

„რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველაფერი ისე წარიმართა. გილოცავთ!“ – უთხრა ექიმმა კახა ქაშიბაძემ  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 100-ზე მეტ ლანჩხუთელს, რომლებიც დილის 8 საათიდან გულშემატკივრობდნენ სოფიოს და რეზის.

პირველი ცნობები საავადმყოფოდან დღის 3 საათისთვის გამოვიდა, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა. აქედან 1 საათში დონორი პალატაში გადაიყვანეს. საღამოს 6 საათისთვის ითქვა, რომ ოპერაცია, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო. მალევე დაამატეს, რომ ნახევარ საათში ექიმი, რომელმაც ურთულესი ოპერაცია გააკეთა, ოჯახს ინფორმაციას მიაწვდიდა.

ალბათ, ყველაზე მეტად გაიწელა ეს 30 წუთი, თუმცა მთელი დღის ნერვიულობად ღირდა პასუხი: ყველაფერმა  კარგად ჩაიარა!

წინადღეს უნიჭიერესმა სოფიომ, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის ნაცნობი ავტორია, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„იურისტთან ცალკე შევედი ფორმალური საკითხებისთვის. დამისვა კითხვები და მომთხოვა ხელმოწერები ასნაირ ფურცელზე. წაუკითხავად ვჯღაბნე ჩემი სახელი და გვარი. ბოლოსკენ მკითხა, დონორი ვინ არის შენიო. ვუპასუხე, რომ ძმა იყო დონორი.

– იცი, რომ გმირი ძმა გყავს?

– აქამდეც ვიცოდი…

… და ბოლო ხელწერა გავაკეთე…

ჩემი ღვიძლი ძმა“ _ დაწერა მან.

„გურია თუდეი“ ჯანმრთელობას უსურვებს სოფიოს და რეზის.  აუცილებლად ყველაფერი კარგად   იქნება, სამაგალითო და-ძმას ნაკეთები სიკეთეები, თანაქალაქელების სიყვარული და ლოცვა შეეწევა!

რას ჩივი?