ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიციონერების პროტესტს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეპლიკები მოაყოლეს _ „დავალება აქვთ ასეთი“, „ყურადღებას ნუ მიაქცევთ“,„არასახელმწიფოებრივად იქცევიან“ და ა.შ.
ამან მაკა მშვიდობაძე, გოჩა ჯანაშია და ჯუმბერ ბლაგიძე აღაშფოთა და ბრიფინგი გამართეს. უფრო მეტად გაბრაზებული ბლაგიძე ჩანდა და კოლეგებზე მეტიც ისაუბრა.
„გასაგებია, ჩვენი პროტესტი არ მოსწონთ, მაგრამ მათი ბრალდებები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. მე ის ადამიანი ვარ, 2008 წელს „ნაციონალების“ დროს და 2015-ში „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, ორჯერ დამოუკიდებლად მოვიგე არჩევნები. ყოველთვის ხალხისთვის ვიბრძოდი და ამიტომაც დამიჭირეს მხარი. ყველა ხედავს, ეს ერთი მანქანა მყავს რამდენი წელია და ჩვენმა კოლეგებმა არათუ გამოიცვალეს, ბევრს ორ-ორიც ჰყავს. ყველამ იცის, რომ საკრებულოს წევრები ტენდერებში არიან… არ ვამბობ გვარებს, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცით“ _ სკანდალურად ილაპარაკა სუფსის ექს-მაჟორიტარმა, რომელიც ახლა გახარიას პარტიიდან არის საკრებულოში.
„არავის ჯიბეში არ ვიხედები, მაგრამ ჩვენს სადეპუტატო უფლებამოსილების თანხებზე რომ საუბრობენ, იცით, რამდენია მაგალითად მერის ხელფასი? 6 ათასზე მეტი იყო და კიდევ 10% დაემატა, პარლამენტარებს კი ხედავთ 7 ათასები დაუმატეს და ამ დროს პენსიონერს _ მხოლოდ 35 ლარი! რაღაც თანაფარდობა ხომ უნდა იყოს? ან რა უბედურებაა, ლანჩხუთის მერიაა თუ მანქანების რაღაც ის… უკვე მერამდენე მანქანა უნდა დაიმტვრეს, აგერ გუბერნიის ნაჩუქარი მანქანაც დამტვრეულია. თუ საჭიროებაა, თვითმფრინავი იყიდონ, მაგრამ მოფრთხილება ხომ უნდა?“ _ თქვა ბლაგიძემ.
ლანჩხუთის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ და ყოფილმა პატრულმა, მაკა მშვიდობაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია და რომ მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, წინასწარ პატიმრობაში იყოს: „თურმე მე არასამართლიანად ვიქცევი და გახარიას დავალებით ვსაუბრობ. სანამ გახარია რამეს დამავალებს, მანამდე ამ პარტიაში აღარ ვიქნები. ყოველთვის სიმართლისთვის ვიბრძოდი და სულ ასე იქნება“ _ თქვა მშვიდობაძემ.
გოჩა ჯანაშიამაც სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელების“ დაკავებულ დამფუძნებელს: „კარგად ვხედავთ, ჟურნალისტებსაც იჭერენ უკვე, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება და ვითარებას ვადამდელი არჩევნები განმუხტავს“ _ აღნიშნა „ლელოს“ ადგილობრივმა ლიდერმა.
ასევე წაიკითხეთ:
„მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, სხდომებზე გამოუცხადებლობაში?“ _ ვის პასუხობს ნინო მშვიდობაძე (https://shorturl.at/4tB1l)
„შენც გადასულიყავი „ოცნებაში“ და ოცნებებსაც აიხდენდი ზოგიერთებივით“ – ჯუმბერ ბლაგიძეს თხოვენ, ბრალდება დაადასტუროს და „ტენდერჩიკები“ დაასახელოს (https://shorturl.at/qdr3L)