მისთვის თეატრი და სცენის მტვერი მთელი ცხოვრებაა… ალმასხანი, ბაბუა ქიშვარდი და სიმონა ძალაძის დაუვიწყარი სახე _ ლანჩხუთელთა უსაყვარლესი მსახიობი 70 წლისაა!

|

Loading

სცენა სპექტაკლიდან - „სამოთხის გვრიტები". მარცხნიდან: თამაზ ლომაძე, თამაზ ფირცხალაიშვილი, გრიშა ჯაფარიძე, გია ხუხუნაიშვილი, ვაჟა ებრალიძე.

გუშინ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის ნიჭიერ მსახიობსა და შესანიშნავ ადამიანს, ვაჟა ებრალიძეს,  რომელსაც დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. გამოფენაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ექსპონატები: ფოტომასალა, აფიშები, პროგრამები, თეატრალური რეკვიზიტები და ა.შ.

მუზეუმის მენეჯერმა, მაია ჩხაიძემ მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა მუზეუმელებს, სრულიად საქართველოს, დაბადების დღე მიულოცა იუბილარს და ვრცლად ისაუბრა მის  შემოქმედებაზე:

 ვაჟა ებრალიძე დაიბადა 1955 წლის 18 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში. ცელქი და დაუდეგარი ბიჭი მეგობრების წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ერთხანს ფოტოხელოვნებით იყო გატაცებული და გაზეთ ”კომუნისტური შრომის” შტატგარეშე ფოტოკორესპოდენტად მუშაობდა.  სწავლობდა სერგო ზაქარიაძის სახელობის ტექნიკუმის სამსახიობო სტუდიაში.

მარცხნიდან: მაია ჭანტურია, მაია ჩხაიძე, ვაჟა ებრალიძე, გოდუნა ქურიძე, ანა ჩხაიძე

მისი დებიუტი შედგა 1973 წელს, რეჟისორ ვარლამ ჩომახიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ”საბედისწერო ბილიკი”, სადაც მას ეპიზოდური როლის შესრულებისათვის მე-2 ხარისხის  დიპლომი მიენიჭა.

ვაჟა ებრალიძეს მონაწილეობდა 30-მდე სპექტაკლში. მათ შორის,  ვალოდია წულაძის დადგმაში _ ”მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების“ (1974 წ.), ალექსანდრე ჯორბენაძის სპექტაკლებში _ ”მზე ნეკერჩხლის ტყეში“ (1982), ”დედის ვარამი” (1983).  

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო  ოთარ ცერაძის მოღვაწეობა ლანჩხუთის სახალხო თეატრში 1987-88 წლებში.  1987 წელს რეჟისორის მიერ დადგმულ სპექტაკლში ”დაბრუნება”, ბატონმა ვაჟამ ბრწყინვალედ განასახიერა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი _ ”ალმასხანი”. ზესტაფონში გამართულ თეატრალური კოლექტივების დათვალიერების შემდეგ ვაჟა ებრალიძის შესრულებულ როლს’ დიდი მოწონება ხვდა  წილად.  ”ალმასხანის” ფოტო მთელი წლის განმავლობაში ამშვენებდა ზესტაფონის თეატრის საგამოფენო დარბაზს.

სცენა სპექტაკლიდან: ,,ენერგიული ადამიანები”. ,,ალმასხანი” – ვაჟა ებრალიძე.

ლანჩხუთელმა მსახიობმა საინტერესო სახეები შექმნა ოთარ ცერაძის სხვა სპექტაკლებშიც: ”ჯულიეტა აივნის ქვეშ”,  ”ენერგიული ადამიანები”, რომელიც 1988 წელს წარმოადგინეს გურჯაანში თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე. ცერაძის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მას გვერდს უმშვენებდა შესანიშნავი მსახიობების მთელი პლეადა: რევაზ ქინქლაძე, ჟუჟუნა ჩხეიძე, ანზორ ურდია (სამივე რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი), გივი ურუშაძე (საკავშირო ფესტივალის ლაურეატი), თამაზ ლომაძე, ლადო ებრალიძე, დიოგენ მგელაძე, გრიშა ჯაფარიძე, თამილა ჩხაიძე, მაია ჭანტურია, ირმა ჩხაიძე... მონაწილე მსახიობებმა გამოავლინეს შესაშური პროფესიონალიზმი და რიგელი რეჟისორის მ. მელდესის აღფრთოვანებაც შეძლეს. ისინი დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით.

ვაჟა ებრალიძე მონაწილეობდა ასევე შემდეგ სპექტაკლებში: ამირან ქადეიშვილის ”საბრალდებო დასკვნა” (1988), სერგო ახალაძის ”ნანა” (1991),  ლია ურუშაძის ”შთამომავლობა” (1993-94), ”დარაბებს მიღმა გაზაფხულია” (1996), ”შენკენ სავალი გზები”.

იგი აგრეთვე მოღვაწეობდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში, სადაც მონაწილეობა მიიღო რეჟისორ ილო მაცხონაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში: ”დედაჩემის საყვარელი ვალსი”, ”მამაკაცებო, გაფრთხილით”.

2006 წელს ლია ურუშაძის მიერ დაიდგა სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ”სისხლის“ მიხედვით, სადაც ნიჭიერმა მსახიობმა ”ბაბუა ქიშვარდი” ბრწყინვალედ განასახიერა. 1981 წელს გამართულ ”ეგნატეობაზე” ვაჟა ებრალიძემ ,,სიმონა ძალაძის” დაუვიწყარი სახე შექმნა, ხოლო მის მიერ წაკითხულმა ”გოგია უიშვილმა” შეძრა მაყურებელი.

სცენა სპექტაკლიდან – ენერგიული ადამიანები“. მარცხნიდან: ამირან ქადეიშვილი, რეზო ქინქლაძე, ომგერ როხვაძე, ვაჟა ებრალიძე, ლადო ებრალიძე, ანზორ ურიდია.

2016 წელს,  გრიგოლ ჯაფარიძის სპექტაკლში ,,ხიდი” მთავარი  როლი შეასრულა. საინტერესო სახე შექმნა აგრეთვე ”სამოთხის გვრიტებში”, რომელიც გოდერძი ქურიძის რეჟისორობით დაიდგა ლანჩხუთის თეატრის სცენაზე.

ვაჟა ებრალიძე გახლავთ ის ადამიანი, რომლისთვისაც თეატრი და სცენის მტვერი მთელი ცხოვრებაა, სულის მასაზრდოებელი ადგილია, სადაც ის ბოლომდე იხარჯება და თავს არ ზოგავს ღირსეულად წარმოჩნდეს თუნდაც ეპიზოდურ როლში.

ღონისძიებაზე იუბილარმა შესანიშნავად წაიკითხა პოეტ ჯემალ დობორჯგინიძის ლექსები: ,,დაე, ილაპარაკონ” და ,,ბეღურა”, რომელიც ხელნაწერის სახით დაცულია მუზეუმის ფონდში.

დასასრულ, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმმა მსახიობი ლანჩხუთის სახალხო თეატრში შესრულებული შესანიშნავი როლების გამო მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

„გურია თუდეი“ უერთდება მილოცვებს და ბატონ ვაჟა ებრალიძეს ჯანმრთელობას უსურვებს.

რას ჩივი?