აქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანაო, ალბათ, ასე ფიქრობდა ლანჩხუთელი გულშემატკივარი, რომელიც 91-ე წუთიდან „ევგრაფ შევარდნაძეს“ ტოვებდა: ამ დროს ხომ ანგარიში 2:4 გახდა და დარჩენილ (დამატებულ) წუთებში გათანაბრება წარმოუდგენლად მოჩანდა…
თუმცა თემურ ლორიასა და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ, წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხი გადალახეს და ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს…

ეს იყო სასწაული, რომელიც მრავლისმნახველ არენას აქამდე არ ენახა…
ამ სასწაულის მთავარი შემოქმედი კი თემურ შარაშენიძე აღმოჩნდა _ გუნდის ნამდვილი კაპიტანი! როცა 98-ე წუთზე ანგარიში უიმედო იყო, 99-ე და 101-ე წუთებზე გაჩნდა იქ, სადაც გუნდის ლიდერი და მთავარი იმედი უნდა ყოფილიყო…
დანარჩენი კი კლასის და ნერვების საქმე იყო, „გურიას“ მხსნელს კი არც ერთი დაეწუნება და გამოცდილებაც 16-წლიანი აქვს, სხვათა შორის, ლანჩხუთიდან დაწყებული…
მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის ბიჭი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, მისი გოლები ისტორიაში ჩაეწერებოდა…

რაც უნდა წარმატებას მიაღწიოს „გურიამ“ უფრო მაღალ ლიგებში, კლუბის ისტორია აუცილებლად შემოინახავს 26 ნოემბრის საოცარ შეხვედრას ფანტასტიკური ფინალით.
აკი, ნამატჩევს თქვეს კლუბის ლეგენდებმა: მერაბ ჟორდანიამ და ოთარ კორღალიძემ _ ასეთი სიხარული „გურიას“ ზეობის ხანაში არ განგვიცდიაო.
… მატჩი გურულებისთვის კოშმარულად დაიწყო _ სტადიონის დიქტორი ჯერ კიდევ შემადგენლობებს აცხადებდა, როცა „არაგველები“ დაწინაურდნენ. მერე მათ ხელი მსაჯმაც შეუწყო, რომელსაც თვალწინ სტუმრების დარღვევა „გამოეპარა“ და იქვე, სამიოდ მეტრში და წამებში არც დაფიქრებულა, მასპინძლები 11-მეტრიანით დაესაჯა…

რაც ბოლოს მოახერხა „გურიამ“ კი არა, ამის გამოსწორებაც კი ურთულესი იყო: მე-13 წუთი და 0:2… თან ნუ დაგვავიწყდება, რომ „არაგველებმა“ ბოლო ოთხივე მოგება დიდი ანგარიშით შეძლეს, მათ შორის 3:0 და 4:0 დაამარცხეს ზედა ლიგაში დაწინაურებული „ივერია“ და „იბერია-2010“.
ალბათ, შეხვედრაში გარდამტეხი თამაზ შალიკაშვილის გოლი იყო, რომელიც სანდრო ბახიას ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, 1:2.
ეს პირველი ნახევრის შუაში მოხდა, ხოლო გამაყაიმებელი გოლი ტაიმის მიწურულს თემურ შარაშენიძის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა: კაპიტანი მეტოქის მცველს გასცდა, საჯარიმოში შეჭრილმა კი იუველირული პასი გაუკეთა ვანო შარვაძეს _ „გურიას“ მთავარმა ბომბარდირმა კი, მანამდეც ბევრი ქულა რომ მოუტანა გუნდს, ყველაზე მნიშვნელოვანი (სეზონში მე-18) გოლი გაიტანა, 2:2.
ამას ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მიეცა გურულებისთვის, მაგრამ „არაგველებს“ სტიმულს წალენჯიხიდან მოსული ცნობები აძლევდა _ „სქური“ აგებდა, სხვა შემთხვევაში, თბილისური გუნდი ლანჩხუთში მოგებითაც ვერ დაწინაურდებოდა.
თავის მხრივ, მეგრელებს ლანჩხუთში თბილისელების მოგება აწყობდათ და როცა თავად მეორე გოლი გაუშვეს, „არაგველებისთვის“ მოგება მესამე ლიგას ნიშნავდა, თუ ბოლო წუთებში „სქური“ თამაშს (იმ დროს იქ უკვე 1:2 იყო) ვერ შემოატრიალებდა…

… ბოლო 25 წუთი მდევრის როლში იყო „გურია“ და უკვე ბოლოსკენ ანგარიშის გასათანაბრებლად ვა-ბანკზეც წავიდა. ამ დროს სტუმრების შეტევა გაეპარათ და ბოლოს უკვე მატჩის ერთ-ერთ გმირად ქცეულ ნიკა კოკაიას გუნდის გადარჩენა რომ უნდოდა, ბურთი საკუთარ კარში აეჭრა _ 2:4.
ამ დროს 91-ე წუთი იყო…
გაჭრილი ვაშლივით გავდა „გურიას“ გამაყაიმებელი გოლები ერთმანეთს _ ჯერ მეკარე ირაკლი ხვედელიძემ „ჩაჰკიდა“ მეტოქის საჯარიმოსკენ ბურთი, მერე _ გიორგი ანდღულაძემ, ორივეჯერ თავი ნიკა კოკიამ გაჰკრა და…
99-ეზე სტადიონის გასასვლელისკენ მიმავალი გულშემატკივარი ოვაციებმა უკან მოაბრუნა: ზოგი სირბილით აღმოჩნდა კარს უკან, სხვა კი, სანამ ორჭოფობდა, ამ დროს გურულების ყიჟინამ ლამის დაანგრია ერთადერთი შემორჩენილი ტრიბუნა…

მერე კი, ყველამ ერთად აღნიშნა ლანჩხუთლების მიერ „დუნიის მორიგი გადარევა“…
გასახდელში ტრადიციული რიტუალი გაიმართა: „გურიას“ წლევანდელი წარმატების მთავარი შემოქმედი თემურ ლორია „ჰაერში ააგდეს“, მერაბ ჟორდანიამ, ოთარ კორღალიძემ, გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცეს გუნდს წარმატება…
გარეთ კი იდგა მრავლისმნახველი ლანჩხუთელი ქომაგი: ბოლომდე შემორჩენილი და უკან მობრუნებულიც _ ძალიან გახარებული და იმედიანი… მრავლისმნახველი, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს რომ არ უნახავს…
ბოლოს კი იყო ბანკეტი „ტერასაზე“, სადაც ლანჩხუთის მერმა „მესამე ტაიმის“ თავკაცობაც თემურ ლორიას მიანდო…
მამუკა ქანთარია


