„ზღაპარივით უჩუმრად ჩავლილი სიცოცხლე… გამორჩეული გარეგნობითა და ნიჭით, ექიმობაზე ოცნებით, სხვათა გადარჩენის წადილით… და წავიდა – ცხოვრებისგან გულნატკენი, ოცნებააუხდენელი საოცარი გოგო…“

|

Loading

ნანა დობორჯგინიძე

ლანჩხუთელებს ძალიან დასწყვიტა გული ბავშვობიდანვე გარეგნობითა და ნიჭით გამორჩეული ნანა დობორჯგინიძის ტრაგიკულმა ბედმა. დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ემოციურად იხსენებენ თანაკლასელები.

ნათია ორმოცაძე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მთარგმნელი:

_ იყო და არა იყო რა… ცხოვრობდა ერთი უწყნარი, მშვიდი, მუყაითი, ნებისყოფიანი გოგო… ფრიადოსანი და გამორჩეული… მისი დანახვა ყველას უჩვეულო სიმშვიდეს ანიჭებდა, ისიც ყველას უსიტყვოდ უღიმოდა… გამორჩეული ოჯახიდან იყო – სიყვარულით გარემოცული ბავშვობის უზრუნველი წლებით, მოსიყვარულე მშობლებით, საოცარი და-ძმით; გამორჩეული გარეგნობით, გამორჩეული ნიჭით, მომავალ ექიმობაზე ოცნებით, სხვათა გადარჩენის წადილით, ბედნიერი და ფერადი წლების მოლოდინით… არასოდეს ბრაზობდა და ჩხუბობდა… და არასოდეს ტოვებდა შეფარული ღიმილი და სიმშვიდე.

იღბალმა ავად გამოარჩია… თითქოს მთელი უზრუნველობა, ბავშვობაში რომ ასე გულუხვად დაათოვა, დაინანა მისთვის და დიდობის წლებში ვალის დაბრუნება მოსთხოვა… ყოველ ახალ დღეს ერთ გულისწადილს მარხავდა თავისი ოცნებების გაბერილი ხურჯინიდან. ბოლოს, როცა ნატვრების ხურჯინი სრულად დაიჩუტა და დაცარიელდა, მიხვდა, რომ მის ოცნებებს ხორცშესხმა არ ეწერა… ამასაც შეეგუა ჩვეული უტყვობითა და სიმშვიდით…

და წავიდა – ცხოვრებისგან გულნატკენი, ოცნებააუხდენელი, ყველაფრის დამთმენი, ნატანჯი და ყველაფრის მორჩილებით მიმღები სხეული… ისეთივე მშვიდი იყო მასთან დამშვიდობება, როგორი სიმშვიდეც მოჰქონდა მის არსებობას… წავიდა და დაგვიტოვა დიდი ღია ჭრილობა, პირგახლეჩილი ბროწეული გულში…

ასეთი გვეხსომება თანაკლასელებს ნანა დობორჯგინიძე, საოცარი გოგო, საოცარი იღბლით (თუ უიღბლობით)… ზღაპარივით უჩუმრად ჩავლილი სიცოცხლე…

ჭირი იქა, ლხინი აქა…

ირმა მგელაძე, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი:

უმძიმესია ბედის უკუღმართობა, რომელმაც შენ, ანელოზივით გოგო ასეთი დასასრულისთვის გაგიმეტა!

როგორი გოგო იყავი, ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, შენს თანაკლასელებს…

ჩვენმა ბავშვობამ, ყველაზე სუფთა პერიოდმა ერთად გაიარა და ისე გვატკინე გული, როგორც უახლოესი ადამიანის გარდაცვალება გატკენს. რომ არა შენი დაუნდობელი ბედისწერა, შენ ახლა წარმატებული ექიმი უნდა ყოფილიყავი!

ჩვენს გულებში მუდამ იკიაფებს შენს სახელზე ანთებული სანთელი, რომელიც ერთნაირად თბილ მოგონებებსაც და უზომო ტკივილსაც დაიტევს!

უფალმა მიიბაროს შენი უმწიკვლო სული, ჩვენო ნანა, ნათელი გზით შეგიყვანოს სასუფეველში!

რას ჩივი?