„ვიცი, ყველას გაინტერესებთ: ჩვენი ბიჭის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა“ _ ელისო ჭიჭინაძე ავარიაში დაშავებული 9 წლის მოზარდის შესახებ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ელისო ჭიჭინაძე და ავთო შარაშიძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, ექიმი-ლაბორანტი ელისო ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს _ ავარიის შედეგად დაშავებული 9 წლის ლანჩხუთელი მოზარდის, ავთუკა შარაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა:

„მეგობრებო, ჩემს პოსტს პატარა ავთოს სიცოცხლის გადასარჩენად, საზოგადოების სწრაფი რეაგირება მოჰყვა, უამრავი უცნობი ზარი შემოდიოდა, ლესის და ზოგადად, ლანჩხუთის მაცხოვრებლებზე რომ არაფერი ვთქვა… მადლობა თითოეულ თქვენგანს, დაგლოცოთ უფალმა! ვიცი, ყველას გაინტერესებთ_ ჩვენი ბიჭი უკეთ არის. საუკეთესო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და დღითიდღე უმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მისთვის სისხლი უანგაროდ გაიღო, ვინც ზარი განახორციელა დახმარების სურვილით, ვინც ყოველდღე კითხულობთ ბავშვის ამბავს და  გვერდით უდგახართ ოჯახს“ _ წერს ელისო ჭიჭინაძე.

იგი მადლობას უხდის ლანჩხუთის „მედალფას“  რეანიმატოლოგ მალხაზ ძოწენიძეს და  კლინიკის მედპერსონალს მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რამაც განაპირობა 9 წლის ბიჭისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს, კოლეგებს საკრებულოდან, სახელისუფლო ფრაქციების წევრებს _ ავთუკას სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. ასევე გაზეთ „გურია თუდეის“ და ლუი ორაგველიძეს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის. „ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გადაგვარჩენს… მიყვარხართ და მადლობა“ _ წერს ელისო ჭიჭინაძე.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა _ 9 წლის ბიჭს ლესაში ავტომობილი დაეჯახა. ავთუკა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის „მედალფაში“ მიიყვანა, სადაც ჩატარებული პირველად დახმარების შემდეგ, იგი რეანომობილით გადაიყვანეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც დღემდე გადის მკურნალობას. მისთვის საჭირო იყო პირველი ჯგუფის რეზუს-უარყოფითი სისხლი. მოწოდება სოციალურ ქსელში გავრცელდა, მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება ელისო ჭიჭინაძის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა.

„გურია თუდეი“ ავთუკა შარაშიძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

რას ჩივი?