„ვის რატომ დაჭირდა ამ პოლიტიკურ ასპექტში ამის აფიშირება უნებართვოდ?“ _ „გურია თუდეის“, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ

|

Loading

ლანჩხუთის სასამართლოს შენობა

გაზეთ „გურია თუდეის“ #137-ში გამოქვეყნებული სტატია _„ყარაულის 520-ლარზე გავაკეთე არჩევანი… 5-15-ათასიანი ხელფასებით, ჩემნაირი ადამიანების ხმებით ხომ ზიხართ თბილად და ქამარს გვიჭერთ ჩვენ?“ ლანჩხუთში „შეთავსებითი სამსახურის“ კანონს აპროტესტებენ გამოეხმაურა კობა ზენაიშვილი, რომელმაც ე.წ. „შეთავსებადი სამსახურების შესახებ“ ახალი კანონის გამო, ლანჩხუთის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი „ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრში“, სპეციალისტის თანამდებობა დატოვა.

მან უკმაყოფილება ჩვენი გაზეთის „ფეისბუქ-გვერდზე“ გამოთქვა, როცა ლანჩხუთის მერობის ყოფილი კანდიდატის, დავით ჩხაიძის პოზიციას უპასუხა და დაწერა: „ვის რატომ დაჭირდა ამ პოლიტიკურ ასპექტში ამის აფიშირება უნებართვოდ?“ იქვე მოითხოვა, დავკავშირებოდით. მიუხედავად იმისა, რომ სტატია კვირას, 14 დეკემბერს გამოქვეყნდა და გაზეთსა თუ სოციალურ ქსელში მითითებულია რედაქციის ყველა საკონტაქტო მონაცემი, როგორც ჩანს, ბატონ კობას პოზიციის დაფიქსირება სოციალურ ქსელში 16 დეკემბერს გაკეთებულმა კომენტარებმა გადააწყვეტინა.

„თქვენი გაზეთის [14 დეკემბრის] სტატია და ჩემი სტატუსი გამოიყენდა ჩემი ნებართვის გარეშე, მიენიჭა პოლიტიკური კონტექსტი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და შელახავს ჩემს რეპუტაციას. ეს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებას და სამოქალაქო კოდექსით დაცულ უფლებების დარღვევას.

გთხოვთ:

1. იმავე გაზეთში გამოქვეყნდეს ოფიციალური ბოდიში და უარყოფა;

2. ჩემი ფოტოებისა და სტატუსის უკანონო გამოყენება შეწყდეს, როგორც ბეჭდურ, ისე სოციალური ქსელის ვერსიებში;

3. სოციალური ქსელის ვერსია აღდგეს ან წაიშალოს მხოლოდ ჩემი წერილობითი კონტროლის შემდეგ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სასამართლოს ჩემი უფლებების დასაცავად“ _ გვწერს კობა ზენაიშვილი.

ასევე მისი განმარტებით, უნდა დაზუსტდეს, რომ სტატია არ ასახავდა მის რეალურ პოზიციას.

„გურია თუდეი“ მკაფიოდ ემიჯნება რაიმე პოლიტიკურ ინტერესს. „პოლიტიკური კონტექსტი“ და „მიმართულება“ ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებმა გამოიწვია (მათ შორის, კობა ზენაიშვილის პირად გვერდზეც), რასაც, რა თქმა უნდა, რედაქცია ხელს ვერ შეუშლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია განთავსებული იყო არა შეზღუდული აუდიტორიისთვის, არამედ _ საჯარო სტატუსით, თანაც, საკითხის ირგვლივ არსებობს დიდი საჯარო ინტერესი და მისი გამოქვეყნება ნებათვას არ საჭიროებდა, გულწრფელად ვწუხარვთ, თუ სტატიამ კობა ზენაიშვილს უხერხულობა შეუქმნა. თუმცა ვერანაირად დავეთანხმებით განცხადებას, რომ გამოქვეყნებული მის რეალურ პოზიციას არ ასახავდა, რადგან სტატიაში სიტყვა-სიტყვით, შეუცვლელად გამოქვეყნდა ყველა კომენტარი, მათ შორის კობა ზენაიშვილის. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა რეალური პოზიციის შეცვლა.

ყოველივეს მიუხედავად, ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს მისთვის შექმნილი უხერულობის გამო და ბოდიშს ვუხდით ფოტოს გამოქვეყნებისთვის, რომელიც, მისი გამოხმაურებისთანავე, ჩვენი სოციალური პლატფორმებიდან დაუყოვნებლივ წაიშალა. ასევე, გავითვალისწინებთ, რომ სამომავლოდ მისი პოზიცია, მით უმეტეს _ ფოტო არ იქნება გამოქვეყნებული ჩვენს ბეჭდურ გამოცემაში თუ სოციალურ პლატფორმებზე.

თუ ჩვენი განმარტება ბატონ კობას არ დააკმაყოფილებს, მას, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რის შესახებაც თავის წერილში წერს.

რას ჩივი?