[ექსკლუზივი] ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | მერაბ, კახი ჟორდანიები და „გურიას“ ლოგო

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისა და შემდგომში სფფ-ის, თბილისის „დინამოსა“ და ჰოლანდიური „ვიტესის“ პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს.

ამას იგი აუქციონის წესით მოახერხებს, რის შესახებაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზემოხსენებული კომპანია ფინანსურად უკვე ეხმარება „გურიას“, რომელიც მეოთხე ლიგაშია და ზედა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახი ჟორდანია თამაშებსაც ესწრება და მათ შორის გურულ დერბიზეც უნდა ყოფილიყო.

ცნობილია, რომ „გურია“ ფინანსურ კრიზისშია, აქვს 600 ათას ლარამდე ძველი დავალიანება, კლუბი ვერ ახერხებს მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას, მისი ტრადიციები და გულშემატკივრების ამბიცია კი გაცილებით მეტსაც მოითხოვს. თუ ჟორდანიების ლანჩხუთან ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა, რატომ აირჩია მერაბ ჟორდანიას შვილმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი „გურია“. ამასთან, თქმა არ უნდა, ჟორდანიებს იმაზე გაცილებით ამბიციური გეგმები ექნებათ, ვიდრე მესამე ლიგაში დაწინაურებაა.

კახი ჟორდანია წლების წინ ჰოლანდიის კლუბ „დელ ბოსხის“ ფლობდა. მისი ორივე ბაბუა ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ _ კახი ასათიანი თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი იყო, ლეო ჟორდანია კი „გურიას“ ლეგენდაა, როგორც მამა _ მერაბ ჟორდანია, რომელმაც მშობლიურ კლუბში საუკეთესო წლები გაატარა და დიდი სიხარული მოუტანა ლანჩხუთელი ქომაგს.

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი (მარცხნივ), მერაბ ჟორდანია (მიკროფონით), უკან „გურიას“ ვეტერანები | 2024 წლის 12 ოქტომბერს, „ლანჩხუთობაზე“ კლუბის 100 წლის იუბილე აღინიშნა

თუმცა მის მიმართ გურულების კეთილგანწყობა მხოლოდ საუკეთესოდ შესრულებულ პენალტებსა თუ საჯარიმო დარტყმებს არ უკავშირდება, სფფ-ის ექსპრეზიდენტი მშობლიური მხარისადმი სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოხატავს.

მათ შორის, სფფ-ის პრეზიდენტობის დროსაც კი არ მალავდა მშობლიური გუნდისადმი სიმპატიებს. „მართალია, სფფ-ის პრეზიდენტს არ მაქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოვარჩიო, მაგრამ „გურია“ ჩემს გულშია და ვარ სუბიექტური, ყველაზე მეტად მას ვგულშემატკივრობ“ _ გვითხრა ჯერ კიდევ ქართული ფეხბურთის მესაჭის რანგში მყოფმა.

„გურია თუდეიმ“ გასულ წელს დაბეჭდა ორი სტატია მერაბ ჟორდანიას გამოუქვეყნებელი წიგნიდან, რომელიც „გურიას“ ეხება და ნათლად გამოხატავს იმ თბილ დამოკიდებულებას, რაც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქართველ საფეხბურთო მოხელეს აქვს ლანჩხუთის მიმართ:

„ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, „გურიაში“ მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში?“

„წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა“

უკვე რამდენიმე წელია, მიდის სერიოზული საუბრები, რომ მერაბ ჟორდანია „გურიას“ დახმარებით არის დაინტერესებული. ამას თავადაც არ უარყოფდა, შესანიშნავი პროგრამაც ჰქონდა, მაგრამ…

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდესო _ „გურიას“ გულშემატკივრის დიდი სურვილი, რომ ჟორდანიებმა ჩაიბარონ კლუბი, როგორც ჩანს, მალე ახდება…

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?