[ექსკლუზივი] „გურიას“ ისევ თემურ ლორია გაწვრთნის… როდის შეიკრიბება და რა მიზანი ექნება ლანჩხუთურ კლუბს?

|

Loading

თემურ ლორია „გურიას“ ზარს ელოდება

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ ისევ თემურ ლორია ჩაიბარებს. საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, მაგრამ გაოფიციალურებას, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა დიდთოვლობამ, რამაც გურიის რეგიონში დიდი პრობლემები შექმნა.

ლანჩხუთური კლუბი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და მიზანი მესამე ლიგაში დაწინაურება იქნება. ლორიას ხელმძღვანელობით „გურიამ“ 2013 წელს უმაღლეს ლიგაში დაწინაურება მოახერხა, ხოლო „ბახმარო“ ჯერ მეოთხე, შემდეგ კი მესამე ლიგაში გადაიყვანა. ლანჩხუთელი სპეციალისტი ბოლოს სწორედ ჩოხატაურის გუნდს წვრთნიდა და იგი გასული სეზონის შუაში დატოვა.

„გურია თუდეისთან“ საუბარში თემურ ლორიამ მისი გუნდში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკება დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ოფიციალურად შეთანხმება ჯერ არ მომხდარა.

„გურია“ სეზონის პირველ მატჩს, საკუთარ მოედანზე, 2 აპრილს ფოთის „კოლხეთი-1913“-ის მეორე გუნდთან გამართავს. ლანჩხუთის კლუბი, მეზობლების გარდა, კიდევ 4 გუნდის („გაგრა“, მარტვილის „მერანი“, „სამგურალი“, „ვიტ ჯორჯია“) ფარმ-კლუბს გაეჯიბრება. წლევანდელი სეზონიც არ ჩაივლის გურული დერბის გარეშე, მეტიც „მთავარი“ გურული ჯახი ბრუნდება _ ოზურგეთის „მერცხალიც“ მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. წლის პირველი გურული დერბი 19 ივნისს, გურიის მთავარ ქალაქში შედგება. ამასთან, ეს იქნება ამ გუნდების პირველი დერბი IV ლიგაში.

კიდევ 9 გუნდი ითამაშებს გურიის ერთ დროს წამყვან ორ გუნდთან ერთად (ახლა რეგიონში „ბახმაროა“ საუკეთესო, ჩოხატაურელები მესამე ლიგაში ასპარეზობენ) _ „ალგეთი“, „არაგველები“, „ზანა“, „ზესტაფონი“, „იბერია-2010“, „ივერია“, „მაჭახელა“, „სულორი“ და „სქური“.

„გურიას“ 15 მეტოქიდან უმეტესობასთან საერთოდ არ უთამაშია, ნაწილს _ ბოლოს წლების წინ შეხვდა, ხოლო „ზესტაფონი“ და „მაჭახელაა“ ის ორი კლუბი, ვისაც გასულ სეზონშიც გაეჯიბრა.

რას ჩივი?