დღეს „გურიამ“ მეშვიდე ტურის შეხვედრა ვანში გამართა და ადგილობრივი „სულორი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე დავით გოგიჩაიშვილმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ვანო წილოსანმა გამოიჩინა.
ეს „გურიას“ ზედიზედ მეორე მოგებაა (წინა ტურში ასევე იმერული კლუბი _ წყალტუბოს „სამგურალი-2“ შინ 1:0 დაამარცხა) და მეხუთე თამაშია, რაც თემურ ლორიას შეგირდებს არ წაუგიათ. გუნდმა ერთადერთი მარცხი მეორე ტურში ხაშურში „ივერიასთან“ განიცადა _ 0:1. ის ასევე ერთადერთი შეხვედრა გახლდათ, რომელშიც „გურიამ“ გოლი გაუშვა.
ლანჩხუთის კლუბი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა ბურთების ბალანსით (+12) და ამ მაჩვენებლით ერთადერთ გუნდს _ მარნეულის „ალგეთს“ ჩამორჩება (+14), ლიგაში ყველაზე ცოტა _ 1 გოლი აქვს გაშვებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „გურიას“ მეკარე თორნიკე ხოფერიამ ჩემპიონატის პირველი 7 შეხვედრიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა, რაც „გურიას“ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა ის დამყარებულია მე-4 ლიგაში…
დღევანდლამდე საუკეთესო იყო 1990 წლის მიღწევა, როცა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის კლუბმა სასტარტო ხუთივე შეხვედრა გოლგაუშვებლად მოიგო და მხოლოდ მე-6 ტურში. ხობში ადგილობრივ „კოლხეთთან“, მოულოდნელად, 0:1 დამარცხდა.
იმ წელს „გურია“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და პირველ ეროვნულ თასსაც დაეუფლა. საინტერესოა, რომ მაშინ გუნდის მოთამაშე გახლდათ დღევანდელი „გურიას“ თავკაცი თემურ ლორია, ხოლო მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე ახლაც სამწვრთნელო შტაბშია.
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ოზურგეთის „მერცხალმაც“, რომელმაც დღეს „ვიტ-ჯორჯია-2“ 4:2 დაამარცხა, წინა ტურში კი ერთ-ერთ ლიდერს, „იბერია-2010“-ს თბილისში მოუგო (3:2). სხვათა შორის, დედაქალაქელებმა, რომლებსაც „გურიას“ ყოფილი მეკარე გუბაზ დოლიძე წვრთნის, პირველი ქულები, ერთი ტურით ადრე, ლანჩხუთში დაკარგეს (0:0), მანამდე კი, ზედიზედ 4 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული.
მომდევნო შეხვედრას გურული კლუბები 21 მაისს გამართავენ _ „გურია“ წალენჯიხის „სქურს“ უმასპინძლებს, ხოლო ოზურგეთელები „არაგველებს“ ესტუმრებიან.
14.05.2025 | ვანი, გრიგოლ ნიკოლაიშვილი | სულორი 0:2 გურია | 0:1 გოგიჩაიშვილი (18′), 0:2 წილოსანი (90+3′)
გურია: ხოფერია, ჯღამაია, შანიძე, ხაჭაპურიძე, ვარდიაშვილი, შარვაძე (83′ ლომაძე), სულაძე, ზაქარაშვილი, გოგიჩაიშვილი (90+4′ კერხანოჩიევი), შარაშენიძე, წილოსანი