დიდი მაესტრო და ნიჭის ზეიმი ლანჩხუთში… კარლ ჩერნის სახელობის II მუსიკალური კონკურსიც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს

|

Loading

ვალერიან შიუკაშვილი ნორჩ პიანისტებთან ერთად

ლანჩხუთი ხუთი დღის განმავლობაში მუსიკით ცხოვრობს. ქალაქის ცენტრში სამუსიკო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამოკრული ტრანსპარანტი მიგვანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტი სახელოვანი კომპოზიტორის, კარლ ჩერნის მეორე კონკურსს მასპინძლობს.

ჩეხური წარმოშობის ავსტრიელი კომპოზიტორი და პიანისტი კარლ ჩერნი საუკეთესო მასწავლებლად ითვლებოდა და იმისთვის, რომ ბავშვები უკეთ დაუფლებოდნენ ფორტეპიანოს, იგი თავის ეტიუდებს იყენებდა. შექმნილი აქვს 800-ზე მეტი ეტიუდი, სწორედ ამან გაუთქვა მას სახელი.

ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებთან ერთად კონკურსში წელსაც რამდენიმე ქალაქის ნორჩი პიანისტებიც მონაწილეობენ, რომელთა  გამოსვლებს კომპეტენტური ჟიური აფასებს ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის, ვალერიან შიუკაშვილის თავკაცობით. ბატონო ვალერიანი გახლავთ კიდეც ამ მასშტაბური კონკურსის მთავარი სულისჩამდგმელიც.

კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. მასში 100-მდე ნორჩი პიანისტი მონაწილეობს. დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასულები, ასევე გამოვლინდება მაყურებლის სიმპათია, ხოლო ვალერიან შიუკაშვილის პერსონალური პრიზი არტისტიზმისთვის გადაეცემა გამარჯვებულს.

ბატონი ვალერიანი ასევე საკუთარი ფინანსებით აჯილდოებს თავის რჩეულს. გასულ წელს ასეთი ბათუმელი პიანისტი ბექა სიხარულიძე გახლდათ, რომელიც წელს ჟიურის წევრია ვიქტორია ჩაპლინსკაიასა და ნინო ჟვანიასთან ერთად. ისინი წინა კონკურსზეც იგივე ფუნქციებს ასრულებდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრის წოდება ოთხი სკოლის ხელმძღვანელს, მათ შორის, ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობისა და სუფსის სამუსიკო სკოლის დირექტორებს, მაია ჩავლეიშვილსა და ნანი მარგალიტაძეს მიენიჭათ. ასევე, ხელოვნების აკადემიამ დააჯილდოვა ღვაწლმოსილი მასწავლებლებიც: მარინე ტუღუში, მზია დუნდუა, ცისანა მექვაბიშვილი, ნინო პატარაია-ლომაძე, ეთერ კუნჭულია, ლილი სამსონია, ლალი გავაშელაშვილი, რუსუდან სიხარულიძე (ყველა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა), ნანი მარგალიძე, ნარგიზ სიმონიშვილი (სუფსის სამუსიკო სკოლა).

კონკურსის ჟიური

ლანჩხუთელ პედაგოგებს ხელოვნების აკადემიის ხელმძღვანელის ხელმოწერილი სიგელები გადაეცათ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და მუსიკალურ-საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

კონკურსი მორე წელია უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. „მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს მუსიკის ზეიმისთვის და ბავშვების გახარებისთვის. განსაკუთრებულად გამორჩეული, ლამაზი, დასამახსოვრებელი და ხალისიანი ფინალი იყო“, _ აღნიშნული იყო ზესტაფონის ხელოვნების სკოლის ფეისბუქგვერდზე, სადაც პერსონალურ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს: ვალერიან შიუკაშვილს, მაია ჩავლეიშვილსა და ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების დირექტორს, ლია ურუშაძეს.

გასულ წელს, სტუმრებმა კონკურსიდან  თავისუფალ დროს ჯიხეთის დედათა მონასტერიც მოინახულეს და ნანახით აღფრთოვანება ვერ დამალეს. „აი, როგორ სამოთხეში წაგვიყვანა ვაკო შიუკაშვილმა _ ჯიხეთის დედათა მონასტერში და ეს დღე დააგვირგვინა ბექა სიხარულიძის შესანიშნავი კონცერტით“, _ დაწერა სოციალურ ქსელში ჟიურის  წევრმა ვიქტორია ჩაპლინსკაიამ.

მისი კოლეგა ნინო ჟვანია კი წერდა: „წარვედ გადაღლილი ჯიხეთის დედათა მონასტერში ფიქრთ გასართველად,… დავისვენე და ადამიანს დავემსგავსე“.

ლანჩხუთში მიმდინარე  კონკუსი 6 ივნისს გალა-კონცერტით დასრულდება, სადაც ჟიურის წევრები შეასრულებენ ნომრებს.

რას ჩივი?