„ბუხარში ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ავარვარებულ „კელამიდებზე“ ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები დააფინა…“
გურიაში,სადაც ყველაზე მეტად ჭარბობდა ათეისტური ხასიათის აზროვნება, დანგრეული ეკლესიების რაოდენობა და „უეკლესიოდ“ ცხოვრება, ყველაზე დიდი პატივით ქრისტეშობა აღინიშნებოდა (დღესაც ასეა)…
… ბუხარში წიფლის შეშის ნაკვერჩხალი წვერწატეხილი მოკლე ბარის პირით ჩატეხა, კუთხეში ალისფრად ავარვარებულ თიხის კეცებზე („კელამიდებზე“) ტყიდან მოტანილი შკერის ფოთლები დააფინა….
დაბალ ხის მაგიდაზე, მინის ჯამში შუაში გაჭრილი კვერცხი და საგანგებოდ მომზადებული ყველიანი შიგთავსი დაალაგა და ცომის გაბრტყელება დაიწყო…
წითელ თასში აფუებული ცომი, მართლაც ორსული ქალის მუცელს მოჰგავდა… და ისიც, წუთებდათვლილი ელოდა შველას…
დაბადების მოლოდინი იყო ყველგან, ეზოში, ბოსელში, ბუხრის პირას თუ სიმარტოვითა და თოვლით დაფარულ მიტოვებულ სოფელში…
მაშინ არ ვიცოდი. რა მადლი იყო ქრისტეშობის იმ იდუმალ ღამეში… თორემ ბავშვურ, სუფთა გულში ნანატრი სურვილი აუცილებლად შემისრულდებოდა…
_ მოი, ბები, დამეხმარე, დედაღვთისას პური გამოვუცხოთ…
მოდი,შენი პატარა ხელებით მოვამთვაროთ პატარა ცომის გუნდები…
ცხელ კეცებზე დავალაგოთ და ღადარში გამოვაცხოთ ერთად…
….ამაღამ ცაზე ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი აციმციმდება, ღვთისმშობელი დედა ღმერთს გააჩენს, ჩვენ კი მზად უნდა დავხვდეთ, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარს…
გამოვაცხოთ ღვეზლები და სანთელი ავუნთოთ მის მობრძანებას (თაფლის სანთელი ბაბუაშენმა ჩამოქნა და გასაშრობადაა აგერ დაწყობილი)…
_ ბები, მართლა მოვა ღვთისმშობელი?
_ კი, ბები, მართლა მოვა….
_ კიდევ ვის მოიყვანს?
_ შენ ვინ გინდა რომ მოიყვანოს, ბები?
მე ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ ბებია უსიტყვოდ მიხვდა რაც უნდა მეთქვა…
შემხედა, ცრემლები გადმოსცვივდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
_ შენი მამიკო ზეცაშია, შვილო…
ჩვენ გავაკეთოთ დედაღვთისას პურები…
და ყველას გავუგზავნოთ…
ვინც გვენატრება, ვისაც ვერ ვნახავთ და ვინც ვერასოდეს მოვა ჩვენთან, ყველას სახელზე თითო ღვეზელი გამოვაცხოთ…. და დავარიგოთ…
იქ, იმიერ სამყაროში, ჩვენგან გაგზავნილი მოწყალება აუცილებლად მიაღწევს…
_ აუ, რა მაგარია, ბე…
ცომიანი ხელებით ტაში ისე შემოვკარი, მეგონა სამუდამოდ მიმეწება თითები ერთმანეთზე…
…შუაღამისას დავამთავრეთ ღვეზლების გამოცხობა მე და ბებიამ, „ჩემი სიგრძე“ სანთელიც დავანთეთ და დავიძინეთ….
არ ვიცი, რა მესიზმრა იმ ღამით, მაგრამ ძალიან მინდოდა მალე გათენებულიყო…
ღვთისმშობლის მომლიდინე ფიქრებში ჩამეძინა…
… დილით ბაბუს დაწნულ კალათში ალისფერი, მამლის გამოსახულებიანი ტილო ჩავაფინეთ მე და ბებიამ და გავუყევით სოფლის გზას…
გზის კიდეებზე თოვლი გროვებად ეყარა…
საცალფეხო ბილიკს მხოლოდ ჩვენი ნაბიჯები ეტყობოდა…
წარა-მარა უკან ვიხედებოდი, რადგან შორიდან უფრო ლამაზად მოსჩანდა ჩვენგან გაკვალული ბილიკი…
_ ყველა გზაზე უფალი წაიმძღვარე, შვილო, ღვთისმშობელი დედა გფარავდეს ყოველთვის…
მლოცავდა ბებია, ეს ლოცვა იყო, ალბათ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ადამიანს სიტყვით შეეძლო…
_ აქანე ავადმყოფი ცხოვრობს, ბები, მიდი მიირბინე, შობა მიულოცე და ღვეზელი მიუტანე….
მეც სიხარულით ვასრულებდი დავალებას… სახლიდან სახლში ვარიგებდით სახელ დარქმეულებს~…
ასე სიარულში დღე და ღვეზლებით სავსე კალათა, ერთდროულად დავასრულეთ…
მოკლედ, საღამომდე ყველა ობოლს, ღარიბს და ავადმყოფს მივაწვდინეთ დედაღვთისას პური. გზაში სიარულისგან დაღლილმა მახსოვს ბებიას ვკითხე:
_ ბები,შენ რომ მითხარი ღვთისმშობელი მოვაო, მომატყუე? _ ვკითხე ჩუმი ხმით და თავდახრილი დაველოდე მის პასუხს….
– არა, ჩემო გოგო, არ მომიტყუებიხარ, წუხელ შენ რომ გეძინა, მაშინ მოვიდა ღვთისმშობელი, გულში ახალშობილი უფალი ჩაგვისვა და მალე წავიდა…
_ მართლა? _ გაოცებისგანცრემლები გადმომცვივდა…
_ ჰო, მართლა, შვილო….
_ უფალი გულში დაგვიტოვა?
_ კი, ჩემო თვალის სინათლევ! და დამიბარა: გაუფრთხილდით, შეიყვარეთ და როცა რამე გაგიჭირდებათ, შემწეობა სთხოვეთ, იგი ყველგან და ყოველთვის დაგიფარავთო….
_ რა კეთილია, ბები, ღვთისმშობელი… თავისი შვილი მოგვიყვანა… და ჩვენთან დატოვა…
_ ჰო, კეთილი და მოწყალეა, შვილო… _ აცრემლებული მპასუხობდა ბებია და ხელჩაკიდებული მივყავდი სახლისკენ…
მივდიოდი გულზე დადებული ხელით, მინდოდა მეგრძნო უფლის არსებობა ჩემს გულში…
სადაც შობის ღამეს, ღვთისმშობელმა ღმერთი დამიტოვა…
მინდოდა ის წუთი დამდგარიყო, როცა თხოვნა მექნებოდა მასთან და მის შემწეობას ცხადად ვიგრძნობდი…
…და ახლა, წლების მერე ვიპოვე გულში გადამალული მაცხოვარი, შობის ღამეს რომ ყველას გულში იბადება…
მაგდა ჩხარტიშვილი