გურიის 16 გუბერნატორიდან „ოცნების“ 5 გიორგი… მიხეილ ჭკუასელიდან გიორგი ღურჯუმელიძემდე, რომელმაც გიორგობა დღეს გიორგი ურუშაძე შეცვალა

|

Loading

გურიის გუბერნატორები | „გურია თუდეის“ ფოტოკოლაჟი

დღეს გურიას რიგით მე-16 გუბერნატორი დაუნიშნეს _ გიორგი ღურჯუმელიძემ გიორგი ურუშაძე გიორგობა დღეს შეცვალა. სხვათა შორის, „ქართულ ოცნების“ 7 გუბერნატორიდან 5-ის სახელი გიორგია.

ყველაზე ცოტა _ სამი გუბერნატორი ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, რომლის დროსაც შემოიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი. რეგიონის პირველი თავკაცი 25 წლის მიხეილ ჭკუასელი გახლდათ, რომელიც სხვათა შორის, 23 წლის ასაკში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 27 წლისა ფინანსთა მინისტრად გადაიყვანეს. დღემდე იგი არის ყველაზე ახალგაზრდა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა და ერთადერთი, რომელიც გურიიდან პირდაპირ მინისტრად დააწინაურეს.

მისი მემკვიდრე ოლეგ ნიკოლეიშვილიც ფინანსთა სამინისტროში გადაიყვანეს, ოღონდ _ მინისტრის მოადგილედ. თითქმის 5 წელი გურიას კარლო გუჯაბიძე თავკაცობდა, რომელიც მხარის რწმუნებულად დაწინაურებული ლანჩხუთის ერთადერთი ყოფილი გამგებელია.

ასევე ერთადერთია, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ხელისუფლების შეცვლისთანავე გადადგა თანამდებობიდან. მართალია, მორიგი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ პოსტის დატოვება ვალერი ჩიტაიშვილსაც მოუხდა, მაგრამ მან „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კიდევ ერთი წელი იმუშავა _ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რითაც გუბერნატორობის ყველაზე დიდი „სტაჟი“ დაუგროვდა. ჩიტაიშვილი გუბერნატორად დაწინაურებული ოზურგეთის პირველი გამგებელია და 5 წელზე მეტხანს იყო მხარის პირველი პირი, აქედან _ რამდენიმე თვის განმავლობაში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. ეს მას შემდეგ, რაც წინამორბედმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა.

მოგვიანებით, ნიკოლაიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრადაც დაინიშნა, ასევე გურიის ერთადერთი გუბერნატორია, რომელიც შემდგომში პარლამენტარი გახდა, თანაც სამჯერ.

სამაგიეროდ, პარლამენტიდან გურიის თავკაცდად გადმოიყვანეს წინა ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე ცინცაძე, რომელიც მალევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს.

მისი შემცვლელი კი მიხო სვიმონიშვილი იყო, რომელიც გურიაში გუბერნატორად დანიშნული ერთადერთი მინისტრი [სოფლის მეურნეობის] გახლდათ. რეგიონიდან „წყალი მარგებელის“ [„ნაბეღლავი”] მფლობელს ჩეხეთში ელჩად დანიშვნას უპირებდნენ, მაგრამ სვიმონიშვილმა ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა.

წინა ხელისუფლების დროს („ნაციონალური მოძრაობა“) პირველი გუბერნატორი ვახტანგ გოლიაძე იყო, იგი რამდენიმე თვეში შეცვალა ჟანი კალანდაძემ, რომელიც მის შემდეგ დანიშნული ცინცაძის დარად, მანამდე პარლამენტის წევრი გახლდათ. კალანდაძე ავტოავარიაში დაიღუპა, მის მოვალეობას რამდენიმე თვის მანძილზე მოადგილე ირაკლი გორგაძე ასრულებდა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას, 2013 წლის ბოლოს პირველად დაუნიშნა გურიას გუბერნატორი და ეს ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძე გახლდათ, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში გადადგა და რამდენიმე თვე თანამდებობა ვაკანტური იყო. შემდეგ ორ-ორი წელი რეგიონს ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე და ოზურგეთის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე თავკაცობდნენ.

როგორც ხედავთ, გურიის მთავარი ქალაქის ორი თავკაცი (ჩიტაიშვილი, ჭანუყვაძე) გახდა გუბერნატორი, ხოლო ლანჩხუთის მერი/გამგებლებიდან ეს პატივი ერთს (გუჯაბიძე) ერგო. არასდროს გამხდარა ჩოხატაურის პირველი პირი მხარის რწმუნებული.

ყველაზე დიდხანს (3-3 წელი) „ოცნების“ გუბერნატორებიდან გურიაში იმუშავეს ზურაბ ნასარაიამ და გიორგი ურუშაძემ, რომელიც გიორგობა დღეს შეცვალა გიორგი ღურჯუმელიძემ. თავის მხრივ, ურუშაძემაც სეხნია შეცვალა _ გიორგი სახოკიამ გურიაში გუბერნატორებიდან ყველაზე ცოტა ხნით _ მხოლოდ 4,5 თვით იმუშავა.

გურიის ახალი თავკაცი რეგიონის მე-16 გუბერნატორია. ედუარდ შევარდნაძეს 8 წელიწადში 3 გუბერნატორი ჰყავდა, მიხეილ სააკაშვილს 10 წელიწადში _ 6. „ქართულ ოცნებას“ 12 წელიწადში მეშვიდე რწმუნებული ჰყავს.

მთავარ ფოტოზე: დიდი ფონით _ პირველი გუბერნატორი მიხეილ ჭკუასელი, მარცხნივ ზემოთ _ ვალერი ჩიტაიშვილი, რომელიც ყველაზე დიდხანს თავკაცობდა რეგიონს, მარჯვნივ ზემოთ _ გიორგი ურუშაძე და მისი შემცვლელი გიორგი ღურჯუმელიძე, ქვემოთ _ გუბერნატორად დანიშნული მინისტრი მიხო სვიმონიშვილი და გიორგი სახოკია, რომელიც ყველაზე ცოტა ხნით იყო მხარის პირველი პირი.

რას ჩივი?