„გურიის მოამბეს“ ცნობით, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა იგი ქელეხიდან გამოვიდა და მასში ჩაჯდა.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა.
„ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა“ _ წერს გამოცემა.
ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში აცხადებენ, რომ “პაციენტს ტერფის ძვლები აქვს დაზიანებული“. კლინიკის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე „პირველებთან“ ამბობს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის თვითდინებით, კერძო ავტომობილით, თბილისში, სავარაუდოდ, კლინიკაში წავიდა.
„მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ტერფის ძვლები ჰქონდა დაზიანებული და თვითონ უნდოდა თბილისი და კერძო, საკუთარი მანქანით წავიდა თბილისში. დახმარება, რა თქმა უნდა სჭირდებოდა, მაგრამ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ თბილისში მირჩევნიაო და წავიდა თბილისში. მიზეზი ჩვენთან არ უთქვამს. სამსახურიდან მე წამოვედი სადღაც, იყო 6-ის ნახევარი და მაგ დროისათვის მოიყვანეს“ – ამბობს ექიმი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.


