წუხელ დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი 5 მგზავრიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
გარდაცვლილთა შორისაა 29 წლის ზურა გელაშვილი _ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებისა და „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი. ჯერ კიდევ 17 წლის პერსპექტიულ მცველს ქუთაისის „ტორპედოში“ შემადგენლობაში ქვეყნის მთავარ ლიგაში ჰქონდა დებიუტი, მერე ასევე უმაღლესლიგელ „რუსთავში“ გადავიდა, მალევე კი ლანჩხუთის კლუბში ჩაირიცხა და მის რიგებშიც პროლიგაში ასპარეზობდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაზე ფიქრობდა და შეთავაზებებიც ჰქონდა, კლუბს ქვედა ლიგაშიც უერთგულა.

ავარია ბორჯომის შესასვლელთან | ფოტო „სამხრეთის კარიბჭე“
„ამას ერთად-ერთი ახსნა აქვს – იმიტომ დავთანხმდი, რომ კლუბის ტრადიციული და ამბიციურია. თავისი ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, ამ გუნდისთვის ასეთ დონეზე თამაში სირცხვილი იყო. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბია და მისი ფორმით თამაში სასიამოვნო იყო. გუნდში 2015 წელს გადავედი, როდესაც უმაღლეს ლიგაში იყო და 2 წელი მთავარ ქართულ ლიგაში გამოვდიოდი. ლანჩხუთში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ, “გურიათი” ცხოვრობენ და სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით მათი გახარება და ჩავარდნის მერე “გურია” ერთი საფეხურით ზემოთ ითამაშებს“ _ ამბობდა ზურა 2019 წელს, როცა „გურიამ“ პლეი-ოფში წყალტუბოს „სამგურალს“ აჯობა და ლიგა-2-ში დაბრუნდა.
იგი შეცდომად თვლიდა 2017 წელს „გურიადან“ წასვლას, სამწუხაროდ, მალე ტრავმა მიიღო. ლანჩხუთში ერთხელაც დაბრუნდა, სხვა ქართულ კლუბებშიც ითამაშა, მაგრამ რასაც მისგან მოელოდნენ, ისეთი ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო…
ამჟამად, ზურა გელაშვილი ახალციხეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. „მისი სიკეთე, ერთგულება და შემართება სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“ _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ყოველთვის თბილად იხსენებდა „გურიაში“ გატარებულ დროს და როცა საშუალება მიეცემოდა, მუდამ აღნიშნავდა ლანჩხუთის და აქაური გულშემატკივრების სიყვარულს.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ზურა გელაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.