„გურიასთვის“ დათარსული „მცხეთა-პარკი“: საბედისწერო 93-ე და… ბოლო ტურში, „არაგველებთან“ არ უნდა წავაგოთ: „მერცხალი“ (გა)დარჩა, „ბახმარო“ _ ვერა

|

Loading

ლანჩხუთელთა სიხარული მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა | გია პატარაიას ფოტო მცხეთიდან

დღეს „გურია“ ძალიან ახლოს იყო მესამე ლიგის საგზურთან _ მატჩის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე, წინა შეხვედრაში ჰეთ თრიკის ავტორმა და გურულთა მთავარმა მეგოლემ, ვანო შარვაძე ანგარიში გახსნა _ მან ვანო წილოსანის ჩაწოდებული ულამაზესი დარტყმით მოათავსა კარის ბადეში, 1:0.

უნდა ითქვას, რომ წილოსანი გურულ დერბიში დაშავდა, მაგრამ ვითარების გამო, მწვრთნელებმა იგი თამაში ჩართეს და მოედანზე შესვლიდან 6 წუთში საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა. გურულებს დისკვალიფიკაციის გამო, ლაშა ჯღამაია და ანრი ზაქარაშვილი აკლდათ.

თემურ ლორიას შეგირდებმა ძირითად დროში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს, მაგრამ დამატებულ წუთებზე მასპინძლებმა პენალტის უფლება მოიპოვეს, 1:1 და… „გურიას“ ზეიმი მინიმუმ მომდევნო ტურისთვის გადაიდო.

მატჩის ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გაურკვეველია მსაჯის გადაწყვეტილება, თუ რა დარღვევის გამო დასაჯა გურულები 93-ე წუთზე…

ლანჩხუთელებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს,რადგან ვადამდე გაენარდებინათ მესამე ლიგაში გადასვლა, თორემ ბოლო ტურში ქულა, „ვიტ ჯორჯია-2“-თან დღეს წაგების შემთხვევაშიც, მათ საგზურს მოუტანდა _ თანაბარი ქულის დაგროვება მხოლოდ წალენჯიხის „სქურს“ შეეძლო, ვისთანაც ურთიერთშეხვედრებში „გურიას“ უპირატესობა აქვს.

ახლა კი სამ გუნდს აქვს 56 ქულის დაგროვების შანსი და შესაძლოა, „გურიას“, „სქურსა“ და „არაგველებს“ შორის ერთადერთი დარჩენილი საგზურის ბედი ურთიერშეხვედრებმა გადაწყვიტოს…

„მცხეთა-პარკი“ ლანჩხუთელებისთვის აშკარად დათარსულია _ 2012 წელს უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად „გურიას“ ფრე ჰყოფნიდა და „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:3 წააგო.

იმედია, ამჯერად გუნდი ბოლო ტურში საჭირო ქულის მოპოვებას შეძლებს მთავარ კონკურენტ „არაგველებთან“ შეხვედრაში და კითხვის ნიშნები არ დაისმება იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავაჟღერეთ _ „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს.

ფინალის ტოლფასი შეხვედრა 26 ნოემბერს, ლანჩხუთში, „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ჩატარდება და „გურიას“ ქულა სჭირდება მესამე ლიგაში დასაბრუნებლად. სხვა შემთხვევაში, გაისად მეოთხე ლიგაში სამი გურული კლუბი ითამაშებს _ ჩოხატაურის „ბახმარო“ უკვე ოფიციალურად დაქვეითდა, ხოლო ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს გაინაღდა ლიგაში ადგილი.

მესამე ადგილისთვის ისევ სამი გუნდი იბრძვის: „გურიას“ ქულა ჰყოფნის, „სქურსა“ და „არაგველებს“ შესაძლოა, მოგებაც არ ეყოთ…

გურიის მთავარ ქალაქში 8 გოლი გავიდა _ „მერცხალმა“ 5:3 მოუგო წყალტუბოს „სამგურალის“ ფარმ-კლუბს და მიუწვდომელია „ზესტაფონისგან“, რომელსაც ორიოდ ტურის წინ გურულებმა სტუმრად მოუგეს და ფაქტობრივად, იმ შეხვედრაში გადაწყდა ყველაფერი.

რამდენჯერმე „გურიას“ კონკურენტებიც „გააჩერეს“ გურიის მთავარ ქალაქში. რამდენად ეყოფათ ეს ლანჩხუთლებს, 26-ში გამოჩნდება…

19.11.2025 | ოზურგეთი, „მეგობრობა“ | მერცხალი 5:3 სამგურალი-2

1:0 ჭანუყვაძე (7), 2:0, 3:1 კაშია (18,40), 2:1 ჩხეტიანი (38), 4:1, 5:2 მარშანიშვილი (52,59), 4:2 მანჯგალაძე (55), 5:3 გოლეთიანი (90+2. პენ)

მერცხალი: ლ. ლომაძე, სურგულაძე, კოტრიკაძე, მუჯირი, მარშანიშვილი (63. გოგელია), ცერცვაძე (75. ანთიძე), ჭანუყვაძე (82. კუნჭულია), ალიევი (75. წიტაიშვილი), ბოლქვაძე, კაშია (46. ჩხაიძე), მაჭავარიანი

19.11.2025 | მცხეთა, „მცხეთა-პარკი“ | ვიტ ჯორჯია-2 1:1 გურია

0:1 შარვაძე (81), 1:1 აბესაძე (90+3. პენ)

გურია: ხვედელიძე, ვარდიაშვილი, კოკაია, ხაჭაპურიძე, შანიძე, ანდღულაძე, გოგიჩაიშვილი (43. შალიკაშვილი), ბახია, შარვაძე, სულაძე (75. წილოსანი), შარაშენიძე (88. თ. ლომაძე)

რას ჩივი?