დღეს „გურიამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი-2“ თამაზ შალიკაშვილის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და 6 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხილში მესამე ადგილამდე აინაცვლა.
მართალია, ტურის რამდენიმე შეხვედრა ხვალ გაიმართება, მაგრამ გადასწრების შანსი მხოლოდ „ალგეთსა“ და „სქურს“ აქვს, თუ თავიანთ შეხვედრებს მოიგებენ.
ლანჩხუთელები კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა კარს „მშრალად“ ინახავენ, სულ კი სეზონის დაწყებიდან 6 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაუშვეს _ 0:1 _ ხაშურში, „ივერიასთან“, რაც ამ უკანასკნელთან ერთად ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. გატანილი გოლების (11) მხრივ კი, მხოლოდ ორ გუნდს ჩამორჩებიან _ „ალგეთსა“ (18) და „იბერია-2010“-ს (14), რომელსაც წინა ტურში „გურიამ“ დააკარგვინა ამ სეზონში პირველი ქულები. თემურ ლორიას გუნდი ასევე ლიდერობს ბურთების ბალანსის მხრივ (+10) და უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ზემონახსენებ „ალგეთს“ აქვს (+11).

„გურიამ“ მინიმუმ ერთი დღით მესამე ადგილზე აინაცვლა
კიდევ ერთი გურული კლუბი ოზურგეთის „მერცხალი“, რომელსაც 5 ქულა აქვს, ხვალ მეორე ადგილზე მყოფ „იბერია-2010“-ს ესტუმრება. „გურია“ კი მორიგ შეხვედრასაც იმერულ კლუბთან გამართავს _ 14 მაისს, ვანში „სულორს“ ესტუმრება.
06.05.2025 | ლანჩხუთი, ევგ. შევარდნაძე | გურია 1:0 სამგურალი-2 | 1:0 შალიკაშვილი (68′)
გურია | ხოფერია, ვარდიაშვილი, ზაქარაშვილი, ხაჭაპურიძე, კოკაია, შანიძე, სულაძე, შალიკაშვილი (76′ შარვაძე), გოგიჩაიშვილი, შარაშენიძე (90+3′ ლომაძე), წილოსანი