15 წლის ბიჭი, რომელიც დღეს მდინარე სუფსაში დაიხრჩო, გიორგი თირქიაა სოფელ ჩიბათიდან. როგორც მისი ახლობლები გვიყვებიან, გიოს მამა გარდაცვლილი ჰყავს და ახლა დედის სოფელში ცხოვრობდა. დედა მირანდა ძიმისტარიშვილია. მას სახლში 87 წლის მამა ჰყავს, გიოს _ უმცროსი და-ძმა და დედას 15 წლის ბიჭის დიდი იმედი ჰქონდა.
„გიო, როგორ მეგონა, რომ ცოცხალს გიპოვიდნენ… სულ რაღაც 15 წლის იყავი, ბიჭო. აგვისტოში დაიბადე და აგვისტოში დაგვტოვე. გული გამიგლიჯე, ბიჭო, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდი. უკვე მერამდენე ახალგაზრდას გულის ფეთქვა გაჩერდა ჩვენს კუთხეში, მხოლოდ 15 წლის იყავი. კეთილი, ზრდილობიანი, მორიდებული. ოჯახის და კუთხის იმედად იზრდებოდი. აგვისტოში გაახარე დედის გული შენი დაბადებით და აგვისტოში გაუგლიჯე გული შენი წასვლით. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, მჯერა, სამოთხეში იქნები“ _ ამბობს ოჯახის ახლობელი ნანა კუკულავა.
დღეს, 15 წლის გიორგი თირქია მეგობართან ერთად სოფელ სუფსაში საბანაოდ წავიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი მდინარემ ჩაითრია და სამწუხაროდ, მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს გიორგი თირქიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.