„გია თვალავაძე ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. იგი დააკავეს იმის გამო, რომ დააჯარიმა აფთიაქები, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე „კრიშავდა“

|

Loading

გია თვალავაძის სასამართლო პროცესი | 2018 წლის ოქტომბერი

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სკანდალური განცხადება „ტვ-პირველის“ ეთერში გააკეთა.

„მინდა ვახსენო ერთი პიროვნები, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. გია თვალავაძე _ თუ გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი. ის იყო [ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების] სააგენტოს უფროსი, რომელიც დააკავეს, რომლის მიმართაც მოაწყვეს საჩვენებელი დაკავება, თითქოს ეს ადამიანი მფარველობდა გარკვეულ აფთიაქებს. „კრიშავდა” – ეს ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, სინამდვილეში, ეს ადამიანი თავის საქმეს აკეთებდა ღირსეულად, ობიექტურად ამოწმებდა აფთიაქებს. მან არაერთი აფთიაქი დააჯარიმა დარღვევების გამო და არაერთ აფთიაქს შეუჩერა ლიცენზია _ განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გია თვალავაძე მაშინდელი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით მოიშორეს:

„რატომ გადაეკიდა ოთარ ფარცხალაძე? იმიტომ, რომ, მან დააჯარიმა აფთიაქები, რომლებსაც „კრიშავდა” თავად ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძისა და გია თვალავაძის ინტერესები გადაიკვეთა, თუმცა გია თვალავაძეს არანაირი ინტერესი არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ ღირსეულად ემუშავა და ეკეთებინა თავისი საქმე და იცით, რა გაუკეთეს ამ ადამიანს? შეუკერეს აბსურდული, სამარცხვინო სისხლის სამართლის საქმე, გაუშვეს წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანი 7 წლის განმავლობაში იბრძოდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ახლახანს, მართლაც ღირსეულმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ის გაამართლა. თუმცა ამ ადამიანმა დაკარგა სამსახური, მიიღო უდიდესი ტრამვა. შემდეგ რა ხდებოდა, ეს ადამიანი რომ დააკავეს? ის აფთიაქები, რომელსაც „კრიშავდა“ ოთარ ფარცხალაძე, ბედნიერად და არხეინად აგრძელებდნენ თავიანთ უკანონო საქმიანობას _ თქვა ტარიელ კაკაბაძემ.

ლანჩხუთში არავის სჯეროდა იმ ბრალის, რაც 2018 წელს სუს-მა გია თვალავაძეს წაუყენა. საქმის მასალებით,  თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია, თავის მხრივ კი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

ვინც გია თვალავაძეს იცნობს, იცის, რომ ბრალდება თავიდანვე აბსურდული იყო. მთელი ცხოვრება სხვათა დახმარებაზე მზრუნველი, უაღრესად კანონმორჩილი და პატიოსანი მოხელე ზემოხსენებული დანაშაულების ჩამდენი არ იყო. მაშინვე ითქვა, რომ იგი ვიღაცის ინტერესებს შეეწირა.

ლანჩხუთში გია თვალავაძის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, შეგროვდა 5 ათასზე მეტი ხელმოწერა. მას თავდებში დაუდგნენ ცნობილი სახეები და პრალმენტარები, მათ შორის, ლანჩხუთის მაჟორიტარი ნინო წილოსანი. ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია და სჯერა, რომ მისი სიმართლე დამტკიცდება.

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გირაოთი გაათავისუფლეს. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რამდენჯერმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 7 წლის შემდეგ, 2025 წელს ყოფილი მაღალჩინოსანი სრულად გამართლდა.

გია თვალავაძემ ლანჩხუთში სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ქირურგად მუშაობდა ჯერ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 1998 წელს იგი დაინიშნა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის დირექტორად. 2001-2003 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად. ასევე იყო       მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საქვეუწყებო დაწესებულების უფროსად დაინიშნა 2006 წლის დასაწყისში, ხოლო იმავე სააგენტოს როგორც სსიპ-ის უფროსად –  2012 წელს. ერთი წლით ადრე მან ღირსების ორდენი მიიღო.

რას ჩივი?