გვახსოვხართ, ბიჭებო! ტრაგედიები, რომელმაც საქართველო შეძრა: „სიმწარით და ტკივილით სავსე ოქტომბერი“

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: შოთა მამინაშვილი, მიშო გოგუაძე და ნიკოლოზ კილაძე

1-ელ ოქტომბერი მეორედ გახდა ბოლო ორ წელიწადში ქართული ფეხბურთში ტრაგიკული. ზუსტად ორი წლის წინ, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას” მეკარე, კარგი ახალგაზრდა მიშო გოგუაძე...

„ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, – შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო. როგორც კი მანქანა მიწაზე დაეცა, მივიდნენ დასახმარებლად, ამბობენ, ბიჭი თავისი მძღოლის სავარძლიანად უკვე უკანა სკამების ადგილზე იყო გადანაცვლებულიო, აი, რა ძლიერი იყო, რომ ამ საშინელ დაცემას გაუძლო და კიდევ ცოცხალი იყო. ერთმა ჩვენებურმა ექიმმა შემთხვევით ჩაიარა, მიშას პირველი დახმარება მან აღმოუჩინა. მიშა საოცარი ბიჭი იყო, ძმობაც საოცარი იცოდა და ფეხბურთშიც წინ მიდიოდა. ისე მოხდა, რომ მე თამაშს ადრე დავანებე თავი და მისი მწვრთნელი გავხდი. ძალიან მიჭირს მისი სიკვდილის დაჯერება. როცა ქუთაისში გადაიყვანეს, მეც გავყევი. იქ მალევე გარდაიცვალა, ეს საშინელება მე მითხრა ექიმმა, მაგრამ მამამისს ვერაფერი ვუთხარი, ვერ გავუბედე. გვერდით ვეჯექი და შევყურებდი, როცა გაიგებს, ცუდადად არ გახდეს, რაღაცით მაინც უნდა დავეხმარო-მეთქი. ჩვენი ერთი ახლობლისთვის უთქვამს, გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო. წინა დღეებში, იმავე ადგილზე „ჯიპი” და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ ერთმანეთს,ისე,რომ ელექტრობოძებიც მოთხარეს. საშინელი კატასტროფა იყო. მიშაც ამ ადგილზე დაიღუპა, სავარაუდოდ, ნაწვიმარსა და წინა ავარიისას დაქცეულ საწვავზე აცურდა მანქანა” _ ასე იხსენებდა ტრაგედიას მიშოს მეგობარი გიორგი ჩხაიძე.

„ვინც ეს ავარია დაინახა, ის ხალხი ამბობს, – შოკში ვიყავით, ცაში ავარდნილი მანქანა რომ დავინახეთო“

ზუსტად ორი წლის თავზე, დაიღუპა ასევე მეკარე _ შოთა მამინაშვილი. დამთხვევა მართლაც საბედისწეროა. შოთას პრო-ლიგა 2-ის შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა _ „ზუგდიდის“ კარის დარაჯი გახურებისას ცუდად გახდა და ჩაიკეცა. ექიმებმა იგი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვალების რამდენიმე ვერსია დასახელდა _ თრომბი, პნევმონია, ინფარქტი.

ეს თვე სამი წლის წინათაც ტრაგედიით დაგვამახსოვრდა _ ავარიის დროს დაიღუპა „გურიას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ნიკოლოზ კილაძე. 8 ოქტომბერს მის მოტოციკლეტს თბილისში ტრაილერი შეეჯახა. „ქართული ფეხბურთის მორიგი ტრაგედია ოქტომბრის თვეში! დღეს მიხეილ გოგუაძის გარდაცვალების დღეა და უკვე, შოთა მამინაშვილის! ორივე მეკარე! ორივე კარგი პიროვნება და ასევე კარგი სპორტსმენები! 8-ში ნიკოლოზის გარდაცვალების დღე მოდის! სიმწარით და ტკივილით სავსე ოქტომბერი!! ცათა სასუფეველი გქონდეთ, ბიჭებო! მიყვარხართ _ წერს სოციალურ ქსელში ნიკას ძმა, ერეკლე კილაძე.

რას ჩივი?