გახსოვთ უტულა? _ მუდამ პირში სიგარეტგაჩრილი ლანჩხუთის კოლორიტი კრამიტისქუდიანი აგურის სახლიდან…

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „აჯანყებული გურულის“ ძეგლი და სიგარეტიანი კაცი

რამ გამახსენა? გასწორებულმა მიწამ და ფესვგამდგარმა გვიმრამ. აგურის ნასახიც რომ არ ჩანს ნაკვეთზე, იმან მომაგონა. ბევრჯერაც გაიყიდა ნამღვდლარი მიწა, სადაც ღვთის წიგნები ინახებოდა, ნუსხა-ხუცურით ნაბეჭდი…

დღის მანძილზე უამრავი კაცი გვერდს აუვლიდა ამ სახლს. მატარებლის სადგური ახლოს იყო და ამვლელი მგზავრი, ბუნებრივია, ჩამოივლიდა კიდეც. დღეში რამდენჯერმეც უწევდათ აგურის სახლის დანახვა. მიჩვეული თვალი და ყური არაფრად აგდებდა კრამიტისქუდიან სიმარტოვეს, რაშიც მღვდლის შვილები ცხოვრობდნენ. თითებზე ჩამოსათვლელად თუ შევხვედრილვარ ერთ მათგანს. მეორე – ლეგენდის ნაწილად დარჩა.

უტულა.

გიჟებად მონათლეს ძმები და ნათლიობა კი მთელმა ქვეყანამ მოიკიდა.

სიგარეტი ტუჩზე ჩამოკიდებული ჰქონდა, პირველად ასეთი ვნახე. ხელმოუკიდებლად მოისუნთქა ნაფაზი ჩამოქაჩული ტუჩით და ერთიანად შეგვისრუტავდა მეგონა, სანამ ბებიას არ ამოვეფარე კაბის უკან.

შემამჩნია ეს გახტომა და უფრო მოეჭუტა კვამლისგან ისედაც გაწვრილებული თვალი. მივხვდი, რომ გამიცინა. მე ლამის გავქრი. ამასობაში ბებიამ მომიძრო კაბიდან და წინ გავიგდე ჩემი თავი. მეორედ, ურიკას მიაგორებდა, ტომარა გადაფარებულს. ისევ პირში სიგარეტგაჩრილი მოგვესალმა. მე კი არა, ბებიას დაუკრა თავი. ახლა აღარ დავმალულვარ და უფრო ახლოსაც ჩავუარე. მაგარი ვარ… აგურის სახლიანის არ შემეშინდა, რომელი სახლიც ლოკოკინასავით დაჰქონა ზურგით თავის ლეგენდებიანად.

უკვე აღარ მეშინოდა.

ის დავიჯერე, რისი დაჯერებაც მომეწონა. თურმე… (როგორ მომწონს ეგ თურმე) როცა მღვდლებს დევნიდნენ წითლები და მღვდლის შვილებს რატომ უნდა დადგომოდათ მათგან კარგი, შავი დღე ადგათ წვერებიან და თმამოკონჭილ, ანაფორიან მამოებს (ლეგენდაში ასე ეწერა).

მათთან ინახებოდა ძველი წიგნები, ღვთის წიგნები, ნუსხა-ხუცურით ნაბეჭდი. იცოდნენ ბევრი, არ საცოდნარიც კი. დევნიდნენ. აქილიკებდნენ. იგდებდნენ. ერიდებოდნენ.

ძმები სალოსებივით ცხოვრობდნენ.

ადამიანებს ხომ სტანდარტული კაცუნები უყვართ. ერთნაირ პიჯაკებიანი, პორტფელიანი ხალხისთვის არც არსებობდნენ ისინი. ბაზრის მარაქაში ხშირად ერეოდნენ. ბევრში ნაკლებად ჩანდნენ და ამით უკეთ სუნთქავდნენ. ბუნებას მუქ, არ შესახებ ხალისფრად ეხამებოდნენ და უფერულდებოდნენ.

უფერული და გადახუმებული ახლა მეტი დადის ჩვენში. უბრალოდ, უფრო ხმაურიანები, ჭრელები და სასაცილოები ჩანან.

ყველა ქალაქს, უბანს ჰყავს თავისი უტულა, რომლისკენაც ხელს ვიშვერთ მოურიდებლად.

ვაკადრებთ. დავცინით.

… იმათ კიდევ სულ არ ეცინებათ და მაინც გვყვებიან ამ სიცილში.

გარშემო ათასი სხვა ხასიათის უტულები გვყავს, რომლებიც ყველაზე სუფთები, არა ყალბები, გულწრფელები, ღიმილიანები დადიან (მეც მყავდა ჩემი წილი ნანიკა, რომლის სახელის ხსენებაზე თავი მექანიკურად ემზადებოდა წამოსარტყმელად, ნანიკობისთვის).

სოფო ჩხაიძე

„გურია თუდეი“, #30 (1087), 15 მარტი, 2020 წ.

რას ჩივი?