დღეს, ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ _ აღნიშნულია განცხადებაში.