დაბადების დღეს გილოცავ, იმიერში, ჩემო ბომბორა, ჩემო გოლიათო, ჩემო შეუდარებელო ვაჟკაცო.
როგორ მინდა, ერთი წუთით მაინც ისევ დაბრუნდეს ის ბედნიერი წლები და დღეები, ისევ „მოროხროხდე“, შორიდან მეძახდე _ ,,დეიდაა“. ჩვენც, მე და გოგოები შენს ხმაზე გამოვცვივდეთ , შეგეგებოთ, ისევ აგვიტაცო ხელში, სათითაოდ დაგვატრიალო და ჩვენი ეზოკარი ისევ აივსოს ბედნიერი ხმებით…
ბევრი ცრემლი და ტანჯული დღეები გამოვიარეთ შენმა საყვარელმა ადამიანებმა ამ წლების მანძილზე, ბევრი რამ შეიცვალა, უფლის ნებით ისევ გაჩნდა და გაიზარდა ჯამბულათი შენს ეზოში,
მახსოვს, მაშინ ასე მოგილოცე _ შენს ეზოში ისევ დარბის ჯამბულათ ხოფერია, კარგი ბიჭი გაიზრდება, ბიჭი ლომის ბოკვერია…
გაიზარდა, დავაჟკაცდა, გვასახელა, იბრძოლა შენსავით გმირულად, მაგრამ…
განგებამ ისევ მოგვივლინა განსაცდელი, ისევ განმეორდა მწუხარე და შავბნელი დღეები. ახლა ორი ჯამბულათი გვყავს იმიერში, ორი ბუმბერაზი, ორი გმირი, იძინეთ მშვიდად, ჩემო ბუმბერაზებო, თქვენს ოჯახს, ყველას მიეცით ძალა, გაუმკლავდნენ თქვენზე დარდსა და მწუხარებას.
როგორ გვენატრებით, ჩემო ბიჭებო…
გულო ჭყოიძე