ლანჩხუთელებს ეროვნული გმირის, აფხაზეთში დაღუპული დათო რამიშვილის მეუღლის, ელენე როყვას გარდაცვალებამ გული გვატკინა. გთავაზობთ ქალბატონ ელენეს წერილს მეუღლისადმი, რომელიც “გურია თუდეიმ” 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა:
“მიჭირს უშენოდ… ტკივილამდე მიჭირს… ყველგან და ყოველთვის შენს ნაკვალევს დავეძებ,მაგრამ ამაოდ…
საით გავექცე საკუთარ გულს?. შენ რომ გელოდებოდა და რამდენი რამე უნდოდა შენთვის ეხარებინა,ეთქვა ჩუმად…
საით გავექცე მოგონებებს წარსულისას…
წარსულს,რომელიც მტანჯავს, მანგრევს, ცხოვრების ხალისს მიკლავს…
ნეტა იმ დროს, დათო,როგორი ბედნიერები ვიყავით და როგორ გვიახლოვდებოდა თურმე უბედურება…
სიხარული, სიყვარული, ჩვენი ამქვეყნად ერთად ყოფნა რა ხანმოკლე ყოფილა…
არ მეგონა, ამ ბედნიერ სურათებს, რომელსაც დიდი სიყვარულით ვაკვირდებოდი ყოველთვის, 6 წლის შემდეგ მწარე დაუშრობელი ცრემლებით თუ ასეთ ფრაზებს დავწერდი…
წახვედი, დათო, ჩემგან და მეც წამართვი ყველაფერი, უინტერესოა უშენოდ ჩემი ცხოვრება…
ჩემი ცხოვრება უშენოდ დიდი ტკივილია… ტკივილი, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო…
ადგილიდანაც კი ვერ დაძრა, ვერ შეარყია, ვერც მისი გალღვობა შესძლო. ვერ შეანელა, ვერც შეასუსტა, ვერ შეამსუბუქა და ვერც მისი განკურნება შესძლო…
პირიქით, რაც უფრო მეტი დრო გავიდა და გადის ჩემს ცხოვრებაში უშენოდ, ტკივილი ჩემს გულში უფრო და უფრო ღრმავდება…
მე მხოლოდ ჩვენი შვილებით, შეძენილი შვილებითა და საყვარელი, საოცარი შვილიშვილებით ვარ უზომოდ ბედნიერი და მადლობელი.
მე ვარ ამაყი, რომ ვარ დათო რამიშვილის მეუღლე!
რამდენი სითბო,სიკეთე და სიყვარული დაგითესავს ამ ხანმოკლე ცხოვრებაში. სითბო, სიკეთე სიყვარული, რომელიც ასაზრდოებს, კურნავს, იცავს, აკეთილშობილებს, აბედნიერებს, ალამაზებს, ანათებს და ათბობს ადამიანის სულსა და გულს,ისე როგორც მზე თავისი ნათელი და თბილი სხივებით ანათებს და ათბობს სამყაროს და სიცოცხლის ხალისს ჰმატებს ადამიანს.
აი, ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც მარადისობაში გადადის.
დათო, რა კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდი, არსებობ და იარსებებ ჩემი დარჩენილი სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!
დიდება შენს უკვდავ სახელს!
“მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია”, დიდება გმირებს!
გმირებს სამშობლოსადმი თავგანწირულებს, ჩვენს ვაჟკაც მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა!
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება თავისუფლებას!
მე მჯერა,რომ ჩვენი სამშობლო,საქართველო იქნება გამარჯვებული და წარმატებული ქვეყანა. მე მჯერა, რომ ჩვენი სახელოვანი გმირების მიერ სამშობლოსადმი ზვარაკად შეწირული სიცოცხლე ამაოდ არ ჩაივლის, ჩვენი ქვეყანა ეკონომიურად გაძლიერდება, გაერთიანდება. გვექნება უკეთესი ხვალინდელი დღე და მშვიდობიანი გარემო.
მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემი მეუღლის დაღუპვის შემდეგ ჩვენი ოჯახის გვერდით იდგა. გამოიჩინა თანადგომა, თანაგრძნობა, სულგრძელობა, კეთილგონიერება, ნამდვილი ადამიანობა!”