“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები, ანუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს აჭარაში

|

Loading

გარეთ ფუმფლავდა, გამჩენელი კრაჭუნა თოვს აგებდა დუნიას...

„ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი“

გურულ კალანდაზე რამდენიმე სტატია შემოგთავაზეთ. თუ როგორ ხვდებოდნენ ძველით ახალ წელს ჩვენს მეზობელ აჭარაში, ამის შესახებ ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე საუცხოოდ წერს:

„ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში“ _ დიდნენეის მოგონებები…

მაშვინ ახლით არკაცი არ ღნიშნავდა, ნენეი ცამმეტამდე კაი ხნით ადრე დეიწყებდა ხაზირობას.

ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესაის წვენს ინახვიდა და წაბლაი ხაპებიც სულ ხონდა ხაზირი. ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, ავარჩევდით კაეფს და ნალიაში შეინახდა, რუმ მერე დეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანჯერ ნაჩალობის მერე აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედვიარდით და ოზურგეთის კვირის ბაზარზე ვყიდდით.

ნაძვის ხეს არ ვდგამდით, ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და რეიზა არ ვიცი.

ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი.

ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს გამუაცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს აკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი ტყემაკარავდე მიხონდა.

შემოდგომაზე, რუმ ბუხრის თავზე აპოხტებს გამოვჰკიდავდით, ჩამეიღებდა და კვერცხში მოტაფავდა. ეი, ნენევ, რა კაი საჭმელი იყო არ იცით ახლანდელმა ბაღნებმა!

ამ დღიზა ნენეს ლეჩერიც კაი ხნის მოდუღებული ხონდა და მეზობლებლეც მიკითხული. როხსეთ ბიბილას ნამეტარი უყვარდა მისი მოდუღებული ლეჩერი და იმას სუულ პირველი მუუურბენიებდა.

თხილიან-შაქრიან დემირაი ვაშლებს ცხელი კეცით, ბუხარში მიღანილ ნაკვერჩხლებს მუუფიცხებდა. ეიიი, ბუძიკავ, სუნს დააყენებდა, კინტრიშს კოხამდე ჩაზდევდა.

კაი ყაფლამასაც ჩააბუჟბეჟებდა და მჟავე ფხალსაც შიასუნელებდა. მჟავეს დიდი დერგებით აკეთებდა და ნალიაში მიდღემჩი ხონდა შენახული. ლობიეს პარკებს, ფხალს და ფხლის ხვიტებს სუულ დიდი დერგებით მიაწყობდა ბეღლის კარს უკან. გამოსულზე ვინცხას პირი წუუხტებოდა ან მუცელი წამიეზრდებოდა, ყველაი ჩვენთან მოვდოდენ მაგის ხათრიზა.

ფელამუშს ნენეი არ აკეთებდა. ვეღარ ასწრებდა და რუმ შემოდგამდა ცეხლზე კარდალას, ბაღნები რიგრიგობით ვურევდით დიდვანი ბზის კობზებით. თაფლს ჩუუმატებდა შით და დანაყილ თხილს. ეეეხ, რა კაი რაცხა და რა კაი ხანი იყო!

მაჯუნს ვინცხა მოგვიკითხავდა. ყველაი ვერ აკეთებდა და ბევრი ამბავი და გიმიშვი-დამაკავე უნდოდა, მარა ქუმა ყოველთვის გვხონდა თავანში გამოკიდული. ხანჯერ მოვპარავდით და ხვართქლევაის ღელეში ჩევრბენდით და უჩუმურაი ვჭამდით.

მე მთელი ჩემი ბაღნობა მფერხავი ვიყაი. ერი საათით ადრე წევდოდი სახლიდან და მეზობლებში ვქერქეტებდი. რუმ დააკლდებოდა პაწაი დრო მივდოდი სახჩი. მარჯვენაი ფეხით შევდოდი. ჯიბენები კამპეტებით, ბრინჯით და ღომის კეკლებით მხონდა საფსე. იმას მუაპნევდი და ბრინჯის კეკალს _ ყოლიფერი ბევრი, ყოლიფერი ჯამთელი, დღეი გძელი, ჯანი ქვისფერი, საქონელი საფსე, ბეღელი დუდამდე, და ოდა მიდღემჩი ბედნიერი თქვა ვიტყოდი და ე, მერე დეიწყებოდა ხორხოცი, ცეკვა, ხორუმი და ტაშფანდურაი. დილამდე არ მოვშლიდით ლხინს და დარონს. ეიფსებოდა ოდა სტუმრებით.

მანამდე კაციშვილი არ წამეიჭიტინებდა. მფერხავს კაციშვილი არ მუასწრებდა. ყველას ეშინოდა და დუცეთათ თლიდა. თვარა, მერე მთელი წელი რამე იბრეთი რომ მომხთარიყო ოჯახში სულ იმას მუუწევდა წყევლა და გინება.

ბაბაი იმფერ სანთლის არაყს ხთიდა, ჩვენთან მოსული კაძახი უკან წადაუკურაი ვეღარ მიდიოდა და მერდევანზე წარწალდებოდა.

მეორე დღეს ქათმის ფერხვა გვხონდა. მარა ნენეი ახორს და კარიას ჩვენ არ გვაკარებდა, მიდღემჩი თვითონ ფერხავდა. ამ დღიზა დიდი კარდალაით სიმინდის კეკალს მოვხარჩდით, გარეთ არ გვიშვებდენ, ქათმები ეზოში არ დაკავდებიან, შორს იბოდიალებენო. ხოდა, ქი ვიჯექით მთელი დღეი ბუხრის ძირში ქეჩხოზე და ვლამბავდით დიდნენეის მოგონებებს…


გარეთ კი მთებზე და ღელიებში ფუმფლავდა. გამჩენელი კრაჭუნა თოვს აგებდა დუნიას…“

რას ჩივი?