ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შენობასთან „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი მივიდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც გუშინ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 8 პირი იმყოფება.
„ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს! საქართველო გაიმარჯვებს!“ _ ამ შეძახილებისა და სტვენის ფონზე აქციამ რამდენიმე წუთს გასტანა, რის შემდეგაც მისმა მონაწილეებმა გეზი აიღეს ბათუმისკენ, სადაც ასევე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
როგორც „გახარია საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯუმბერ ბლაგიძემ გვითხრა, ლანჩხუთის იზოლატორში სხვა 7 დაკავებულთან ერთად იმყოფება პარტიის აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მათე ცენტერაძე.
ლანჩხუთში აქციას შეუერთდა „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ჯანაშია. დაკავებულთა შორისაა მისი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ვაჟა დარჩია.