თუკი სადმე არის შემორჩენილი ძველებური მეზობლობა, სიყვარული და სტუმართმოყვარეობა _ ერთ-ერთი სწორედ წმინდა ნინოს ქუჩაზე ის ადგილია, სადაც ლანჩხუთის სინამდვილეში პირველი ხატსაყუდელი მოეწყო!
დილიდანვე ფუსფუსი იყო წმინდა ნინოს ქუჩის II შესახვევთან. ადგილობრივებმა წმინდანის დღესასწაულს საოცარი და შეიძლება ითქვას, ისტორიული ამბავი დაამთხვიეს: ლანჩხუთში პირველი ხატსაყუდელის _ ნიშის საზეიმო გახსნა.
იდეა წლების წინ ამ კუთხის მაცხოვრებელს, უსაყვარლეს ლანჩხუთელს, შაქრო წილოსანს გაუჩნდა, როცა თბილისში ყოფნისას მსგავსი ნახა და საკუთარ კუთხეში გაკეთება განიზრახა. იდეა თანაკუთხელებმა უმალ აიტაცეს, ბატონმა შაქრომ პირველი შემოწირულობაც გააკეთა და საქმეც დაიწყო.
ლანჩხუთში პირველი ნიში წმინდა ნინოს ქუჩაზე გაკეთდა
ფაქტობრივად, მთელი კუთხე მუშაობდა, გაუმართლათ, რომ ბევრი ჰყავდათ საჭირო სამუშაოების მცოდნე, ფინანსებიც თავადვე ააგროვეს.
ამ დროში, სამწუხაროდ, იდეის ავტორი გამოაკლდათ, მაგრამ მისი ხსოვნის უკვდავსაყოფადაც კიდევ უფრო მოინდომეს წმინდა ნინოს ქუჩელებმა…
სიმონ ჩხიკვაძეს ხატიც დააწერინეს და ნიშთან ერთად ისეთი დიდებული გამოვიდა, ჩვენს სათაყვანებელ წმინდანს და ამ კუთხეს რომ შეეფერება.
ივერონიდან გადმობრძანებული ხატი ნიშში დაასვენეს, სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს, ადგილობრივებსა და სრულიად ლანჩხუთს მიულოცეს ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული დღე.
ყველას უხაროდა არა მხოლოდ თავისი ქუჩის გალამაზება, არამედ იმედი, რომ მათი გაკეთებული საქმე გადამდები იქნება და ქალაქისა თუ სოფლების ქუჩებიც ხატსაყუდელებით გამშვენიერდება.
ეს ადგილები ხომ მეზობლების ხშირად შეკრების, კიდევ უფრო მეტად მოფერებისა და სიყვარულის გახდება.
სამახსოვრო ფოტო / „გურია თუდეი“
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ ქუჩის მოსახლეობას აშკარად ეტყობა, რომ სიყვარული და მოფერება ისედაც არ აკლია.
ვერ გადმოსცემ, თავად უნდა გენახათ, როგორ უსიტყვოდ იწყობოდა ქართული სუფრა ყველა თავისი დიდებულებით: მწვადი იქვე სახელდახელოდ იწვებოდა, ოჯახებიდან მოარბენინებდნენ გოჭის ხორცსა და ხაშლამას, ნამცხვრებსა და სასმელებს, კეცებიდან წამოყრილ მჭადებსა და ხაჭაპურებს…. ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ ყველაფერი დიდი სიყვარულით კეთდებოდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ: თუკი სადმე არის შემორჩენილი ძველებური მეზობლობა, სიყვარული და სტუმართმოყვარეობა _ ერთ-ერთი სწორედ წმინდა ნინოს ქუჩაზე ის ადგილია, სადაც ლანჩხუთის სინამდვილეში პირველი ხატსაყუდელი მოეწყო!
ვიდეო იხილეთ https://shorturl.at/cJDdM