არ ვიცი, ვის ეძინა ამ საწოლზე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვიდეოში მხვდება, გული მეკუმშება – თუ ბავშვებიდან რომელიმეს ეძინა, იმედია, გაღვიძება ვერ მოასწრო…
უსაშინლესი დეტალია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სანამ ჩვენ ოჯახებში და სამეზობლოში, სამეგობროში თუ რუსთაველზე ერთმანეთს შობას ვულოცავთ, საბერიოში ჯერაც დგას ფერფლად ქცეული სახლის კედლები, ხოლო ხუთი ბავშვის ცხედრისგან დარჩენილი ნაწილები ერთ სასახლეშია თავმოყრილი – იქაც ერთად არიან და ერთად დასტირიან…
ხუთშაბათს კი ერთად მიაბარებენ მშობლიურ მიწას.
წახვალ, წამოხვალ და სულ ეს ტრაგედია გახსენდება, ვერაფერზე ფიქრობ სხვაზე – რუსეთ-უკრაინის ომის დროსაც კი, როცა მთელი კორპუსები ინგრეოდა და ინგრევა, არ მახსოვს მსგავსი მასშტაბის მსხვერპლი…
ნათელი გიძღოდეთ წინ, უკანასკნელ გზაზე, ჩვენო პატარებო – გვრცხვენია, რომ ცოცხლები ვართ, რომ ვერ მოგეშველეთ, სხვას არაფერს ვგრძნობთ ახლა.
ლაშა ბერულავა, სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტი