„გურია“, რომელიც გასულ წელს IV ლიგაში დაქვეითდა, ახალ სეზონს 2 აპრილს, ფოთის „კოლხეთი-2“თან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა დღის 2 საათზე დაიწყება ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.
ლანჩხუთის კლუბი, მეზობლების გარდა, კიდევ 4 გუნდის („გაგრა“, მარტვილის „მერანი“, „სამგურალი“, „ვიტ ჯორჯია“) ფარმ-კლუბს გაეჯიბრება. წლევანდელი სეზონიც არ ჩაივლის გურული დერბის გარეშე, მეტიც „მთავარი“ გურული ჯახი ბრუნდება _ ოზურგეთის „მერცხალიც“ მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. წლის პირველი გურული დერბი 19 ივნისს, გურიის მთავარ ქალაქში შედგება. ამასთან, ეს იქნება ამ გუნდების პირველი დერბი IV ლიგაში.
კიდევ 9 გუნდი ითამაშებს გურიის ერთ დროს წამყვან ორ გუნდთან ერთად (ახლა რეგიონში „ბახმაროა“ საუკეთესო, ჩოხატაურელები მესამე ლიგაში ასპარეზობენ) _ „ალგეთი“, „არაგველები“, „ზანა“, „ზესტაფონი“, „იბერია-2010“, „ივერია“, „მაჭახელა“, „სულორი“ და „სქური“.
„გურიას“ 15 მეტოქიდან უმეტესობასთან საერთოდ არ უთამაშია, ნაწილს _ ბოლოს წლების წინ შეხვდა, ხოლო „ზესტაფონი“ და „მაჭახელაა“ ის ორი კლუბი, ვისაც გასულ სეზონშიც გაეჯიბრა.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით „გურია“ არ შეკრებილა, უცნობია სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა და ის ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც შეეცდება საქართველოს თასის პირველი მფლობელი და ქვეყნის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ზედა ლიგაში დაწინაურებას.