„მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, სხდომებზე გამოუცხადებლობაში?“ _ ვის პასუხობს ნინო მშვიდობაძე

|

Loading

ნინო მშვიდობაძე და დარეჯან ბურჭულაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე ოპოზიციონერ ჯუმბერ ბლაგიძის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ბრიფინგზე გააკეთა და „გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა (იხილეთ ბმული: https://shorturl.at/2Awp6)

„ბრალდებების კორიანტელი დაგიყენებიათ და საინტერესოა, ვინმეს კონკრეტულად გულისხმობთ თუ უმრავლესობის ყველა წევრს? მერის ხელფასს რომ ითვლით, თქვენ რაში იღებთ სადეპუტატოს, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე გამოუცხადებლობაში? ასე წერია ორგანულ კანონში? რა ვიცი, მე რომ ვკითხულობ, იქ დეპუტატის უფლებამოსილებებია ჩამოთვლილი და სხდომებზე არ უნდა ესწრებოდეს საკრებულოს წევრიო, არსად წერია… სხვათა შორის, თქვენი ფრაქციის თავმჯდომარეც მომატებულ ხელფასს იღებს, მაგრამ საკრებულოში მუშაობასა და მოვალეობების შესრულებაზე უარს ამბობს. წლის პირველ სხდომაზე იმიტომ შემობრძანდით ერთობლივად, სწორედაც რომ დავალება გქონდათ, თორემ ბიუჯეტის დამტკიცებაზე შემოხვიდოდით, თქვენ რომ მუნიციპალიტეტის მომავალი მართლა გადარდებდეთ“ _ ამბობს საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

მისივე თქმით, ჯუმბერ ბლაგიძეს მოუწევს ბრალდების დამტკიცება, რომ თურმე ტენდერებში ვართ გასვრილები და მანქანებს მანქანებზე ვიცვლით: „ან არადა, ჩვეულებრივი მატყუარის სტატუსი უნდა მოირგოთ. ჩემი ახალი მანქანის ფერმა მოგჭრათ თვალი, ალბათ, ხო? მარკებს ვერ ვარჩევ და ეგებ ისიც იცით, რა მარკის მანქანა შევიძინე?“ _ დასძენს მშვიდობაძე.

ოპოზიციონერის ბრალდებებს ლანჩხუთის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი დარეჯან ბურჭულაძეც გამოეხმაურა: „მე მყავს მანქანა, მეუღლის საჩუქარია, ოფლით და შრომით შეძენილი. ასე რომ, ბრალდებებს დამტკიცება უნდაა!! თან ოფიციალურ განცხადებას“.

ცნობისთვის, ლანჩხუთის საკრებულოს სხდომებს გასული წლიდან ივნისიდან არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

ასევე წაიკითხეთ: „შენც გადასულიყავი „ოცნებაში“ და ოცნებებსაც აიხდენდი ზოგიერთებივით“ – ჯუმბერ ბლაგიძეს თხოვენ, ბრალდება დაადასტუროს და „ტენდერჩიკები“ დაასახელოს (https://shorturl.at/qdr3L)

რას ჩივი?