მაჩხვარეთი კოლორიტს ემშვიდობება… გია ქურიძის იუმორისტული მოთხრობების გმირი – ბაქარა აღარ გვყავს

|

Loading

ბაქარ წილოსანი

მაჩხვარეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ _ გარდაიცვალა სოფლის კოლორიტი, კეთილშობილი კაცი _ ბაქარ წილოსანი.

მას სოციალურ ქსელში თანასოფლელები და ახლობლები ემშვიდობებიან.

„ყველაზე მწარე სულის ტკივილია, როცა დაკარგავ ადამიანს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება გაატარე. გისამძიმრებთ, ბიჭებო, ვუსამძიმრებ კუთხეს, ოჯახს… მეც ძალიან მტკივა ჩემი ბაქარა… ჩემი ოჯახის დიდი გულშემატკივარი… უფალს ებარებოდე, ჩემო ძმაო, შეხვედრამდე“ _ წერს ნათია ურუშაძე.

ქეთა ქურიძე: „ზუსტად ორი დღის წინ დამესიზმრა, კახა (ქურიძე – რედ.) უხდიდა დიდ დაბადების დღეს მაჩხვარეთში, ჩვენი სახლის ეზოში, ყველანი იქ ვიყავით… დათო და კახა ჩხუბობდნენ, ტორტს ვინ ჩააქრობინებდა, კახამ ჩააქრობინა… ჩემი ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი გამომეცალა ხელიდან“.

ბაქარა მთელმა ლანჩხუთმა შეიყვარა…

„საუკეთესო ადამიანი დააკლდა ლანჩხუთს, უბანს, სამეგობროსა და საახლობლოს. გისამძიმრებთ. ნათელი მის სულს“ _ წერს მანანა ათოიანი.

ნინო გოშაძე: „სულის და გულის ტკივილი ხარ, ყველასთვის უწყინარო ადამიანო, ერთგულო და უღალატო, სამეზობლოსთვის და სამეგობროსთვის, ყველას თანაგიგრძნობთ, უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი”.

ბაქარ წილოსანი იყო უნიჭიერესი ლანჩხუთელის, რეჟისორისა და ჟურნალისტის, გია ქურიძის იუმორისტული მოთხრობების გმირი, ვისზე იმდენ სიყვარულს, მოფერებას და პატივისცემას ატევდა თითოეულ ჩანახატში, გასაკვირი სულაც არაა, რომ ბაქარ წილოსანის გარდაცვალება მხოლოდ მისი თანასოფლელების ტკივილი არაა, ალალი და კეთილი „ბაქარა“ ხომ წლების მანძილზე მთელმა ლანჩხუთმა შეიყვარა…

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ბაქარ წილოსანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, თანასოფლელებს, მთელ ლანჩხუთს.

რას ჩივი?