ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული… მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს _ მთავარია ბურთი გავარდეს!

|

Loading

მთავარია ლელო გავარდეს!

ლელო მხოლოდ გურიაში, კონკრეტულად კი ლანჩხუთის სოფელ შუხუთშია შემორჩენილი. მსოფლიომ მრავალი ასეული სახის ბურთაობა იცის, მექსიკელი ტოლტეკებიდან დაწყებული აფრიკელი ბუშმენებით დამთავრებული, ყველა ბურთს თამაშობს, მაგრამ შუხუთის ლელო მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. სოფლის ცენტრში ვარდება ბურთი და ზემოურები და ქვემოურები ეპაექრებიან ერთმანეთს, ანუ სოფელი ორად იყოფა, მთელ ლანჩხუთთან ერთად ჩამოსული სტუმრებიც ერთვებიან _ დასავლეთით მეზობელი ქალაქების წარმომადგენლები ქვემო შუხუთლებს ეხმარებიან, ზემო შუხუთლებს კი _ აღმოსავლეთით მცხოვრებნი. მათ შესაბამისად, საკირიესა და საჭინკიეს ღელეები უნდა გადალახონ. 16-კილოგრამიანი ბურთი, რომელიც საგანგებოდ იკერება და დაახლოებით 150-200 ლარი ჯდება, სოფლის ცენტრში აღდგომა დღეს, ზუსტად 17 საათზე ვარდება…

„თენდება აღდგომის დილა. ღამენათევი სამწყსო ტაძრიდან გამოდის. ზოგი მართლა მორწმუნეა, ზოგსაც უნდა იყოს მორწმუნე, ზოგიც კიდევ სახელად არის მოსული, ზოგი ბოლომდე უძლებს ლიტანიას, ზოგიც _ ვერა. სოფელი ასეთია. დილიდან კი სოფელი იცვლება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა ამინდია. ისე, არ მახსოვს, რომ წვიმა ყოფილიყო ამ დღეს. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს. მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის დიდობის ოცნება. შუათანა თაობას კი სისხლი ნელ-ნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ თამაშობს და ვინ არა. მთავარია, ლელო გავარდეს. ცუცუკა მასწავლებლის შეძახილი ჰყოფნიდა სოფლის ვაჟკაცებს შიშის გადასალახავად, რომ შუა ლელოში შესულიყვნენ. ულამაზესი ქალბატონი ცუცუკა ფიზკულტურის მასწავლებელი იყო და არა, ბიჭო, კურდღლებს დააგლეჯინებდა თავს? შუა ლელოში შესული არც ერთ მამაკაცს ტოლს არ დაუდებდა. სხვანაირად არ იფიქროთ, ლელოში ქალი და კაცი არ არსებობს, იქ მხოლოდ ვაჟკაცები თამაშობენ. იქ მხოლოდ გოლიათების ბრძოლაა. 90-ს იყო მიტანებული კოსტა ორაგველიძე, ლელო წელს მე უნდა გავაგდოო, იძახდა. უარს ვინ ეტყოდა. რაც სოფელს ახსოვს, კომუნისტების დროსაც კი კოსტა იყო ლელოს შემნახავი და უბადლო მოთამაშე. კოსტამ გააგდო იმ დღეს ლელო და ნეკნიც ჩაიმტვრია. საავადმყოფოში გონზე რომ მოვიდა, პირველად ის იკითხა _ ლელო საით წევიდაო. რომ უთხრეს, მეიგეო, აწი სიკვდილით შეიძლებაო, უთქვამს _ იხსენებს შუხუთის კოლორიტი, ლელოს დიდი გულშემატკივარი და თავადაც ლელობურთელი თამაზ იმნაიშვილი.

ვის გითამაშიათ ლელო? ვინ შესულხართ შუა წრეში? ისევ თამაზ იმნაიშვილი გვიამბობს:

„სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთად აზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და ხანდახან კბენაც მოდის ლელოში. ჭაბუკობაში ვთამაშობდი ლელოს. ვიღაცის იდაყვი ჩემს ნეკნებს ისე აწვებოდა, რომ კინაღამ სული გამძვრა. ბევრი არც მიფიქრია, პირდაპირ ხელზე ვუკბინე. ყვირილი გავიგე, რას მიშობი, ბიჯო, ანიეს ძმაკაცი ვარო. ანიე მამაჩემის შინაურული სახელია. ამ თამაშში ნეკნი გამებზარა. ვისაც არ გითამაშიათ, ვერ გაიგებთ. სიმთვრალეც მოდის ხანდახან. აბა სულ მთლად ფხიზელი აბდალაი უნდა იყო, კაცი იქ რომ შეხვიდე. მთელ თამაშს ერთადერთი წესი აქვს მხოლოდ, ისიც მხოლოდ წმინდა რაინდული. თუ ვინმე წაიქცა, თამაში ჩერდება. წაქცეულს არავინ ერჩის“.

ტრადიციულად, მამა საბას გამოაქვს ეკლესიიდან 16 კილოგრამიანი ბურთი

_ იცით რა არის ლელო? არა, ლელობურთი არა, არაფერი შეგეშალოთ. ლელო და მხოლოდ ლელო.

ისევ თამაზ იმნაიშვილი გვიყვება: „რომ იცოდეთ, ჰასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, მაგის სახელზეა დაწერილი ხასანბეგურა და მაგის სახელზეა ლელოს თამაშიც შუხუთში. ისტორიას ასე შემოუნახია ეს ბრძოლა: გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო.

არავინ იცის დანამდვილებით, საიდან მოდის ეს თამაში და საიდანაა მისი ფესვები. ლელობურთი გურიაში ოდითგანვე განთქმული თამაში იყო, შუხუთის ლელო კი, როგორც ჩანს, ერთი განსაკუთრებული მოვლენისადმი მიძღვნილი რიტუალია. პირდაპირი მამტკიცებელი საბუთები არ არსებობს, მისი წარმოშობის შესახებ მხოლოდ ვერსიები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ და ამისთვის საუკუნენახევრის წინანდელი ერთი განსაკუთრებული ბრძოლა უნდა გავიხსენოთ. 1855 წლის ზაფხულში, ქობულეთის ბეგლარ-ბეგი ჰასან-ბეგ თავდგირიძე თავისი 9-ათასიანი ლაშქრით გურიას შემოესია. ეს ბრძოლა რუსეთ-თურქეთის ომის ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. თავდგირიძემ ქაქუთის გავლით ოზურგეთი გამოიარა და ნიგოითში მაჭუტაძეების სასახლისკენ მიმართა საკუთარი არმია. ისტორიის მიხედვით, მთავარი ბრძოლა შუხუთფერდთან მომხდარა, შუხუთის ამჟამინდელ ცენტრში, ცაცხვებთან. ერთ მხარეს 9-ათასიანი თურქული ჯარი, ხოლო მეორე მხარეს კი 2500-კაციანი გურული მხედრობა იდგა. სასტიკი მარცხი აგემეს გურულებმა თავდგირიძის ჯარს. თვით ჰასანბეგი აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ბრძოლაში ხმლით აჩეხა და მოკლა, ხოლო დარჩენილი ჯარის ნაწილებს ჩოლოქამდე სდიეს გურულებმა. ჰასანბეგ თავდგირიძე გურიის სისხლი და ხორცი, აკეთის მკვიდრი იყო და შემდეგ გამამლუქებული ოსმანთა იმპერიის წარჩინებული გახდა. ბრძოლაში დაღუპული ჰასანბეგ თავდგირიძე ისევ მისმა სისხლმა და ხორცმა, გურიის ქრისტიანმა და ქობულეთის გამუსლიმანებულმა გურულებმა ერთად დაასაფლავეს და დიდი პატივიც მიაგეს. ხალხმა კი ამ დიდ მოვლენას ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი შედევრი, სიმღერა _ „ხასანბეგურა“ მიუძღვნა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი და მისდამი მიძღვნილი თამაშია შუხუთის ლელო. როგორც ამ ბრძოლის ისტორიაშია აღწერილი, სულ ხელის კვრითა და მიწოლით გადაყარეს გურულებმა თათრის ჯარიო, ასე ხელის კვრითა და მიწოლით ხდება ლელოს თამაშიც. იმ ომში, ბედის უკუღმართობის გამო მრწამსშეცვლილი ქართველები იდგნენ მეორე მხარეს. ლელოშიც ორივე მხარეს ერთი სოფლის მკვიდრები თამაშობენ. როგორც ჰასანბეგი დაასაფლავეს ერთად სხვადასხვა მხარეს მდგომმა ქართველებმა და ამით ერთად მიაგეს პატივი საკუთარ სისხლსა და ხორცს, ისე ლელოშიც, ლელოს ბურთი მიცვალებულის საფლავზე როდესაც მიდის, ბურთს წაგებულიც და მოგებულიც მიაცილებს. საფლავზეც ერთად ეუბნებიან შესანდობარს და ერთად უნთებენ სანთელს.

ჰასანბეგის 9-ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ჰასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოჰყავს.

ლელო ომია იგივე, თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი. ლელოს ეგო მხოლოდ ერთია. ისევ იმ ბრძოლიდან გამომდინარე. შუხუთთან ომში ერთ მხარეს ქრისტიანი გურულები იდგნენ, მეორე მხარეს გამუსლიმანებული ძმები. ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობდა. ორივე მხარეს მხოლოდ გაუკუღმართებული ბედიღბლის საქართველოს შვილები იყვნენ. წარმოშობით აკეთელი ჰასანბეგი მისმა ალალმა ბიძაშვილმა და მის წინააღმდეგ მებრძოლმა, ყარამან თავდგირიძემ დამარხა და დაიტირა კაცურად:

ჩემი ძმაი ჰასან-ფაშა, თავმოჭრილი დევინახე, რადგან ძმაი იყო ჩემი, ვაიმეო, დევიძახე. ბოლოს მაინც მე დავმარხე.

ლელოში ნებისმიერი მოგებული მხარის ერთადერთი პრიზი სოფლის ახალგაზრდა  გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე ატანილი ლელოს ბურთი და მისი შესანდობარია. ეს ქართული რიტუალია სისხლსა და ხორცში გამჯდარი. ამ რიტუალის სულს მხოლოდ ლელოს თამაშიშას გაიგებთ.

რას ნიშნავს ქართული სული ერთ პატარა სოფელში, რომელსაც შუხუთი ჰქვია“

გვესაუბრება კიდევ ერთი კოლორიტი ლელობურთელი ჯემალ დიასამიძე:

_ ბურთაობა, როგორც ჩანს, ჩვენთან ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობდა და ეს დიდმა რუსთაველმაც ასახა თავის „ვეფხისტყაოსანში“: „მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერე ვიბუთო მოედანს მინდორით შემოქცეულმან“. მეფე როსტევანს კი უთქვამს: „ღმერთმა არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა“.

_ თამაშობის „სამშობლოდ“ რომელი ქალაქი ითვლება?

_ ჩოხატაური. ძირითადად, საასპარეზო ცენტრებად ფოთი, ბათუმი, კულაში, ხონი, ლანჩხუთი, სენაკი, ზუგდიდი და ქუთაისი ითვლებოდნენ.

_ კომუნისტები ლელოს 1-ელ მაისს ატარებდნენ, ადრე რა ტრადიცია იყო?

_ რაც შეეხება შერკინების დღეებს, ისინი უმეტესად აღდგომის, მარიამობის, გიორგობის საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვეოდა. თვით შეხვედრების გამართვას არ სჭირდებოდა სპეციალურად აგებული მოედანი. თავად მოთამაშენი ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ზემოურებად და ქვემოურებად, ცოლიანებად და უცოლოებად. მათი რაოდენობა განსაზღვრული არ იყო, არც ბურთის წონა, ისე ზოგჯერ 12 კილოგრამსაც აღწევდა. მსაჯის ფუნქციებს სოფლის თავკაცები, სასულიერო პირნიც ასრულებდნენ. დაპირისპირება შუადღისას იწყებოდა და დაბინდებისას მთავრდებოდა, ზოგჯერ დილამდეთ გასტანდა.

აი, ნახეთ, რას წერს გაზეთი „ივერია“: `1881 წელს ფოთში, აღდგომის დღეს ავარდა ბურთი. ისევ მეგრელები და გურულები გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მეგრელები, რა თქმა უნდა, მეტნი იყვნენ. შებინდებისას ვინმე მ. გაბელიამ ლელო გაიტანა. მეგრელები იმ დღეს გათენებამდე ზეიმობდნენ გამარჯვებას“. „ივერია“ 1889 წელს გვამცნობს: „ქვემო იმერეთში, სოფელ კულაშში ერთ დროს საუკეთესო თავად მიქელაძეების საცხოვრებელში გაიმართა ბურთაობა, ლელობურთი. თამაშში მონაწილეობას დაახლოებით 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი იღებდა. მჭვრეტელნი, რასაკვირველია, ათი იმდენი იქნებოდა. თამაშმა აქაც დილამდე გასტანა“.

_ ლელოსა და რაგბის მსგავსებაზე რას იტყვით?

_ მართლაც ბევრი მსგავსებაა ამ ორ თამაშს შორის, თუმცა განსხვავებულია თამაშის მანერით, ხერხებით, მოქმედების ხასიათით… რაგბი და ლელო უფროს-უმცროსი ძმები არიან.

_ ლელო მოედნებზეც ხომ იმართებოდა?

_ შემდეგ წლებში ლელო უფრო დაიხვეწა და ფეხბურთის მოედანზე გადაინაცვლა. წესებიც შემუშავდა. 1972 წელს სახელმწიფო განაწილებით აფხაზეთში, კერძოდ, გალში გამიშვეს მასწავლებლად. იმავე წელს მიმიწვიეს აფხაზეთის ლელობურთელთა ნაკრებში, რომელიც ძირითადად, გალელებით იყო დაკომპლექტებული. პირველ ბურთზე ამსვლელი ვიყავი და მახსოვს, როგორ ნადირობდნენ ჩემზე უხეში ხერხებით.

ექვსჯერ მაქვს ნათამაშევი ფინალში, მაგრამ ჩოხატაურთან ყოველთვის დავმარცხით. არაჩვეულებრივ, გააზრებულ, კომბინაციურ ლელოს თამაშობდნენ. ქუთაისის „აია“ მაშინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო რაგბიში, მაგრამ ჩოხატაურს მაინც ვერ მოუგო.

ისევ თამაზ იმნაიშვილი: „მაგარი ბიჭები და გოგოები ხართ? მე თქვენ გეკითხებით, მაგრები ხართ? მაშინ აღდგომას შუხუთში ჩამოდით და ლელო ითამაშეთ, მაშინ მიხვდებით, სამშობლოს სიყვარულს თუ გრძნობთ. აღდგომას გელით შუხუთში, ვისაც გული და ძალა გერჩით. თქვენი ოფლის სუნით გაჟღინთეთ ლელოს როკვა… და როცა გულს იჯერებთ ნამდვილი ლელოთი, ძვალ-რბილიც დაგეჟეჟებათ თამაშისას. მერე ლელოს ბურთს გაჰყვებით უკან ანთებული სანთლებით და სულთათანას ეტყვით მიცვალებულის საფლავს. მაშინ იგრძნობთ, თუ რას ნიშნავს ქართული სული ერთ პატარა სოფელში, რომელსაც შუხუთი ჰქვია“.

სოფელში არის სახლი, სადაც ლელოს ბურთი იკერებოდა, დღეს კი არავინ ცხოვრობს და ოჯახში ჟრიამული წელიწადში ერთადერთხელაა, აღდგომა დღეს და ისიც, თუ ქვემოურებმა მოიგეს…

თუმცა ვინ მოიგებს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს.

მთავარია ლელო გავარდეს!

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?