ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით, ბახმაროს, როგორც სამკურნალო ადგილის აღმოჩენა უკავშირდება მწყემსებს, რომლებიც უძველესი დროიდან მაღალი მთის კალთებზე თავიანთ საქონელს აძოვებდნენ. საძოვრის სეზონი იწყებოდა მაისიდან, როცა ბარში ხვნა-თესვა იწყებოდა და გრძელდებოდა სექტემბრამდე, რა დროსაც უკან მოერეკებოდნენ გავა-გასწორებულ და ჩამრგვალებულ საქონელს.
„ყოველივე ამას პირველმა ყურადღება მიაქცია ოზურგეთის მაზრის ექიმმა არტემ დავიდიანცმა, რომელიც 1875 წლიდან მსახურობდა ოზურგეთში და ჰყავდა მრავალი ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. თავადაც იყო დაავადებული ტუბერკულოზით. თავიდან, დავიდიანცი პაციენტებს სამკურნალოდ აგზავნიდა აბასთუმანში, სურამში და სხვა კურორტებზე მანამ, სანამ ნაცნობი მწყემსებისგან არ გაიგო, რომ მათ ციებისგან იცავდა აჭარა-გურიის მთებზე ზაფხულის საძოვრებზე არსებული ჰავა. მან 1892 წელს ქრონიკული ციებით დაავადებული რამდენიმე პაციენტი გაგზავნა აჭარა-გურიის მთებში. შემდეგ წელს კი გაგზავნა უფრო მძიმე ავადმყოფები, რომლებსაც ციებასთან ერთად ტუბერკულოზიც ჰქონდათ (დიმიტრი ქიქოძე, ძმები ნესტორ და მ. კონტრიძეები, ი. საბაშვილი).
დავიდიანცმა აღმოაჩინა, რომ პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელებული დაბრუნდა. ამის შემდეგ თავად დავითიანცმა მაზრის უფროსს სთხოვა ჩაფრები და მათთან ერთად გაემართა გურიის მთებში, მოიარა ისინი და ყველაზე მეტად მოეწონა ბახმარო. მანამდე მწყემსები ჩერდებოდნენ პატარა ბახმაროდ და ბაისურად წოდებულ ადგილებზე. დავიდიანცმა ბახმაროში თავისთვის პატარა სახლი ააშენებინა და გურულებს ურჩია, დაეყოთ ბახმარო უბნებად და აეშენებინათ იქ სააგარაკო სახლები.
1894 წელს ბახმაროში უკვე იდგა საზაფხულო სააგარაკო სახლები და ისვენებდნენ ადგილობრივები.
1895 წელს დავიდიანცი ექიმ ვადაჭკორიასთან, ბერეჟიანთან და ი. ძიძიშვილთან ერთად კვლავ იმყოფებოდა ბახმაროში. ექსპედიცია ბახმაროში დარჩა (ძვ. სტ.) 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე. ამავე წელს 100-მდე მოაგარაკე ეწვია ბახმაროს. მეტწილად ეს იყო გურიის ინტელიგენცია. 1896 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია. მისი აღწერით, იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. 1896 წლიდან ბახმარო და მისი მიწები სახაზინო საკუთრებაში გადავიდა. კურორტს მართავდა ბახმაროს კოოპერატიული საზოგადოების გამგეობა.
საოცრად დიდი შრომა აქვს გაწეული ბახმაროზე ბატონ ვიქტორ შარაშენიძეს, რომელიც 1919-22 წლებში ლანჩხუთის მერიაში მუშაობდა, 1922-23 წლებში კი კურორტ ბახმაროს დირექტორად, ხოლო 1933 წელს, როგორც პირველი ქართველი ექიმი-ორთოპედი უმაღლესი განათლებით და მაღალი კვალიფიკაციით დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის პირველ საავადმყოფოში ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ორთოპედ-ტრავმატოლოგად, ამავდროულად, მუშაობდა საკურორტო-სამმართველოს სამთო-სანიტარული ინსპექტორის თანამდებობაზე.
ბატონმა ვიქტორმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი კურორტ ბახმაროს არათუ სახელწოდების წარმოშობის გამოკვლევას, არამედ მისი განუმეორებელი სასიკეთო თვისებების დადგენას შეალია, როგორც მკურნალმა. მისი სამსახურეობრივი მოღვაწეობა კურორტში პირველი სამანქანო გზის შეყვანას უკავშირდება. მისეული მუყაითობით ადგენს მოხსენებას მთავრობის სახელზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბახმაროს გზის მშენებლობა ჩქარი ტემპით განხორციელდა.
1922-23 წლებში ბახმაროს კლიმატურ-სამკურნალო პირობების შესასწავლად ბახმაროში მუშაობას იწყებს ხარკოვის ორტოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამედიცინო ექსპედიცია პრფ. სიტენკოს ხელმძღვანელობით, რომლის კვლევებითაც დადგენილ იქნა ძვალ-სახსართა ტუბერკულოზით და ფილტვებით დაავადებულთათვის კურორტ ბახმაროს უაღრესად დადებითი გავლენა, ამას ემატებოდა კვების ის მრავალფეროვნება, რომელსაც ბახმაროში მოზამთრე მეჯოგეები სთავაზობდნენ ავადმყოფებს.
სნეულებს ტოვებდნენ მთელი ზამთრის განმავლობაში და აღწევდნენ განსაცვრიფებელ შედეგებს. სამეცნიერო ჯგუფი მოითხოვდა საავადმყოფო-სანატორიუმის აგებას, სადაც ავადმყოფობით დასუსტებული ორგანიზმი გაუმკლავდებოდა იმ ვერაგ დაავადებას, რომელიც ტუბერკულოზის სახელს ატარებს. ამ ჯგუფის აქტიური წევრი გახლდათ ექიმი გავრილენკო, შემდეგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად ბახმარო 1923 წელს გამოცხადდა. დაიწყო მისი სამეცნიერო შესწავლა და პოპულარიზაცია. ბახმაროს კურორტად გამოცხადებაში დიდი როლი შეიტანა ექიმმა ა. ინგოროყვამ, რომელიც მის მიერ შეგროვებული სამედიცინო ცნობების საფუძველზე ცდილობდა დაემტკიცებინა ბახმაროს სამკურნალო თვისებები და გაეგზავნა იქ სამეცნიერო ექსპედიციები.
ამ მოღვაწეების საპატივცემულოდ ბახმაროში დღესაც არის მათი სახელობის უბნები“ _ ვკითხულობთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების მიერ მომზადებულ მასალაში.

