კოკათში სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი… ბოლოს ესაუბრა 8 საათზე, სახლი ინგრეოდა და ბებია-ბაბუა საქათმეს აფარებდნენ თავს… – უმძიმესი ამბები გურიის სოფლებიდან

|

Loading

გურიის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია

გურიაში დიდთოვლობის გამო ბევრს შეექმნა პრობლემები. ხალხი დახმარებას ითხოვს შემდეგ ლოკაციებზე [25.02.2025 01:00 სთ.-ის მდგომარეობით]:

შრომის თემი / ვაკე _ სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.

შრომის თემი / ვაკე _ ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს.

შრომის თემი / ორმეთი _ მარი ქავთარაძე ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება.

შრომის თემი / ორმეთი _ ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.

სოფ. შრომა _ მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

სოფ. შრომა _ სოფელშია დედა ორი მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები ეწურებათ. სახლის სახურავი არასანდოა. გზა გაუწმენდავია.

სოფ. ზომლეთი _ მაია ძერია-სიხარულიძე წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები.

სოფ. ჯუმათი _ ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.

სოფ. კონჭათი _ ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.

სოფ. ჩოჩხათი _ დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათია თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.

სოფ. ბაილეთი _ ნათია დარჩია წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები.

სოფ. ბაილეთი _ ნანა ქავთარაძე წერს, რომ ავარიულ სახლში ჩარჩენილია ორი ასაკოვანი ავადმყოფი. ითხოვს სახლის გადათოვლას, სიმძიმისგან რომ არ ჩაინგრეს. შუქი არ აქვთ. საკონტაქტოდ ტოვებს ამ ნომერს 595054037, შუქრი ცერცვაძე.

სოფ. კოკათი _ თამარა ღლონტი წერს, რომ სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი. მეზობლები ვერ ახერხებენ სახლამდე მისასვლელად გზის გაწმენდას. საკვები თითქმის გამოელიათ. ტელეფონებიც ყველას დაუჯდა.

ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავრცელდა ლანჩხუთის მერის კომენტარი. „მომხდარი შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით მხოლოდ ის, რომ მეზობელმა თქვა, სახლის ნაწილი ჩამოინგრაო, იქ ცხოვრობდა მარტოხელა, 75 წლამდე მამაკაცი. მეზობელი თვითონაც ვერ გადადის, რათა ნახოს, რა ხდება. მეზობელთანაც უკვე კომუნიკაცია ვერ მყარდება, რადგან ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხვალ დილით, ტექნიკა წავა გზის გასაწმენდად, გაყვება სამაშველო ბრიგადაც და დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება“ _ განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე სარიშვილმა.

[განახლებული, 25.02.2025 11:45 სთ.-ზე]

სოფ. ომფარეთი _ ნინო ლოდია წერს, რომ გასაწმენდია ომფარეთის გზა და დაწყებითი სკოლის აღმართი, ორი ასაკოვანი ქალბატონი ცხოვრობს და სახლის დანგრევის შემთხვევაში გასაქცევი მაინც რომ ქონდეთო.

სოფ. ომფარეთი _ ლელა გაგუას განცხადებით, მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა. კონკრეტულად ასაკოვანი ცოლ-ქმარი, ოტია და მზიული ხომერკეები საჭიროებენ სასწრაფოდ დახმარებას, გია ხომერიკი დიალეზზეა და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. მოსახლეობის ნაწილი ევაკუაციას ექვემდებარება.

სოფ. კოკათი _ ნინო მარშანიშვილი წერს, რომ ესაუბრა   ერთ-ერთ მაცხოვრებელს და საშინელი სიტუაციაა. თავისიანებს უკვე რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდება, ტელეფონები დამჯდარი აქვთ. ერთი სახლი ჩამონგრეულა და კაცია მოყოლილი, არ იცის ჯერ მდგომარეობა.

სოფ. ხორეთი  _ ჩაწოლილ 90 წლის ბაბუსთან ერთად არიან დები, სახლი ავარიულია და მეორე დღეა კონტაქტი არ აქვს ახლობლებს.

ოზურგეთი _ ნანა ღლონტი ითხოვს დახმარებას გაბრიელ ეპისკოპოსის 4ა-შო, მარტოხელა დედა ორი ბავშვით არის ძველ სახლში და ეშინია, არ ჩამოინგრეს.

სოფ. აცანა _ ლალი ფარჩუკაშვილი წერს, რომ დახმარება ჭირდებათ სოფელში, სადაც დარჩენილია ექვსი 80 წლამდე ადამიანი, რომლებიც ჭიშკრამდეც ვერ ახერხებენ მისვლას.

სოფ. შრომა (ოხოჯური) _ თეო სილაგაძე წერს, რომ ბებოს ვერ უკავშირდება, მარტო ცხოვრობს, სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია, სახურავი გადმოსათოვლი იყო ბოლოს რომ ესაუბრა, ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ უკავშირდება, სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა, გარეთ გასვლასაც ვერ მოახერხებდა. ითხოვს დახმარებას _ 595579449.

სოფ. შრომა (ხრიალეთი) _ მე-4 დღეა ვერ უკავშირდებიან გია გიორგაძის ოჯახს, ჰყავთ თვეების ბავშვი და მოხუცი.

სოფ. შრომუსუბანი _ ქეთევან ორაგველიძე ითხოვს დახმარებას, გამოსაყვანია მისი ასაკოვანი მშობლები. წერს, რომ ყველა შეშინებულია და არსებობს სახურავის ჩანგრევის რისკი.

სოფ. სილაური _ „გურია თუდეის“ დაუკავშირდნენ და ითხოვენ დახმარებას, ადამიანია გარდაცვლილი და ჩასასვენებელიც ვერ ააქვთ სახლამდე, არ არის შუქი, ახალგაზრდებიც არ არიან, რომ დაეხმარონ შვილს, რომელმაც ასვლა გუშინ ძლივს მოახერხა (595 056387, დავით ლომაძე).

სოფ. ასკანა _ მოგვწერეს, რომ 2 მიცვალებული ჰყავთ სოფელში, სახლები ცუდ მდგომარეობაშია და ჩამოქცევის საფრთხეა, მარტოხელები საჭიროებენ დახმარებას.

სოფ. ჩოჩხათი _ თაკო ჯიშკარიანი გვწერს, რომ 5 დღეზე მეტია სანთელიც არ აქვთ ცოლ-ქმარს 10 წლის ბავშვთან და ავადმყოფ მოხუცთან ერთად.

სოფ. ჩოჩხათში _ მარიამ ლომაძე გვწერს, მთამოწამეზე იქნებ მიხედონ ხალხს, პატარა ბავშვებით ჩაკეტილები არიან, გზა, გაზი, შუქი არაა და გზა მაინც გაიწმინდოს, რომ გამოვიდნენ იქიდან და თავს მიხედონ.

რას ჩივი?