ზოია მარგალიტაძის გამოსათხოვარი

|

Loading

,,ცრემლს სად შეეძლო ის ეთქვა, როგორც მე გულში ვტიროდი”…

დიახ! ცრემლი ვერ გამოხატავს იმას რასაც განვიცდი, გულით გლოვა სხვა განზომილებაა…

ვერ ვპოულობ სიტყვებს გრძნობების გადმოსაცემად და გრძნობებს ახალი სიტყვებისთვის…

ჩემს სულს ყველაზე მეტად მათი კვალი ემჩნევა, ვინც ვარსკვლავებივით მომწყდა გულიდან და ამ ცხოვრების სიცარიელეში გაუჩინარდა. ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო ზოია.

მეხსიერების ბარათს ვხსნი…

განათლების განყოფილებაში დაწყებული მეგობრობის ლამაზი ფარდაგის ქსოვას ახალ-ახალ შტრიხებს ვუმატებდით და ბოლომდე განუმეორებელ ღრმაშინაარსიან ესკიზს ვქმნიდით.

დიდი ტრადიციების მქონე წყალწმინდის საშუალო სკოლის დირექტორის მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვარი ათეული წლის მანძილზე უზადოთ ზიდეთ. ყოველთვის მოგვიხაროდა თქვენს სკოლაში მოსვლა, სადაც მუდამ ,,საქმით მეტყველი სული” , სრული წესრიგი და ჰარმონია სუფევდა.

ხელმძღვანელი მუშაკისთვის დამახასიათებელ ყველა დადებით თვისებას ფლობდით, იცოდით აწონილი სიტყვის ფასი. პროფესიული ოსტატობა, პიროვნული ღირსება, ენობრივი დარბაისლიბა, სიკეთე და მათში განივთებული თავმდაბლობა, უბრალოება, კდემამოსილება- აი, თქვენი სავიზიტო ბარათი.

,,ჟამი არს ქვეყანასა ზედა… ჟამი ღვწისა ჟამი შეფასებისა და დაფასებისა. ღვაწლი კეთილი მოიმუშაკე და სულიერმა მყუდროებას დაივანა შენში”…

დიახ! ყველა ეტაპი ღირსეულად გაიარე და უფალს მიეახლე.

,,ცხოვრება საწერი დაფა არ არის. დაწერილს და დახატულს ვერ წაშლი”, წარსულსაც სხეულთან ერთადა ატარებ…

რა ბედნიერებაა, ,,მიდიხარ სახელიანი”,

მიდიხარ ლამაზი, დაულაქავებელი წარსულით, უჩრდილო სახელით, სულის პერანგით -ღირსებით…

მიდიხარ და ტოვებ სამაგალითო ანარეკლს, ღირსეულ შვილებს, სხვათა სიცოცხლის მრავალგზის გადამრჩენლებს, საოცარ, უნიჭიერეს შვილიშვილებს და ამ ლამაზი ჯაჭვის ულამაზეს გამწევ ძალას-მაკასა და ლევანს.

შენი ფუძის გაზაფხული მათქმევინებს: სიკვდილშიც არის ბედნიერება…

მათქმევინებს: ,, რალამაზი ხარ, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა”.

მჯერა, შენს საფლავს მუდამ გაანათებს მკვდრის მზე

სამუდამოდ დარჩები ჩემში.

მიმოზა ბარამიძე

რას ჩივი?